LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 წლის ასაკში დასრულებული ქართველი მარლონ ბრანდოს ცხოვრება: „მჯერა, ერთ დღეს გეტყვი – გამარჯობა ლევან, მე შენთან მოვედი“

1193
მიკა და ლევან აბაშიძე

ლევან აბაშიძის გარდაცვალებიდან 7 სექტემბერს 30 წელი გავიდა. ლევანი თავის მეგობარ თანამებრძოლებთან ერთად 5 სექტემბერს ღამით აფხაზეთში გაემგზავრა, 6-ში დილით სოხუმში ჩავიდა, ხოლო 7 სექტემბერს ეშერის მისადგომებთან დაიღუპა…

მისი მეგობარი ამბობს :

”მას პირველად ეჭირა ცხოვრებაში ავტომატი და პირველად იყო ომში, ლევანი თავისი ნებით წავიდა აფხაზეთში, რადგან ის თვლიდა, რომ უსამართლობა იყო ის, რომ ის ვარსკვლავის ცხოვრებით ცხოვრობდა მისი თანამემამულეები კი სამშობლოსათვის იღუპებოდნენ“.

 

 

მოგვიანებით, ლევანის დედა მანანა აბაშიძე იხსენებდა:

„საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში, დავმშვიდდი, იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი შინ არ გაჩერდებოდა.

4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა თბილისში და გამომიცხადა: ” დედა მე მივდივარ სოხუმში! ” გავშეშდი.. იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? – ვერაფერი ვუპასუხე. ვიცოდი ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა“..

როცა ლევანი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა თეთრი საღებავით, დიდი ასოებით ეწერა „ლევან მიყვარხარ“,

მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა:

“მე უფრო ძაან მიყვარხარ”,

ყოველ დილით ახალ-ახალი წარწერა ჩნდებოდა “მე ყველაზე ძაან მიყვარხარ”,

და ბოლო წარწერა იყო:

“არავინ არ იცის, მე რა ძალიან მიყვარხარ! .. 

ლევანი 29 წლის გარდაიცვალა. პატარა ასაკის მიუხედავად ბევრი რამის გაკეთება შეძლო.

ლევან აბაშიძე 1963 წლის 22 მაისს დაიბადა, თბილისში. ლევან აბაშიძის მშობლები, მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე, თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ლევან აბაშიძე ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლა ბატონიშვილის შტოდან.

 

1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა…

1980 წელს, თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანათვე, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, გამოჩენილი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში.

ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა.

მათ შორის, აღსანიშნავია ლევანის მიერ განსახირებული მთავარი გმირის როლი უაილდერის პიესაში “ჩვენი პატარა ქალაქი”.

მას შემდეგ ლევან აბაშიძემ ოცამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა.

„გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, „ნაცნობობით“. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს ”რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”.

ჰოდა, აი, მაგ ფილმში მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ “პაპაა” – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი.

 

 

ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროსთან ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა, ალბათ იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი.

საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინდა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა ჯგუფი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში ”ჩვენი პატარა ქალაქი”… – ამბობდა ლევანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

1992 წელს მას ერთდროულად სამ მხატვრულ ფილმში იღებდნენ მთავარ როლებში…

ლევანს უამრავი გოგო ეტრფობა. მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყვნენ გოგონები. მსახიობს სულ რომანები ჰქონდა. მაგრამ ამდენ სასიყვარულო ამბავში იყო ერთი განსაკუთრებული.

მიკაელა (მიკა) სტრიმბიანუ მოლდოველი სტუდენტი თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა.

მიკა 18 წლის იყო, ლევანი 25-ის, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ.

 

 

თავდაპირველად შეყვარებულები ჩუმად ხვდებოდნენ, მერე კი ლევანმა მიკა სახლში მიიყვანა და წყვილმა ერთად დაიწყო ცხოვრება. ისინი ერთად ოთხი წელი ცხოვრობდნენ.

მიკამ ლევანის ოჯახში თეატრალურის დამთავრებამდე იცხოვრა.

მერე კიშინიოვში დაბრუნდა.

ომში წასვლამდე ლევანმა მიკას დაურეკა და უთხრა, რომ როცა თბილისში ჩამოვიდოდა, ყვავილებით დახვდებოდა..

მაგრამ თბილისში ჩამოსვლა მიკას მოუწია რამდენიმე დღეში.

 

ლევანის დედამ მასთან დარჩენა შესთავაზა, მაგრამ მიკამ მოლდოვაში დარჩენა ამჯობინა. თბილისში ხშირად ჩამოდის. ერთ ერთ ინტერვიუში მიკა იხსენებდა მისთვის გულსატკენ მომენტს, როდესაც დასაფლავებაზე ჩამუსულს, პირველი, რაც ლევანის დედამ ჰკითხა, იყო – ბავშვს ხომ არ ელოდებოდა.. ლევანს და მიკას შვილი არ ჰყავთ..

საქართველოში ჩამოსულ მიკას ხშირად ნახავთ დიდუბის პანთეონში, ლევანის საფლავთან, სადაც უსიტყვოდ ზის.

ამბობს, რომ თავის პირველ შეყვარებულს ისევ შეხვდება და ეტყვის, „გამარჯობა ლევან, მე შენთან მოვედი“.

 

ფოტო ზურა ესიაშვილი: „მე ლევან აბაშიძე და მიკა ვიყავით ლიძავაში და გზად, სოხუმშია ეს ფოტო გადაღებული“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g