LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გამოვყოფ არცერთი ჯიშისგან პიტბულს, რადგან ნებისმიერი ჯიშის ძაღლი შეიძლება გააგრესიულდეს“ – კინოლოგი კახა კვირიკაშვილი ძაღლების აღზრდის შესახებ საუბრობს

327
Untitled design

ბოლო პერიოდში საქართველოში პიტბულის ჯიშის ძაღლის მიერ ადამიანის, ზოგჯერ ოჯახის წევრების დაგლეჯვა დაფიქსირდა. შემთხვევების შემდეგ საზოგადოების აზრი ორად გაიყო, ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კონკრეტულად აგრესიული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში უნდა აიკრძალოს. მეორე ნაწილი კი პატრონის პასუხისმგებლობაზე და ძაღლის აღზრდის მეთოდებზე აკეთებს აქცენტს.

„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ კინოლოგმა კახა კვირიკაშვილმა აგრესიული ჯიშის ძაღლებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, არ უნდა გამოვყოთ აგრესიული ჯიშებიდან პიტბული, რადგან ნებისმიერი ჯიშის ძაღლი შეიძლება გახდეს აგრესიული. ამის მაგალითად მას ბოლო 10 დღის განმავლობაში მომხდარი შემთხვევები მოჰყავს, როდესაც ჰასკის ჯიშის ძაღლმა და ასევე ქართულმა ნაგაზმა პატრონები დაგლიჯეს და მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანეს.

კახა კვირიკაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ძაღლი სწორად აღიზარდოს ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. როგორც კინოლოგი განმარტავს, ძაღლის გასეირნებას და მისი ენერგიის დახარჯვას აღზრდის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

კახა კვირიკაშვილი ასევე საუბრობს არგენტინულ დოგთან დაკავშირებითაც და აცხადებს, რომ ეს ჯიში ძალიან სენსიტიურია, რომლის აღზრდის პროცესში პატრონი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული.

„ძაღლი არის ინსტინქტებზე მაცხოვრებელი არსება. მისი ძირითადი სააზროვნო წყარო არის ინსტინქტი და არა ტვინი.

შეგვიძლია ნებისმიერ სიტუაციაში ძაღლს შევუქმნათ ისეთი ასოციაცია, რომელიც ჩვენთვის მერე სასარგებლო შედეგს დადებს, რაც ძალიან მარტივად მოხერხებადია. თუ თავიდანვე სწორად იქნება ძაღლის აღზრდა დაგეგმილი, მოხდება მისი გასეირნება და ენერგიის დახარჯვა და ყველა ნიუანსი თუ იქნება გათვალისწინებული, ძაღლი აღარ იქნება აგრესიული.

მე არ გამოვყოფ არცერთი ჯიშისგან პიტბულ ტერიერს, რადგან ძაღლის ნებისმიერი ჯიში შეიძლება გააგრესიულდეს. გეტყვით, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ერთმა ჰასკმა 2 პატრონი დაგლიჯა და ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა, კიდევ იყო შემთხვევა, როდესაც ქართულმა ნაგაზმა დაგლიჯა პატრონი. ნებისმიერი ჯიში, თუ არ იქნება სწორედ აღზრდილი მოიქცევა ასე, ოღონდ ის ჯიში, რომელსაც მიდრეკილება აქვს ლიდერობისკენ ან დომინაციისკენ, ან პატრონები თუ სცემენ მას ერთ დღეს ეს აუცილებლად დაუბრუნდებათ.

ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ ძაღლი სწორად აღიზარდოს და მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს.

თუ ძაღლის აღზრდის დროს პროფესიონალია ჩართული, კინოლოგი მაშინვე შეამჩნევს ძაღლი არის თუ არა აგრესიული. მე პირადად პრაქტიკაში ძალიან ბევრი აგრესიული ძაღლი მყავს გამოსწორებული, რაც რა თქმა უნდა, რთულია მაგრამ შესაძლებელია.

ძალიან სენსიტიური ჯიშია არგენტინული დოგი. ვისაც ამ ჯიშის ძაღლები ჰყავთ, პატრონი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული მის აღზრდა პატრონობაში“, – აცხადებს კახა კვირიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g