LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტრო: სამაშველო ვერტმფრენების შესაძენად 50 მილიონი ლარი გამოიყოფა

80
Untitled design (1)

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მიხედვით, სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა და ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა.

„2022 წლის ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 2022 წელს ჩვენ ვიღებთ 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს, ვიდრე ბიუჯეტით გვქონდა დაგეგმილი და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე. ამასთანავე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებით მიიმართება ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, სოციალური და სხვა მიმართულებებით.

დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს დამატებითი თანხების მიმართვას შემდეგი მიმართულებებით:

სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან გავზარდეთ 50 ლარით და განისაზღვრა ყოველთვიურად 150 ლარით, რისი დაფინანსებისთვისაც გამოიყოფა 86 მლნ ლარზე მეტი;

მიმდინარე წელს დაიწყო საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომლისთვისაც გამოიყოფა 40,0 მლნ ლარამდე; ჯანდაცვის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, მათ შორის, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის დამატებით გამოიყოფა 45,0 მლნ ლარი;

მცირემიწიან ფერმერთა სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებით დახმარებისთვის გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი; რთველის დასაფინანსებლად დამატებით – 40,0 მლნ ლარი გამოიყოფა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დასაფინანსებლად დამატებით – 70,0 მლნ ლარი, მათ შორის, 55,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად;

თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცების ბინების მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება;

ვიწყებთ თბილისში პოლიციის ქალაქის მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც 1100-ზე მეტი ბინის მშენებლობა განხორციელდება; სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის მიზნით, გამოიყოფა 50 მლნ ლარი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.