LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საინვესტიციო პირობები კარგია, თუმცა, კომპანიები ქართული სასამართლოს მიმართ ნდობის ნაკლებობაზე მიუთითებენ – რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

51
Untitled design

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო პირობებზე და აღნიშნულია, რომ ზოგადად, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები ქვეყანაში კარგია და საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის კარგად პოზიციონირებს, თუმცა, იზრდება ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ – განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად.

“ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმეები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში გრძელდება. სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ხარვეზებს, ეფექტიანი ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას, პოლიტიკურ ჩარევაში ბრალდებებს, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებას, მათ შორის კომერციულ კანონებს და სირთულეების გადაჭრას.

ასევე არის დავები საკუთრების უფლებებზე. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მოწინავე პოზიციაზეა, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი.

შეერთებული შტატები და საქართველო მუშაობენ ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდაზე მაღალი დონის დიალოგისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ეკონომიკური, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის მეშვეობით”, – აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კოვიდპანდემიამ წარსული მიღწევები შემოატრიალა და მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ეროვნულ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზეც:

“საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი კოვიდპანდემიის პირველ ტალღას, ინფიცირების მაჩვენებელი 2021 წლის მეორე ნახევარში გაიზარდა, რამაც აიძულა მთავრობა, მიეღო რიგი შეზღუდვები, რომლებმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ აქტივობაზე.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა და აჩვენა ძლიერი ზრდა, 10.4%-ით მეტი, ვიდრე 2020 წელს”, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზეც:

“მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. 2016 წელს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის აშენების ხელშეკრულება საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის ამერიკულ კომპანიას გადასცა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ ჯგუფთან კონტრაქტი შეწყვიტა, რის შედეგადაც ინვესტორთან სამართლებრივი დავა წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

ლოჯისტიკის და პორტების მართვის კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს საქართველოს უდიდესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა ღრმაწყლოვანი პორტის შექმნის გეგმები გამოაცხადა. 2021 წელს ლოჯისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში”, – აღნიშნულია ანგარიშში.

mazda magti 5g