უკრაინის ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები, გასული დღის განმავლობაში, თავს დაესხნენ ოკუპანტებს დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და კინბურნსკა კოსას ტერიტორიაზე.
როგორც სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინელმა სამხედროებმა 50-ზე მეტი საცეცხლე მისია შეასრულეს.
„თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა განახორციელეს შეტევები მტრის პოზიციებზე და ცოცხალი ძალის, აღჭურვილობისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და კინბურნსკა კოსას ტერიტორიაზე“, – აცხადებენ სარდლობაში.
მათივე ცნობით, უკრაინელების შეტევის შედეგად ლიკვიდირებულია 17 ოკუპანტი, განადგურდა და დაზიანდა 15 ჯავშანმანქანა, ორი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და Orlan-10 ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.
ამასთან, უკრაინელებმა ნოვაია კახოვკასა და ოლეშკიში რუსული ძალების საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს.
დღესვე ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ბილ ბერნსი სამშაბათს კიევში იმყოფებოდა. ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნებს შეხვდა.
მათივე ცნობით, გუშინ, რუსეთის მიერ უკრაინის მასშტაბით მიტანილი სარაკეტო იერიშებისა და მათ შორის კიევში განხორციელებული აფეთქებების დროს, ბერნსი აშშ-ის საელჩოში უსაფრთხოდ იმყოფებოდა.
კიევამდე, ორშაბათს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა, სადაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა.