LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდმა აუზზე ინტოქსიკაცია მიიღო, ვიდეო ზაფხულშია გადაღებული, ქლორის მაჩვენებლები ნორმაშია

52
Untitled design (2)

„სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას და სიცრუის პროპაგანდას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე გამოეხმაურა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოს და ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საცურაო აუზს ქიმიურად იმ დროს ამუშავებენ, როდესაც აუზში ბავშვები იმყოფებიან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდმა ინტოქსიკაცია მიიღო.

კალაძის განმარტებით, ვიდეო ზაფხულშია გადაღებული, ხოლო პირი, რომელიც კადრებში ჩანს, აუზიდან წყლის სინჯს იღებს:

„საქმე ეხება სპორტულ ცენტრ „იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა სოციალური ქსელის მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა.

ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება და განცხადების გავრცელება მოყვა.

მოქალაქის ინფორმაციით, თითქოს, ვიდეოში ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე საცურაო აუზი და ამ დროს აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი მიმდინარეობს – კერძოდ ქლორის დამატება, რის გამოც რამდენიმე დღის წინ ბავშვებმა და მწვრთნელებმა თითქოს სხეულის ინტოქსიკაცია მიიღეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე.

რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება სწრაფი ტესტებით.

რა თქმა უნდა, ინფორმაციის გავრცელებისთანავე მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.

ასევე, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში არც ერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო.

ამის მიუხედავად, ჩვენ ჩავატარეთ დამატებითი კვლევები და დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა დავუკვეთეთ და პასუხებიც გვაქვს – აბსოლუტურად ყველაფერი არის ნორმაში.

თუმცა პრობლემა არსებობს, პრობლემა არის იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც მიზანმიმართული სიცრუე გაავრცელა და შეეცადა, ადამიანები შეცდომაში შეეყვანა. ჩვენი მხრიდან ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g