LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურუსიძე აპირებს, გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართოს: „შემომითვალა, თუ მის მიმართ არ იქნება დახმარება, წავა სასამართლოს დისკრედიტაციის ნიაღვარი“

55
Untitled design (1)

მოსამართლე ლევან მურუსიძე აპირებს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დაკავებული სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართოს.

ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადა.

მურუსიძემ იმ წერილზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით სოსო გოგაშვილმა მისწერა. მურუსიძის თქმითვე, სასამართლოს წინააღმდეგ გარკვეული დისკრედიტაცია იგეგმება:

„აღნიშნული განცხადების გაკეთება განპირობებულია იმით, რომ, როგორც იცით, წლების განმავლობაში სასამართლოს მიმართ ცილისმწამებლური თავდასხმები ხორციელდება. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში მან კამპანიური ხასიათი მიიღო და მინდა საბჭოს მივაწოდო ინფორმაცია, რა შეიძლება ელოდებოდეს მომავალში სასამართლოს, ვინაიდან, საბჭო არის კონსტიტუციური ორგანი, რომლის პრინციპში შედის დაიცვას თითოეული მოსამართლე და სასამართლო სისტემის სტაბილურობა.

თქვენთვის, ყველასთვის ნათელი იქნება, რომ ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უნდა ვისაუბრო იმ ადამიანზე, რომელთანაც დაახლოებით 25 წლის ახლო ურთიერთობა მაკავშირებს.

საუბარია ბატონ სოსო გოგაშვილზე, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის მიერ ხდებოდა სუს-ის გამოყენებით კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლა. მინდა აგიხსნათ იუსტიციის საბჭოს და საზოგადოებას, რამ განაპირობა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნება. მოგეხსნებათ, რომ ბატონი სოსოს მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა.

შესაბამისად, როცა ის დაკავებული იყო და სასამართლოში უნდა განხილულიყო აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, დამიკავშირდა ასეთი შინაარსის წერილით, რომ თუ ჩემი მხრიდან არ მოხდებოდა დახმარება და მის მიმართ არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება, არ იქნებოდა გამოშვებული, ის გადადგამდა ყველანაირ ნაბიჯს, სასამართლო სისტემას, ზოგადად, მე, მიხეილ ჩინჩალაძეს და ა.შ. დაგვაბრალებდა რაღაცებს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო და მოახდენდა სასამართლოს მაქსიმალურ დისკრედიტაციას.

ამის შემდგომ, როდესაც კიდევ დადგა საკითხი უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ასევე მომივიდა შეტყობინება, რომ თუ მე არ ჩავერეოდი და არ უზრუნველყოფილიყო, აღნიშნული ყადაღები არ ყოფილიყო გამოყენებული, შესაბამისად გააკეთებდა საშინელ სიბინძურეს, მოხდებოდა სასამართლოს სისტემის კიდევ ერთი დისკრედიტაცია.

შესაბამისად, მოაყოლა ერთი განცხადება, რომელიც ყველამ იცით, რომ თითქოს მიხეილ ჩინჩალაძე სუს-ის დახმარებით მოსამართლე ბესიკ ალავიძეზე ახდენდა ზეწოლას. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მესამედ მოხდა ჩემთან შეტყობინება, და ფაქტობრივად, იმის აღიარება, რომ “ხომ ხედავ დაწყებულია სასამართლოს დისკრედიტაცია, შესაბამისად, თუ თქვენ არ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს და არ დამეხმარებით, გაგრძელდებოდა აღნიშნული დისკრედიტაცია და მიიღებს არნახულ მასშტაბებს. მოხდება ისეთი ფაქტების დაბრალება, რომლითაც სასამართლო სისტემა ვერანაირად ვერ გათეთრდება“. ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ პირველ რიგში, იუსტიციის საბჭოსთვის მეცნობებინა და შემდგომ ვაპირებ რეაგირებას, გარკვეული მტკიცებულებებით მივმართო უახლოეს პერიოდში პროკურატურას”, – განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, გოგაშვილმა „სიყალბე უკვე გამოაგდო და ამას ვითომ ცილისმწამებლური გარემოებები აუცილებლად მოჰყვება:

„ბესო ალავიძეზე ზეწოლა ბუნებაში არ არსებობს. ბესო ალავიძეს სამჯერ აქვს ინტერვიუ მიცემული „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. ორი ინტერვიუ მიცემულია სანამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა. ერთი წერილობითი განცხადება აქვს დაწერილი. როდესაც ნიკა გვარამია აცხადებდა, მიშა ჩინჩალაძე მოსამართლეზე ახდენს ზეწოლასო, სამმა მოსამართლემ, მათ შორის ბესო ალავიძემ წერილობითი განცხადებით თქვა, რომ მასზე არავითარი ზეწოლა არ მომხდარა. შემდგომ რაღაც წერილები რომ გაეგზავნა ბატონ პაატა ქათამაძეს, მუქარის თუ რაღაცის შექების წერილები, ზუსტად არ მახსოვს.

პროკურატურაში აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, ის საჯარო გახდა, სადაც ალავიძე აცხადებდა, რომ მასზე მოცემულ საქმეზე არავითარი ზეწოლა არ მომხდარა. ასევე, როცა დასრულდა “რუსთავის 2”-ის საქმე, მიცემული აქვს ინტერვიუ და აცხადებს, რომ მასზე არავითარი ზეწოლა არ მომხდარა. ვადის ამოწურვიდან ერთი წლის შემდეგ კი, როგორც თვითონ აცხადებს, მოხდა რაღაც გარკვეული შეხვედრები არასამთავრობოებთან და დიპლომატებთან და შემდგომ თქვა, რომ მასზე იყო ზეწოლა.

ეს აიტაცეს პოლიტიკურმა წრეებმა და არასამთავრობოებმა, არ შეხედეს იმას, რომ თავის დროზე სამჯერ ჰქონდა უარყოფილი ბესო ალავიძეს აღნიშნული ფაქტი და პროკურატურას გამოძიებისთვის მიმართეს და თქვეს, საჭიროა რეაგირებაო. ზუსტად ამას მოჰყვა ბატონი სოსო გოგაშვილის წერილი.

ვინაიდან მან მესამე შეხვედრის დროს შემომითვალა, დრო არის ცოტა და თუ მის მიმართ არ იქნება დახმარება წავა სასამართლოს დისკრედიტაციის ნიაღვარი და ამას უნდა ელოდებოდეს სასამართლო სისტემა, ვფიქრობ, იუსტიციის საბჭო, ამ შემთხვევაში, ვალდებულია დაიცვას სასამართლო სისტემა. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს ასე მოხდება, იმიტომ, რომ ერთი ფაქტი ანუ სიყალბე უკვე გამოაგდო და შესაბამისად, აუცილებლად მოჰყვება ამას ვითომ ცილისმწამებლური გარემოებები“, – აღნიშნა მურუსიძემ.

მისივე თქმით, საჭიროა ფხიზლად ყოფნა:

„უნდა ვიყოთ ფხიზლად, თქვენ ბრძანდებით კონსტიტუციური ორგანო, არის იმის ვალდებულება, რომ სისტემა იყოს დაცული. გულწრფელად გეტყვით, ჩემზე ძალიან ბევრი სიბინძურე იყო და ყოველგვარ ამორალურობის ზღვარს არიან გადასულნი, პირადად მე, ჩემ თავს დავიცავ, მაგრამ აქ იმიტომ მოვედი, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ამ ახალი შეტევებისგან, ცილისწამებისგან დაცვა. ვფიქრობ, საბჭომ ამაზე უნდა იმსჯელოს.

მინდა, მივმართო მოსამართლეებს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიყოთ მტკიცედ. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ სასამართლო არის ხელისუფლება, მიმაჩნია, რომ ასეთი ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში და არავის მისცემს საშუალებას, ვიღაცა უდიერად მოეპყროს, ეს არის ხელისუფლება და ყველამ დაიმახსოვროს. თუ ვინმეს უნდა თანამშრომლობა, ეს უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ვფიქრობ, წინ გველოდება საფრთხეები, მაგრამ იმედს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო სისტემა თქვენი მხარდაჭერით ამას აუცილებლად გადალახავს და ყველა ზომა იქნება მიღებული, ყველა მოსამართლე და მთლიანად სასამართლო სისტემა დაცული იყოს“, – აღნიშნა მურუსიძემ.

ლევან მურუსიძის აღნიშნულ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ გოგაშვილთან დაკავშირებით  მურუსიძის განცხადება საპარლამენტო კომისიის დონეზე უნდა იყოს შესწავლილი:

„ესეც სავსებით შესაძლებელია, თუ ასეთი კომპრომატები ზოგადად ვინმეზე არსებობს, მაშინ შეიძლება ყველასთან მიმართებით არსებულიყო. ეს, ფაქტობრივად, ადასტურებს იმას, რომ სუს-ს აქვს იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში და ამ ფორმით უხეშად ჩარევა სცადოს.

ეს არ არის უბრალო განცხადება. მაშ შორის, როდესაც საუბარია იმაზე, რომ შეიძლება კვლავაც იყოს ასეთი გარკვეული მტკიცებულება გამოქვეყნებული, ეს არამხოლოდ შეიძლება ზეპირსიტყვიერი მტკიცებულება იყოს, არამედ შეიძლება ჩვენ გარკვეული ფაილები ვიხილოთ, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკეთებული ჩანაწერები და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ერთგვარი გამაფრთხილებელი განცხადებაც ყოფილიყო ამ ყველაფერთან მიმართებით. ამიტომ, ეს საკითხი სერიოზული საკითხია“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g