“ქართულმა ოცნებამ” დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია, საკუთარ თავს აჯობეს”, – ასე შეაფასა “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში მმართველი გუნდის უარი რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე.
“ქართულმა ოცნებამ” დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია, საკუთარ თავს აჯობეს. ეს იყო კონსტიტუციით დადგენილი განაწესი, ოპოზიციის დაახლოებით 1/3-მა მოვითხოვეთ რიგგარეშე სესიის მოწვევა, პრეზიდენტი დაეთანხმა ამ ინიციატივას და უნდა გახსნილიყო პარლამენტის სხდომათა დარბაზის კარი და უნდა შემოსულიყო ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. თუ არ იქნებოდა კვორუმი, შემდეგ ვიმსჯელებდით, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადა კონსტიტუციით განსაზღვრულ პროცესს და გვეპატიჟება პროცესში, სადღაც კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში.
სტუმრად ხომ არ მივედით, კაცო, პაპუაშვილთან, სახლში, კარი რომ ჩაგვიკეტა? ეს ხომ კონსტიტუციითაა განსაზღვრული? მაგრამ ამაზეც არ მოდიან, შეეშინდათ. განა ეს სიძლიერის ნიშანია, რომ არ მოვიდნენ სხდომათა დარბაზში.
მარტივ რამეს ვთავაზობდით „ქართულ ოცნებას“, რომ დავიწყოთ პროცესი, გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ და წავიდეთ ევროპული ინტეგრაციისკენ, თუ მართლა იქითკენ მოდიხართ თქვენც, წავიდეთ ერთად. მაგრამ იმ წერილის მერე, რაც ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი უფრო მეტია ამ წერილით, ვიდრე დანარჩენი 11 პუნქტი. ეს წერილი ხსნის ასე რატომ იქცევიან. ასე იმიტომ იქცევიან, რომ მათთვის მთავარი არ არის არც საქართველო, არც ინტეგრაცია და არც მოქალაქის პრობლემა, მათთვის მთავარია სკამი და ბიძინა ივანიშვილი იყოს კარგად. ადრე თავს გვჭრიდნენ ქვეყნის მასშტაბით, რომ ბიძინა ივანიშვილი, მამა – მარჩენალი არის ყველაფერზე მეტი.
რისი შეეშინდათ? რისი და არგუმენტები არ აქვთ, რატომ არ მოდიან დებატებში ჩვენთან ერთად, რატომ არ სხდებიან ნებისმიერ ფორმატში”, – განაცხადა მანჯგალაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.
შეგახსენებთ, პარლამენტის რიგგარეშე სესია აღარ იმართება. როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ითქვა, არ არსებობს დღის წესრიგი, შესაბამისად სხდომა ვერ ჩატარდა.
ამის საპასუხოდ ოპოზიციამ მმართველ გუნდი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რიგგარეშე სესიაზე გასატანი დღის წესრიგი განსაზღვრული იყო.