სამხედრო საინფორმაციო ფეისბუქ გვერდი “საქართველოს თავდაცვა” 18 წლის გმირის ნიკა ყალაბეგიშვილის შესახებ წერს.
„ნიკა ყალაბეგიშვილი ომში რომ წავიდა, 18 წლის იყო. ნოემბერში 19-ის უნდა გამხდარიყო. დნმ-ის პასუხის თანახმად, მის ცხედარს ზემო ნიქოზში მიაკვლიეს, სადაც 8 აგვისტოს დაბომბვისას დაიღუპნენ ბიჭები.
გმირობამდე სულ ერთი მტკაველი სიცოცხლე განვლო.. 18 წელი.
მის თავგადასავალში გმირობამდე არაფერია უჩვეულო, გამორჩეული. წყნარი, ჩუმი ბიჭი ყოფილა. უყვარდა კომპიუტერი, კითხულობდა წიგნებსაც. ბოლოს კარატეთი დაინტერესებულა, ყიდულობდა წიგნებს, კითხულობდა, მერე ერთი წელი ვარჯიშობდა კიდეც კარატეში. ეს იყო ჯარში წასვლამდე“, – აღნიშნულია ფეისბუქ პოსტში.