„მე ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს, მაგრამ ახლაც მივიჩნევ, რომ ყველაზე სწორად მოვიქეცი, ეს ვითარება ჩემს ცხოვრებაში ხელმეორედ რომ გაჩნდეს, მე ისევ ასე მოვიქცევი“, – განაცხადა ნანიკო ხაზარაძემ „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუში, როდესაც მამამისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.
ნანიკო ხაზარაძემ დაახლოებით ერთი წლის წინ, დემენციით დაავადებული მამა ოჯახურ პანსიონატში მიიყვანა.
როგორც „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ამბობს, ცდილობდა მამისთვის სახლში შეექმნა ყველა პირობა, რათა ამ დიაგნოზთან ერთად კომფორტულად ეცხოვრა [მამამისს], თუმცა ნანიკო ხაზარაძის სიტყვებით, „არ გამოვიდა, რადგან ის მუდმივად ვიღაცას ან რაღაცას ებრძოდა“.
„მამა ნელ-ნელა დამძიმდა, მომვლელი კი ჰყავდა, ვცდილობდით კომფორტულად ეცხოვრა, მაგრამ არ გამოვიდა. გაუსაძლისი იყო მართლა ყოფა. სახლიდან ყველაფერი გავიტანე, რაც მამასთვის საშიში იყო. ბოლოს გასაღებიც წავართვი და გამოვკეტე ადამიანი. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამ დროს მე დავიწყე ძებნა ამ ტიპის სახლების. ჩვენ მდიდარი ფანტაზია გვაქვს და ჩვენი წარმოდგენები არის ის, რაც ვიცით. მე ასეთ სახლებში ბევრად კარგ პირობებს ველოდი. ჩვენი ქვეყანა ამ პირობებს არ აკმაყოფილებს. თუმცა ძალიან კარგ სახლშია მამა, მაგრამ მე მაინც სხვა წარმოდგენა მქონდა ამ ყველაფერზე.
როდესაც მივიყვანე, დამძაბა იმ გარემომ რაც დამხვდა. ძალიან კარგად მიიღეს მამა და იქ ის ძალიან დამშვიდდა. იქიდან არც ერთხელ არ გაქცეულა და მივხვდი, რომ ეს ის არის, სადაც არის მამა. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს.
როცა მამა იქ წავიყვანე, თავიდან ერთი კვირა, ვერაფერს ვგრძნობდი. ჩემი ტელეფონი გაჩერდა ანუ დღეში ათასი ზარი არ შემოდიოდა, რომელიც მთხოვდა, გახარია გამეყვანა სახლიდან, ან მებნებოდა, რომ ია ფარულავა იყო სახლში, რადგან მას ტელევიზიით ხედავდა და ასე შემდეგ… შემდეგ იყო ის, რომ იმოქმედა საზოგადოებრივმა აზრმა. ჩემს შეგრძნებებზე ეს მაინც მოქმედებდა. ახლაც ძალიან მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ვიცი, მამამ იქ უნდა დაასრულოს სიცოცხლე. ვცდილობდი ყველასთვის ამეხსნა, ასე რატომ მოვიქეცი”, – ამბობს ნანიკო.
ნანიკო ხაზარაძე: „ალცჰაიმერის დაავადებამ მამაჩემს ვერ წაართვა მთავარი – ღირსება და განათლება“
როგორც ნანიკო ხაზარაძემ აღნიშნა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების ახსნას ფეისბუკ გვერდზე დადებული პოსტით შეეცადა, თუმცა ამბობს, რომ ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა:
“ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, აგონიაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა.
შემდეგ დავწერე ვრცელი პოსტი. ამას მოჰყვა საშინელი ტალღა ჩემი ნათესავებისგან. ზოგმა ჩემი ფოტო გამოსდო სოციალურ ქსელში წარწერით, რომ ნანიკომ მამა გადააგდო, ჩააბარა, ჩვენ წამოვიყვანთ მას და არ დავუტოვებთ, სასამართლოს გზით წავართმევთ.
მივმართე სასამართლოს, სოციალურ სააგენტოს და ძალიან სწრაფად, მე ოფიციალურად მომანიჭეს მხარდამჭერის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე მამას ვერავინ ვეღარ წამართმევდა.
ნანიკო ხაზარაძე: „სასამართლომ ჩაიარა, სულ რამდენიმე დღის წინ მომანიჭეს მამაჩემის მეურვეობა..“
გარდა იმისა, რომ უნდა მომეგიერებინა ძალიან დიდი უარყოფითი ტალღა, მე დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ მამას არ წამართმევდნენ და ეს სწრაფად გავაკეთე.
ყველაზე ცინიკური რა არის იცით? გავიდა დრო, ყველას დავავიწყდი, როგორც კი გაქრა ლანძღვა, მივხვდი, რომ მამასთან ერთად პანსიონატში ზუსტად იმ ოჯახის წევრების ახლო ნათესავები არიან, ვინც მე მლანძღავდნენ“, – თქვა ნანიკო ხაზარაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ მიცემულ ინტერვიუში.