მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის დეტალების გასაჯაროება. მისი თქმით, მას შეცდომად მიაჩნია სასამართლოს მხრიდან დუმილის პოლიტიკა, როდესაც ზეწოლის შემცველ განცხადებებს ევროპარლამენტარები ავრცელებენ.
„სამწუხაროდ, ასე მომიწია, რომ არაერთი ე.წ. გახმაურებული საქმის მოსამართლე ვარ. გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგაც მიდიოდა ენით აუწერელი ზეწოლა და ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების. ასეთი ფორმა ნებისმიერი პირის მიმართ ჩემთვის მიუღებელია“, – აცხადებს ჩხიკვაძე.
მოსამართლე ფიქრობს, რომ ამ შეურაცხმყოფელ სპეკულაციებს მისი რეპუტაციის და ოჯახის მიმართ წერტილს ამ შემთხვევაში აშშ-ს საელჩოს მკაფიო პოზიცია დაუსვამდა, სადაც გარკვევით იქნებოდა ნათქვამი ეხება თუ არა მისი აშშ-ში ვიზიტიდან ჩახსნა ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენს და არის თუ არა ეს სანქცია. თუმცა არ იცის, რატომ ვერ იღებს საელჩოსგან განმარტებებს.