თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, „ტვ პირველსა“ და ამავე ტელევიზიის ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, თბილისის მერი ეხმიანება.
სასამართლომ „ტვ პირველსა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა
კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და მათ მიერ გავრცელებული ტყუილის საჯარო უარყოფას“.
„ტვ პირველის“ საქმესთან დაკავშირებით პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია.
ვინმე იტყვის, რა მოხდა, არ მოგწონს და არ გადართო ამ არხზე, მაგრამ არაა ეს სწორი მიდგომა. თუ გვინდა შევდგეთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად, არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება.
ყველაზე მეტად ეს გაზარალებთ თქვენ, ქართულ მედიას, რადგან, ის რაც გადის ტელეეთერებით ან იწერება საინფორმაციო საშუალებებში, პირდაპირ შეეხება თითოეულ თქვენგანს. საბოლოოდ კი, მედიის ენით გადმოცემული აგრესია და სიძულვილი ილექება საზოგადოებაში.
ამდენად, მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს პრეცედენტი იყოს ბოლო, პატივი ვცეთ მაყურებელს, მკითხველს, მსმენელს და არ მოვატყუოთ ის.
რაც შეეხება უშუალოდ „ტვ პირველს“, რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ არხი შეცვლის პოლიტიკას და აღარ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რუპორი, მათი დაკვეთების შემსრულებელი. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა.
ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, სასამართლომ „ტვ პირველსა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
ცნობისთვის, თბილისის მერმა „ტვ პირველსა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს სექტემბერში უჩივლა. კალაძემ მოპასუხისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს მოითხოვა.
კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, ა/წ 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში, მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტმა თქვა: „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია.“
ნოდარ მელაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: „ტვ პირველი“ ამ თანხას ვერ გადაიხდის