BMG-ის მთავარი რედაქტორი, თელარა გელანტია სოციალურ ქსელში წერს, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს.
როგორც გელანტია აღნიშნავს, ამის მიზეზად პრესასთან ურთიერთობის სამსახურის თანაშრომელმა ჟურნალისტის მხრიდან ბევრი კითხვის დასმა დაასახელა.
“არ ვიცი, რა ვთქვა – საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს!
მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა – სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნინო ცხადაძემ მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ – ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია – უთხრეს და მითხრა). (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს – სხვაზე არ აქვთ პრობლემა)” – წერს თელარა გელანტია.
ჟურნალისტის თქმით, დღევანდელ გადაწყვეტილებას მისი მთავრობის სხდომაზე არდაშვების შესახებ, საკუთარ სიუჟეტს უკავშირებს, რომელიც ეთერში 9 სექტემბერს გავიდა.
“გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმაც (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ”. – წერს გელანტია.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა ფინანსთა მინისტრს ჰკითხეს – რატომ არ დაუშვეს ჟურნალისტი მთავრობის ადმინისტრაციაში და ხომ არ უკავშირებდა ეს ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს.
ლაშა ხუციშვილმა კი განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ჟურნალისტების მხრიდან მიიღო და ამაზე განმარტებები მთავრობის ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს.
„ეს ინფორმაცია თქვენგან მივიღე და ბუნებრივია ადმინისტრაცია გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით – რატომ მოხდა ეს კონკრეტული ფაქტი.
არ მგონია მისი (თელარა გელანტიას) არ შემოშვება ამ კონკრეტულ სიუჟეტს უკავშირდებოდეს, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაცია ამის შესახებ განცხადებას გააკეთებს. კონკრეტულ მედია საშუალებას ფინანსთა სამინისტროსთვის კითხვების დასმის პრობლემა ნამდვილად არ აქვს. არ მგონია ისეთი შეკითხვა იყოს დასმული ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებით, რომელსაც პასუხს ვერ გავცემთ და შესაბამისად, ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ვინმეს ფინანსთა სამინისტროსთან კითხვების დასმა არ შეუძლია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს ამასთან დაკავშირებით მოვისმენთ ადმინისტრაციის განცხადებას და შემდეგ შეიძლება შეფასება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში მომხდარ ფაქტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
ქარტია აცხადებს, რომ ჟურნალისტების მიმართ შერჩევითობა და არათანაბარი მოპყრობა დაუშვებელია.
“2022 წლის 12 სექტემბერს მედიასაშუალება BMG-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის სხდომის გასაშუქებლად ადმინისტრაციის შენობაში შესვლა აუკრძალეს. თელარა გელანტიას თქმით, ადმინისტრაციის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზად მისი მხრიდან „ბევრი შეკითხვის დასმა და კოლეგების შეწუხება” დაასახელა. ჟურნალისტის ვარაუდით, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა 9 სექტემბერს ეთერში გასულმა მისმა რეპორტაჟმა, რომელიც მთავრობის განკარგულებებს ეხებოდა.
ქარტიის საბჭოს აცხადებს, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები,” – აღნიშნულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
მომხდარ ფაქტს განცხადებით ეხმიანება მედიის ადვოკატირების კოალიციაც და მთავრობის ადმინისტრაციას მოუწოდებს – დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება თელარა გელანტიას მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით:
„თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე დასწრების აკრძალვა აჩენს ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დასაბუთებულ ეჭვს. მთავრობის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში.
2022 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს მთავრობა BMG-ის რედაქტორს თელარა გელანტიას არ მისცა საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება. მთავრობის ადმინისტრაციამ ჟურნალისტს ზეპირად განუმარტა, რომ მისი არ დაშვების მიზეზი იყო ბევრი კითხვის დასმა და კოლეგების შეწუხება.
აღსანიშნავია, რომ თელარა გელანტია დაახლოებით 10 წელია რეგულარულად ესწრება და აშუქებს მთავრობის სხდომებს, სვამს კითხვებს. მთელი ამ დროის განმავლობაში მას არ მიუღია გაფრთხილება ან შენიშვნა რომელიმე ქცევის წესის დარღვევასთან დაკავშირებით.
გარემოებების ანალიზი მიუთითებს, რომ ჟურნალისტის სხდომაზე დაშვების აკრძალვა განპირობებული იყო მთავრობის ადმინისტრაციის სავარაუოდ დისკრიმინაციული მოპყრობით. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციას არ უთქვამს უარი ოპერატორის შეშვებაზე ასევე BMG-ის განემარტა, მათი აკრძალვა მიემართება მხოლოდ პერსონალურად თელარა გელანტიას და არა ზოგადად ტელევიზიას.
ჟურნალისტთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში. აღწერილი შემთხვევა არ წარმოადგენს ჟურნალისტის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის პირველ ფაქტს. მედიის ადვოკატირების წევრი ორგანიზაციის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით, თელარა გელანტია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად.
მოვუწოდებთ მთავრობის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება თელარა გელანტიას მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თელარა გელანტიას დაუბრკოლებელი დასწრება მთავრობის მომდევნო სხდომაზე“, – აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ცნობისთვის, “ფორტუნა” საქართველოს მთავრობის პრესასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.
ნინო ცხადაძემ ჩვენთან საუბარში ჟურნალისტის სხდომაზე არდაშვების კონკრეტულ მიზეზებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ გელანტიას მიზეზები განემარტა.