მომღერალი მებო ნუცუბიძე ეხმაურება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექთნის თანაშემწის მიერ ორი დღის წინ, TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოს ე.წ. ინსტრუქციით – როგორ უნდა „დაწვეს ქალი შენთან“ მისი სურვილის გარეშე. როგორც ცნობილია, კლინიკის ადმინისტრაციამ მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და სამუშაოდ გამოსაცდელი ვადით დატოვა.
“რამდენიმე დღეა, ერთი საშინელი ამბავი მიტრიალებს თავში.
იხუმრო თემაზე, რომ თუ ქალს შენთან ღამის გატარება არ უნდა, შეგიძლია, უბრალოდ ძილის წამლით ან რამე სხვა პრეპარატით გააბრუო და მერე, რაც გინდა ის უქნა, არის დანაშაული. ვინც ამ ფრაზის მერე, იტყვით ან თუნდაც, გაიფიქრებთ სიტყვას – „მაგრამ“, თქვენც დამნაშავეები ხართ.
ხუმრობა შეიძლება ყველაფერზე, სანამ ეს ხუმრობა არ არის ძალადობა, დამცირება და დანაშაული.
ამ ყველაფრის თავი და თავი კი, ისევ ჩვენი საყვარელი ფრაზაა: „კაცია რა, რა ქნას?“
როდემდე უნდა ვამართლოთ ჩვენი ცუდი საქციელი, ძალადობა და დანაშაული, რაღაც გამოგონილი ბუნებრივი მოთხოვნილებებით?
როდემდე უნდა მივაწებოთ ერთმანეთს რაღაც „იარლიყები“, რომლებიც ხან გასამართლებლად გამოიყენება, ხან კი პირიქით – დასამუნათებლად?
როდემდე უნდა გეგონოთ, რომ ქალი თუ გათხოვდა და მერე ქმარს გაშორდა, მორჩა, ყველასთან დაწვება?
როდემდე უნდა გჯეროდეთ, რომ თუ თქვენი ძმაკაცი ვინმესთან იწვა, მაშინ, ის გოგო თქვენთანაც გაატარებს ღამეს?
როდემდე უნდა გვესმოდეს აბსურდული მოსაზრებები, რომ კაცმა ეს დანაშაული იმიტომ ჩაიდინა, რომ ქალმა გააღიზიანა?
რომ ქალმა გააბრაზა?
დანაშაულის მსხვერპლზე, როდემდე უნდა ისაუბროთ, როგორც დანაშაულის გამომწვევ მიზეზზე?
ქალს მოკლე კაბა ეცვა, ამასაც, რა უნდა ექნა, აღეგზნო რა, და თუ ქალს არაფერი უნდოდა, მერე რა, კაცია რა, რა ქნას?!
ხოდა, აბსურდია რა, კაცურად გეტყვი.
დასაბამიდან დღემდე, ხომ სულ იმისკენ მივისწრაფვით რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობა დავძლიოთ და ცხოველური ინსტინქტები მოვიცილოთ?
მეზობელმა, შეიძლება ისე გაგაბრაზოს, რომ მისი მოკვლა მოგინდეს, მაგრამ არ კლავ ხომ? იმიტომ რომ იცი, რომ ეს დანაშაულია, რომ არ გაქვს სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება. ისიც იცი, რომ სწორედ ეს განგასხვავებს პირველყოფილი ადამიანისგან, რომელიც როცა ვინმეს მოკვლა მოუნდებოდა, უბრალოდ დგებოდა და კლავდა. მაგრამ, საბედნიეროდ, განვვითარდით და აღარ ვკლავთ.
ასე ვისწავლეთ და შევიძინეთ ბევრი სხვა უნარ-ჩვევაც – ბუნებრივი მოთხოვნილებების დაძლევის ხარჯზე: ხელით ჭამის ნაცვლად, დანა-ჩანგალი გამოვიგონეთ; შიშველი სიარულის ნაცვლად, ტანსაცმლით შევიმოსეთ; კონფლიქტების მოგვარება, ცემა-ტყეპის ნაცვლად, დიალოგით დავიწყეთ და სხვა უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოვედით ბუნებრივი მდგომარეობიდან და როგორ დავძლიეთ ის პირველყოფილი ინსტინქტები, რომელიც, მართლა გვქონდა და რომელიც არაფერს კარგს არ მოასწავებდა ჩვენი მომავლისათვის.
ზუსტად ასევე, ველური და აუცილებლად დასაძლევი ინსტინქტია, ძუძუების დანახვაზე სისხლი თავში რომ გასხავს, თან იმ დონეზე, რომ მზად ხარ იძალადო, სურვილის საწინააღმდეგოდ მივარდე, ხელები უფათურო, აკოცო, გახადო, თუ მაინც არ გნებდება, დაარტყა, ცემო, გათიშო, დაეუფლო.
ხოდა, თუ მაინც ვერ ერევი საკუთარ თავს, საკუთარ „კაცურ“ ინსტინქტებს, ცუდი ამბავი მაქვს შენთვის: ჩვეულებრივი დამნაშავე და კრიმინალი ხარ, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარ თავში არსებული პირველყოფილი ადამიანის დამარცხება
და შესაბამისად, ამის გამო, სასჯელსაც იმსახურებს, რადგან საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი სიმშვიდისა და კეთილდღეობისათვის.
„კაცია და რა ქნას“, აბსოლუტურად არაფერს არ ამართლებს. უფრო მეტიც, ის ვინც ამ ფრაზას ამბობს, ისიც დამნაშავეა და მასაც მიუძღვის ლომის წვლილი იმ ცუდ ამბებში, ჩვენ გარშემო რომ ხდება.
და საერთოდაც, დედამიწის ზურგზე არ არსებობს არაფერი, არანაირი მიზეზი, რაც ჩვენს უსაქციელობას გაამართლებს, ძალადობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
და თუ ჯერ კიდევ ვერ ისწავლე, რომ ერთი ადგილის ნაცვლად ტვინით უნდა იმოქმედო და მიიღო გადაწყვეტილებები, მით უარესი შენთვის.
უბრალოდ, მზად იყავი, რომ შენს ყველა ქმედებას აუცილებლად გაეცემა შესაბამისი პასუხი, რადგან ჩვენ, ადამიანებს, გვინდა ისეთი საზოგადოება, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება აგებული და სადაც, პირველყოფილი მოძალადეების ადგილი არასდროს არ იქნება”, – წერს მებო ნუცუბიძე.