LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკა სებისკვერაძე: მაყურებლის დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დაიგეგმა კონცერტი „სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“

126
195a8ab2d4cb0cfe74df7e4df42921a3

1-ელ ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ ნეკა სებისკვერაძე სტუმრობდა, რომელმაც კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტზე და პროექტზე „სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“ ისაუბრა.

 ნეკა, მოგვიყევი 31 ოქტომბერს გამართული ღონისძიების შესახებ,

გუშინ „რუსთაველის თეატრის“ დიდ სცენაზე კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი შედგა, რომელმაც, საბედნიეროდ, ძალიან წარმატებულად ჩაიარა. საღამოზე შესრულდა კომპოზიტორის ის უცნობი, მუსიკა, რომელიც მან წლების განმავლობაში სხვადასხვა დადგმებისთვის შექმნა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო ასევე მსუბუქი კლასიკის ჟანრის ნაწარმოებები ვოკალისტებისთვის, რომელთა გარკვეული ნაწილიც, გაგიკვირდებათ და, ჩანაწერების სახით არსებობდა, მაგრამ სცენაზე, ცოცხლად არ იყო შესრულებული. ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო იყო მსმენელისთვის კომპოზიტორის ამ შემოქმედების აღმოჩენა. აღნიშნული პროგრამა „თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა“ წარმოადგინა დავით მუქერიას დირიჟორობით. საღამოში მონაწილეობას იღებდნენ არაჩვეულებრივი ვოკალისტები, მე ვიტყოდი, რომ დღევანდელი საოპერო სცენის საუკეთესო წარმომადგენლები, ოთარ ჯორჯიკია, მარიამ ნაჭყებია, მარიამ როინიშვილი, ხათუნა ჭოხონელიძე, გიგა აბესაძე, გიორგი გოდერძიშვილი. მათ ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს ქალბატონი ნუნუს ნაწარმოებები. ეს იდეა ნიკა წულუკიძესთან ერთად დამებადა, დიდი ხანი არსებობდა და ერთობლივად შევეჭიდეთ ამ პროექტის განხორციელებას. კომპოზიტორების შემოქმედებაში ხშირად ვერ ხერხდება მსგავსი მასშტაბების ღონისძიებების ჩატარება, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა „თბილისის მერიას“ და „კულტურის სამინისტროს“, რომ ამის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცეს.

უახლოეს მომავალში თუ იგეგმება კონცერტი შენი მონაწილეობით?

28 დეკემბერს მაყურებლის დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დაიგეგმა კონცერტი „სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“. ეს არის მართლაც რომ გამორჩეული კონცერტი, რომელიც „თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან“ ერთად ტარდება, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. კონცერტზე სრულდება სხვადასხვა თაობის კომპოზიტორების კინომუსიკა უცვლელი სახით, ისე როგორც კომპოზიტორებმა ფილმებისთვის დაწერეს. კონცერტში ვმონაწილეობთ: მე, ეკა მამალაძე, დათო ნოზაძე, გედევან ჯინჭარაძე,ნატუკა კახიძე.

როდის მოვისმენთ შენს ახალ ნამუშევარს პოპის მიმართულებით?

ალბათ, მომავალი წლიდან, იანვრიდან იქნება ახალი ჩანაწერი, რადგან ამჯერად ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები