PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს შესამჩნევია საერთაშორისო ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა. 2019 წლის პანდემიამდელ ნიშნულებზე დაბრუნება ეტაპობრივია და ჯერ არ არის მიღწეული, რადგან 2022 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტებმა 387 781 შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი მაჩვენებლის ნახევარზე მეტია (53%).
„2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტების 53% საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე მოდიოდა. 2022 წლის იანვრიდან მაისამდე თურქეთი იყო საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების უმსხვილესი წყარო. თუმცა, 2022 წლის ივნისში რუსეთის წილი მთლიან ვიზიტებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და გადააჭარბა თურქეთისა და სომხეთის წილებს. კერძოდ, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობამ 90 239-ს მიაღწია, რაც 2022 წლის ივნისი მთლიანი ვიზიტების 23%-ია. 2022 წლის წინა ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელს (15%) 8 პროცენტული პუნქტით აღემატება. 2022 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო ვიზიტების სხვა მნიშვნელოვანი წყარო ქვეყნები იყვნენ: ისრაელი (საშუალო წილით 6%), უკრაინა (4%), ყაზახეთი (3%), ბელორუსი (3%), ირანი (3%), და საუდის არაბეთი (2%).
2022 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში რუსეთი ლიდერი ქვეყანა იყო უცხოური მოგზაურობიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის წილით. კერძოდ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან სამოგზაურო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა (2022 წლის მარტში 2022 წლის თებერვალთან შედარებით 29,1%-ით). 2022 წლის მარტში, ბელარუსიდან სამოგზაურო შემოსავლები, წინა თვესთან შედარებით, მკვეთრად 552%-ით გაიზარდა და შემდეგი სამი თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დაბალია, შესაძლოა დავასკვნათ, რომ საქართველოში შემოსული ბელარუსების დიდი ნაწილი ქვეყანაში ხანგრძლივი ვიზიტითაა ჩამოსული. საბოლოოდ, უცხოური მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდის ორი ძირითადი წყარო, აღნიშნულ პერიოდში, რუსეთი და ბელარუსი იყო. გარდა ამისა, 2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან შემოსული სამოგზაურო შემოსავლები“,- ნათქვამია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში.