LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან ჩამოვრჩებით სხვა ქვეყნებს, ვფიქრობ, ჩამორჩენის მთავარი მიზეზი სოფლების დაცლაა… დღეს პრაქტიკულად თბილისია მთელი საქართველო, რადგან რეგიონების მოსახლეობა სწორედ დედაქალაქში მოედინება” – ივა ჭყონიას „წარმატების ფორმულა“

24
ივა ჭყონია

7 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, კომპანიის GDB-ს ხელმძღვანელი ივა ჭყონია სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ივა, რატომ დაინტერესდით აგრომიმართულებით?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ აგროკულტურა ერთ-ერთი ურთულესი და შრომატევადი სფეროა. მართალია, ქართველებს უნიკალური ბუნებრივი პირობები -კლიმატი, ნიადაგი და წყალი გვაქვს, მაგრამ გამოცდილება გვაკლია. სამწუხაროდ, ძალიან ჩამოვრჩებით სხვა ქვეყნებს, თუნდაც ისრაელს ან ნიდერლანდებს, სადაც მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, აგროკულტურა მაინც მაღალ დონეზეა განვითარებული. ვფიქრობ, ჩამორჩენის მთავარი მიზეზი სოფლების დაცლაა. დღეს პრაქტიკულად თბილისია მთელი საქართველო, რადგან რეგიონების მოსახლეობა სწორედ დედაქალაქში მოედინება, რაც პირველ რიგში, სიზარმაცით, მძიმე შრომისგან თავის დაღწევის სურვილით აიხსნება. თუმცა, წლების წინ არც ქვეყნის მთავრობა ზრუნავდა სოფლის მეურნეობის განვითარებასა და რეგიონებში საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე.

– რამდენად რთულია თქვენს სფეროში პროფესიონალების მოძიება და რა არის მთავარი აგროკულტურის განვითარებისთვის?

– ძალიან რთულია, მეტიც, სრული კატასტროფაა აგრონომიის სფეროში, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია კარგი აგრონომის მოძიება, რომელიც პროექტს დაიწყებს და ბოლომდე მიიყვანს. ერთი წლის წინ ჩავებით სოფლის მეურნეობაში და მთავარ პრობლემად სწორედ ადამიანური რესურსი იქცა, ამიტომ თვითონ გადავწყვიტე აგრონომიის შესწავლა. მართალია, თავიდან ძალიან უცხოდ მომეჩვენა, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი ვისწავლე და ახლა პრაქტიკულად მიწის ნებისმიერი სამუშაოს დამოუკიდებლად ვასრულებ. ვფიქრობ, მთავარი სურვილი და მონდომებაა, რადგან თუ მიზანი გაქვს – სწავლაც ყველაფრის შეიძლება. რა თქმა უნდა, უამრავი სირთულის, მათ შორის ფინანსური ზარალის დაძლევა მოგვიხდა, რადგან ჯერ გამოუცდელები ვიყავით, მერე რუსეთის აგრესიამ – ომებმა საქართველოსა და უკრაინაში აგვირია მოწესრიგებული ბაზარი, თუმცა მაინც შევძელით ბიზნესის გადარჩენა. მართალია, უზარმაზარი რესურსი გვაქვს, მაგრამ დღეს მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვმუშაობთ, სალათის ოთხი ჯიშის ფოთოლი მოგვყავს, აისბერგისა და რომანოს ჩათვლით, რომელიც თითქმის ყველა სალათში გამოიყენება, ძალიან მსუყე და გემრიელია. სხვათა შორის, რომანოს შეწვა გრილზეც შეიძლება, თუმცა ქართულ კულინარიაში არა თუ ტექნოლოგია, რომანოს ფოთოლიც ნაკლებად გამოიყენება. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი – პროდუქციის უწყვეტად მიწოდების ორგანიზებაა, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ სეზონურად ვმუშაობთ.

– თავად როგორ გამოგდით სალათების კეთება?

– მემგონი კარგად, ყოველ შემთხვევაში ახლობლები კმაყოფილი არიან. ზოგადად, სალათის ფოთოლი ძალიან ჯანსაღი პროდუქტია, რადგან ნაკლებად მუშავდება შხამქიმიკატებით. მართალია, ჩვენ მხოლოდ ბიოპროდუქტის წარმოებაზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ გამოცდილი აგრონომების დეფიციტის ფონზე ძალიან გვიჭირს მოსავლის სრულად შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლები აქტიურად გადიან პროფესიულ ტრენინგებს, თუმცა მსგავსი პროგრამების განხორციელება 10-15 წლის წინაც თავისუფლად შეიძლებოდა, რაც უამრავ პრობლემას აგვარიდებდა  თავიდან.

– ერთდროულად გიწევთ რამდენიმე სფეროში საქმიანობა, როგორ ახერხებთ დროის სწორად ორგანიზებას?

– რა თქმა უნდა, მუდმივად დროის დეფიციტი მაქვს, რადგან სულ რაღაცაზე ფიქრი, რაღაცის კეთება მიწევს. ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლოა ასოციაციის ხელმძღვანელობა, რომელიც 90-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. უამრავი სირთულის დაძლევა გვიხდება, რომელთა შორის უმთავრესი – პარკინგია, რადგან კომპანიებს ძალიან უჭირთ ოპერირება და პროდუქტის დროულად მიწოდება. რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრემიერს ლევან დავითაშვილსაც კი შევხვდით, რომელიც სამუშაო ჯგუფის შექმნას შეგვპირდა. იმედი გვაქვს,  პრობლემა დროულად მოგვარდება, რადგან სხვა შემთხვევაში კომპანიებს პროდუქტის გაძვირება მოუწევს და საბოლოოდ ისევ მოსახლეობა იზარალებს.

– რა გეგმები აქვს კომპანიას GDB?

– ახალ პროექტზე GDB-snales-ზე ვმუშაობთ, რომელიც იტალიელ პარტნიორებთან ერთად წამოვიწყეთ და ლოკოკინების მოშენებას გულისხმობს. სავარაუდოდ, ერთ თვეში პირველ მოსავალს ავიღებთ და იმედია გაგვიმართლებს, ზაფხულში კი, ე.წ. უკურკო, ესპანური ჯიშის საზამთროთი მოვამარაგებთ სუპერმარკეტებს. ახალ პროდუქტს შევთავაზებთ მომხმარებელს ახალი წლისთვისაც, თუმცა დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ. ამასთანავე, განაცხადი გავაკეთეთ ხარისხის სერტიფიკატზე, რომელიც პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანის საშუალებას მოგვცემს. აპრილის თვეში ექსპერტებს ველით, რომლებიც შეაფასებენ და საკუთარ დასკვნას გააკეთებენ ჩვენს წარმოებაზე.

– თქვენი აზრით, რა არის მთავარი ბიზნესის გასავითარებლად?

– მთავარი ხარისხის შენარჩუნებაა, რაც მხოლოდ დაუღალავი შრომით და ყველა წვრილმანზე დაკვირვებით მიიღწევა.

– რა გიქმნით კომფორტს მუშაობისას?

– პირველ რიგში, მშვიდი გარემო. რა თქმა უნდა, სიმშვიდე არ ნიშნავს საკუთარ ოთახში გამოკეტვას, პირიქით, მთელ დღეს თანამშრომლებთან ურთიერთობაში, ახალი იდეების განხილვაში ვატარებ და გადაწყვეტილებასაც ყოველთვის კოლეგებთან, პარტნიორებთან შეთანხმებით ვიღებ.

– რა დაგრჩათ განსახორციელებელი?

– ძალიან ბევრი. პრაქტიკულად ჯერ არაფერი გამიკეთებია, რადგან აგრონომია უზარმაზარი და ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სფეროა, ჩემი მთავარი მიზანი კი, მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის შექმნაა.

 

ბლიცკითხვები –

– ვის პროფესიულ რჩევას აფასებთ ყველაზე მეტად?

– უკრაინელი კონსულტანტის ვადიმ დუდკას რჩევებს, რომელსაც 30-წლიანი გამოცდილება აქვს და იმედი მაქვს, უამრავ წარმატებულ პროექტს განვახორციელებ მასთან ერთად. მართლაც, საოცარი ადამიანია, რადგან არც ომის დროს შეუწყვეტია მუშაობა, ცალ ხელში ავტომატი ეჭირა, მეორეში – ლეპტოპი და პრაქტიკულად სანგრიდან მიწევდა კონსულტაციას.

– როგორ აღიდგენთ დაკარგულ ძალას?

– ყოველდღიური ვარჯიშით.

– რომელ კერძს ამზადებთ ყველაზე კარგად?

– სტეიკს და სალათს.

– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– სახლში, ხუთი წლის შვილთან ერთად.

– დაასრულეთ ფრაზა, „დილას ვიღვიძებ და…“

– „ …და მივდივარ აუზზე“.

– რამდენად მოგწონთ შოპინგი?

– შოპინგს იშვიათად ვაწყობ, ალბათ წელიწადში ერთხელ იტალიაში, ზუსტად ვიცი, რა უნდა შევიძინო, ამიტომ დროსაც ნაკლებს ვკარგავ.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა. არასდროს არ უნდა იფიქრო, რომ ყველაფერი იცი და მეტი ცოდნის შეძენა არ გჭირდება, პირიქით, მუდმივად კონსულტაცია უნდა მიიღო პროფესიონალებთან და მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია შეაგროვო, რადგან სხვანაირად წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ბევრს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ სირთულეებიც საჭიროა, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გამოცდილების შეძენა. სიმართლე ვთქვა, ზოგჯერ თვითონ ვიგონებ „თავგადასავლებს“, რადგან ასე უფრო აზარტულია ცხოვრებაც და მუშაობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები