ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს.
მათივე ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არც ერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 100-მდე ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.