LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიანა ისაკაძის წიგნი “მუსიკის ზეიმი-მედიტაციები” გამოცემულია – წარდგენა ფესტივალის „ღამის სერენადები“ ფარგლებში გაიმართა

210
ლიანა

მსოფლიოში ცნობილი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის წიგნი “მუსიკის ზეიმი-მედიტაციები” გამოცემულია. მისი წარდგინება ბათუმი-თბილისის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ფარგლებში ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში  გაიმართა.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ გიორგი ისაკაძე – ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინა ცაგარელი – ფესტივალის დირექტორი, დონარი სამადაშვილი – წიგნის რედაქტორი, ლალი კონცელიძე – ბათუმის მწერალთა სახლის დირექტორი, თინა ღვინერია – თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე, ხელოვნების დოქტორი; ასევე მწერლები,  საზოგადო მოღვაწეები, ლიტერატურული საზოგადოება…

ფესტივალს დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა. სწორედ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელისა და ლიანა ისაკაძის ძმისშვილის გიორგი ისაკაძის ინიციატივითა და ორგანიზებით გამოიცა დიდი მევიოლინესა და დირიჟორის წიგნი – “მუსიკის ზეიმი – მედიტაციები”, რომელიც ფართო საზოგადოებას გააცნობს ლიანა ისაკაძის შემოქმედებას, ბიოგრაფიას, შინაგან სამყაროს, მსოფლმხედველობასა და მის შეხედულებებს სხვადასხვა საკითხების მიმართ.

გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი: “უკვე დიდი ხანია ვაპირებდი და სურვილი მქონდა გამოცემულიყო ლიანა ისაკაძის წიგნი “მუსიკის ზეიმი – მედიტაციები”. იგი წარმოადგენს დიდი ხელოვანის სიცოცხლის კრედოს. მასში ლიანა ისაკაძე გვესაუბრება საკუთარი მსოფლმხედველობის, შეხედულებების, ქრისტიანული სიყვარულის, ჰუმანურობის, ზნეობრიობისა და შემოქმედებითი ასპექტების შესახებ. სწორედ ამიტომ  შედგა ამ წიგნის პრეზენტაცია “ღამის სერენადების” ფარგლებში. ვფიქრობ, ფესტივალს  დიდი საგანმანათლებლო მისია აკისრია და საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. ველით მორიგ შეხვედრებს ჩვენს ძვირფას მსმენელთან უკვე თბილისში.”

ნინა ცაგარელი, ფესტივალის დირექტორი: “ლიანა ისაკაძის არაჩვეულებრივი წიგნი გამოიცა. ვფიქრობ, სამაგიდო წიგნია, რომელიც ყველა ოჯახს დაამშვენებს. ჩვენ ყველამ უნდა გავაგებინოთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, თუ რა დონის და როგორი მნიშვნელოვანი მუსიკოსი ჰყავს საქართველოს. მადლობა ბათუმის მერიას და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.”

თინა ღვინერია, ხელოვნების დოქტორი: “არაჩვეულებრივი გამოცემაა. საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ განებივრებული ასეთი დონის მუსიკოსების მემუარებით. ლიანა ისაკაძე არის უდიდესი მოვლენა, ღვთის მიერ გასაოცარი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანი. მისი ყოველი კონცერტი, ყოველი გამოსვლა სცენაზე იყო დღესასწაული, ამის მომსწრე ვარ პირადად.”

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბათუმში ფესტივალის ორი საკონცერტო საღამო გაიმართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, ფესტივალი 17 და 18  სექტემბერს – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს. წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ საქვეყნოდ აღიარებული კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები: ანდრეს გაბეტა (ვიოლინო, საფრანგეთი) გლორია კამპანერი (ფორტეპიანო, იტალია), ალესანდრო კარბონარე (კლარნეტი, იტალია), მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია), ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები”.

საკონცერტო საღამოებზე აჟღერდება გამოჩენილი კომპოზიტორების  ასტორ პიაცოლას,  ჰენრი პერსელის, ანტონიო ვივალდის ნაწარმოებები. ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, რომელიც მოიცავს დარგობრივ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს. პროგრამის ფარგლებში მოწვეული,  წარმატებული ხელოვანები, თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდა თაობას.

ფესტივალის საგანმანათლებლო ნაწილში ჩართული არიან: არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატი, ანდრეს გაბეტა – საფრანგეთის კონსერვატორიის “Conservatoire de Montbeliard” პროფესორი, ქეითი მაჰანი – პორტ ელისაბედის ნელსონ მანდელას სახელობის უნივერსიტეტის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მოწვეული პროფესორი, გერმანელი კლარნეტისტი საბინე გროფმეიერი, ფაუსტო ტორეფრანკას სახელობის ვიბო-ვალენტიის კონსერვატორიის პროფესორი, ლონდონის სამეფო აკადემიის მიწვეული პროფესორი, ვირტუოზი ბანდონეონისტი იტალიიდან მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ალესანდრო კარბონარე – რომის სანტა ჩეჩილიას აკადემიის პროფესორი და სიენას ჩიგიანას აკადემიის საზაფხულო სკოლის მოწვეული პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო მიმართულების სრული პროფესორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, მუსიკოსი გიორგი შავერზაშვილი, ევროპის პიანისტთა ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში, ჰოლანდიის კამერული მუსიკის ფესტივალის მოწვეული პროფესორი 2001 წლიდან, პიანისტი ნინო ხუციშვილი, საქართველოს სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, კოლაჟის ტექნიკის გამორჩეული ოსტატი, მხატვარ-დიზაინერი ნინო მირიანაშვილი.

ფესტივალის მიზანია არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც ახალგაზრდა ნიჭიერი მოზარდების მხარდაჭერა. ამ მიზნით, წელს დაგეგმილია მასტერკლასები ბათუმსა და თბილისში: თბილისი ,,მშობელთა ხიდი”-ის ცენტრის შშმ მოსწავლეებისათვის ინკლუზიური ვორქშოპი; მასტერკლასები ჩატარდება სამუსიკო  სკოლებისა და უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის .

წლევანდელი ფესტივალის ჩატარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც მუსიკოსებისთვის, ასევე მსმენელისთვის. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების უწყვეტი პროცესის ხელშეწყობა, რაც თავის ასახვას ჰპოვებს ჩვენს ქვეყანაში კულტურულ-სახელოვნებო პროცესების წინსვლისა და სამომავლო განვითარების გზაზე.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან:  ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,ქალაქ თბილისის მერია იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი . ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია კოპანია „არდი“.

ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. პარტნიორები:  ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, კომპანია „ფუდალიანსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“,  კომპანია “სარაჯიშვილი“, „ხომლის მარანი“, მეღვინეობა “თიესვი“, „HOTSALE”-ge პრემიუმ მიმართულება“, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“.

საინფორმაციო მხარდამჭერი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი,  ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, ამბები.ჯი  საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“,“ევორდი“, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“,  გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი fortuna.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g