თბილისში, იუსტიციის სახლთან სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით აქცია გაიმართა.
მათი განცხადებით, რუსი მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოდინება, თითოეული ჩვენგანისთვის საფრთხის შემცველია. ამიტომ, აქტივისტები ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის დაუყოვნებლივ ჩაკეტვას ითხოვენ.
იუსტიციის სახლთან იმყოფებოდნენ: სამედიცინო სფეროსა და ხელოვნებისა დარგის წარმომადგენლები. ასევე, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვადიმ თავაძე.
„მე მგონია, რომ ჩვენს სიცოცხლეს ფიზიკურად ემუქრება საფრთხე. ვითხოვთ სასწრაფოდ ჩაიკეტოს საზღვარი, შემოუშვან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. ასევე, სასწრაფოდ გაუქმდეს ბინადრობის მოწმობის გაცემა რუს მოქალაქეებზე, მათი ბიზნესების რეგისტრაცია. ხოლო, უკვე შემოსულ რუსებს მკაცრი სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ.“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ექიმმა და სამოქალაქო აქტივისტმა, ანი ქავთარაძემ.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, სასწრაფოდ შეიკრიბოს უშიშროების საბჭო, ხოლო ხელისუფლებამ საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნოს. იუსტიციის სახლიდან პროტესტის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობით გაემართნენ.