თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველსა“ და ამავე ტელევიზიის ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ თბილისის მერის, კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ დაუდასტურა.
როგორც გაბუნიამ გვითხრა, ტელევიზიას ასევე ვალდებულებად დაეკისრა იმ ცნობების უარყოფა, რომელიც ჟურნალისტმა მაია მამულაშვილმა კახა კალაძის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში გააჟღერა:
„ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება. 15 ათასი დაკისრების გარდა,„ტვ პირველს“ დაეკისრა იმ ცნობებისა და ცრუ ინფორმაციების უარყოფა, რომელიც ამ ტელევიზიის მეშვეობით იქნა გავრცელებული, ესაა მთავარი. ჯარიმა ეკისრება ტელევიზიასა და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს“, – განუცხადა ფორტუნას კახა კალაძის ინტერესების დამცველმა, დიმიტრი გაბუნიამ.
აღნიშნულზე სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის მთავარი პროდიუსერი და ჟურნალისტი, ნოდარ მელაძეც გამოეხმაურა და დაწერა:
„იმის გამო რომ, კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ ტვ პირველს და მაია მამულაშვილს დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა. ტვ პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბმისად შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი.
ველოდებით აღსურლების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად.
p.s Kakha Kaladze ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა ჩემია და სადაც ვმუშაობ ყველგან თან დამაქვს.
საქართველო 2022 წლის 30 ნოემბერი.“– წერს ნოდარ მელაძ Facebook-ზე.
რაც შეეხება უშუალოდ ჟურნალისტ მაია მამულაშვილს, როგორც მისმა ადვოკატმა, მარი კაპანაძემ „ფორტუნას“ განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რადგან მოსარჩელე მხარე ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვდა, სასამართლომ კი მას 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
დაცვის მხარე ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. მაია მამულაშვილის ადვოკატი არც იმას გამორიცხავს, რომ ეროვნულ სასამართლოებში მარცხის შემთხვევაში, სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც წაიღონ.
„რა თქმა უნდა, საქმეს ყველა ზედა ინსტანციაში გავასაჩივრებთ და მათ შორის, თუ საჭირო გახდა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც. რაც შეეხება დაკისრებული ვალდებულების აღსრულების ნაწილს, აღსრულება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სამივე ინსტანციის სასამართლოში წავაგებთ“, – გვითხრა მარი კაპანაძემ.
რაც შეეხება კითხვას, სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ტელევიზიას გავრცელებული ცნობების უარყოფა დაეკისრა, მაია მამულაშვილის ადვოკატმა ასე გვიპასუხა:
„რეალურად, ეს არის ცენტრალური საკითხი, რადგან ზიანის ანაზღაურება სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ დაადგინა ცილისწამება და ცნობების უარყოფა, რაც ჩვენი აზრით, წინააღმდეგობრივია ეროვნულ და საერთაშორისო პრაქტიკასთან, ვინაიდან მსგავს შემთხვევაში, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ.
მით უფრო, რომ ჩვენ არაერთი მტკიცებულება გვქონდა წარდგენილი, რითაც ვადასტურებდით, რომ ეს საზოგადოებაში აქტიურად განხილული საკითხი იყო, მაია მამულაშვილს ეს ჰაერიდან არ მოუგონია, არამედ იყო მისი სამართლიანი კომენტარი მანამდე გაჟღერებულ კრიტიკასა და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ასევე ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობოდა.
ასეთ შემთხვევაში როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ისე ევროსასამართლოს პრაქტიკა პირდაპირ მიანიშენებს იმაზე, რომ ასეთ დროს არ შეიძლება თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვა. რაც შეეხება გასაჩივრების ვადებს: 30 დღეა იმისთვის, რომ სასამართლომ დასაბუთებული ცნობა ჩაგვაბაროს, ამის შემდეგ კი, 14 დღე გვექნება იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მივმართოთ.“ – განუცხადა „ფორტუნას“ მაია მამულაშვილის ადვოკატმა.
ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველსა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს სექტემბერში უჩივლა. კალაძემ მოპასუხისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს მოითხოვა.
მაშინ კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ ა/წ 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში, მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში, ჟურნალისტმა თქვა: „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია.“