დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ლევან დავითაშვილი „ალბათ სტატისტიკას წარმოგვიდგენს“, თუმცა, როგორც მანჯგალაძე განმარტავს, „ყველაზე კარგი სტატისტიკა და ბარომეტრია მაცივარი, რომელიც აქვს ადამიანს და იცის, რომ მისი შემოსავლით უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვას ახერხებს“.
„სხვადასხვა რიცხვს ამბობენ, რომ დაასაქმეს – 20 000, 30 000, 80 000 ადამიანი, მაგრამ რეალური სტატისტიკა რაც გაქვს ის არის, რომ 80 000 ადამიანი ტოვებს ყოველწლიურად საქართველოს და ემიგრაციაში მიდის, არა მარტო იმ მიზეზით რომ ვერ მუშაობს, არამედ იმის იმედიც არ აქვს, რომ „ქართული ოცნება“ რაიმეს შეცვლის ამ მიმართულებით. ამიტომ მთავარი საკითხი არის სიღარიბე და უმუშევრობა. ეს ხდება იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” საზრუნავს წარმოადგენს არა მოქალაქეების პრობლემების მოგვარება, არამედ ივანიშვილის მილიარდების და მისი ინტერესის დაცვა. მათი მთავარი საზრუნავია, როგორმე ბიძინა ივანიშვილი გადაარჩინონ სანქციებს. ეკონომიკის მინისტრი ამაზე ვერაფერს გვიპასუხებს რა თქმა უნდა, ისეც ექნება სტატისტიკა, მაგრამ ყველაზე კარგი სტატისტიკა და ბარომეტრია მაცივარი, რომელიც აქვს ადამიანს და იცის, რომ მისი შემოსავლით უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვას ახერხებს მისი შვილებისთვის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.