LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალადობის მსხვერპლ ქალს ეკითხებიან – აქამდე რატომ დუმდი, როგორ ჩერდებოდი მოძალადესთან?” – გოგა ხატიაშვილი მიზეზებზე, რის გამოც ქალი ძალადობას არ ამხელს  

1709
გოგა ხატიაშვილი  goga khatiashvili

უფლებადამცველი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში ექსპერტი გოგა ხატიაშვილი იმ  მიზეზების ნაწილს ასახელებს, რომელთა გამოც ძალადობის მსხვერპლი ქალები მოძალადესთან რჩებიან და ხმამაღლა ვერ ბედავენ საუბარს.

“ხშირად ძალადობის მსხვერპლ ქალს ეკითხებიან – აქამდე რატომ დუმდი, როგორ ჩერდებოდი მოძალადესთან?
თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ძალიან ლოგიკური ახსნა აქვს იმას, რატომ ვერ მიმართავს მსხვერპლი შესაბამის ორგანოებს.

ამ მიზეზს კარგად ხსნის დასწავლილი უმწეობის სინდრომი, როდესაც მსხვერპლი ფიქრობს, რომ ძალადობრივ გარემოში ცხოვრება მისი ხვედრია, ვერაფერს შეცვლის, მოძალადეს ვერსად დაემალება და მოძალადის ყოვლისშემძლეობის განცდა აქვს.

ჩუმად ყოფნის მიზეზებს შორისაა, ასევე:

– მოძალადის მხრიდან შურისძიების შიში. ზოგჯერ, მსხვერპლი ფიქრობს, რომ თუნდაც მოძალადე დააკავონ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოძებნის მას და იმავე ხარისხის ან უფრო მძიმე ძალადობას ჩაიდენს. შურს იძიებს არა მარტო მასზე, არამედ მისი ოჯახის წევრებზე;

– მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულება არის, ასევე ძალადობის სისტემატურად თმენის ერთ-ერთი მიზეზი;

– მოძალადეები კარგი მანიპულატორები არიან. ზოგჯერ, მოძალადე ემუქრება ბავშვების წართმევით და ეს აბრკოლებს ქალს, ვინმეს მიმართოს დასახმარებლად;

– ამ მიზეზებს შორისაა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა. ხშირად მსხვერპლს ვტოვებთ სრულიად მარტოს. ვერც წარმოიდგენთ, როგორი რთულია ხოლმე ქალისთვის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა. ამ დროს, არათუ გვერდით არავინ ჰყავს, ბევრი მას ამტყუნებს კიდეც;

– ინფორმირებულობის ნაკლებობა დაცვისა და დახმარების მექანიზმების შესახებ, სახელმწიფო უწყებების მიმართ უნდობლობა, რადგან მსხვერპლი ფიქრობს, რომ მიმართვის მიუხედავად, მაინც არაფერი შეიცვლება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ არ შექმნას მოძალადეთა დაუსჯელობის ატმოსფერო.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რის გამოც მსხვერპლი დუმილს ამჯობინებს. ამიტომ არის ძალიან არასწორი კითხვის დასმა-აქამდე სად იყავი? ამას ისევ მსხვერპლის დადანაშაულების ეფექტი აქვს. შესაძლოა, თავადაც იდანაშაულებდეს თავს, რომ კვირეები, თვეები, წლები უწევდა ძალადობრივ გარემოში ყოფნა და დიდი დრო დასჭირდა მოძალადისგან გასათავისუფლებლად.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ აბა, ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ როგორ მოვიქცეოდით? მსხვერპლის დუმილი არ უნდა შევაფასოთ იმ ადამიანის გადმოსახედიდან, ვისაც ძალადობრივი გამოცდილება არ ჰქონია. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქალებს ამ ბარიერების მოხსნასა და შემსუბუქებაში.

ახლა ხომ მოგვმართა, ახლა ხომ ალაპარაკდა, ხოდა ახლა დავეხმაროთ, ყოველგვარი დადანაშაულების გარეშე.

ძალიან დიდი გამბედაობის ტოლფასია ძალადობრივ გამოცდილებაზე ლაპარაკი, ხოლო გმირობის ტოლფასია, ვინც მსხვერპლს ამაში დაარწმუნებს და დაეხმარება”, – წერს უფლებადამცველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g