LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მიმდინარეობს ომბუდსმენის შერჩევის პროცესი: „ფორტუნასთან” ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე საუბრობს

178
BeFunky-collage (2)

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ომბუდსმენობის 8 კანდიდატზე გააგრძელებენ კონსულტაციებს.

ეს კანდიდატები არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია.

„ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებია, მაგრამ გამორიცხვის ხსენებული მეთოდით მივედით დასკვნამდე, რომ სხვა კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ ამ რვა კანდიდატზე გავაგრძელებთ კონსულტაციებს ოპოზიციასთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რა ეტაპზეა სახალხო დამცველის არჩევის პროცესი  – აღნიშნულ თემაზე გადაცემაში “დღის თემა” სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ბურჯანაძემ ისაუბრა.

“რა ეტაპზეა პროცესი ამასთან დაკავშირებით, მეც იმდენი ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ. რაც საჯაროდ არის ცნობილი იმას ვადევნებ თვალს. ჩვენ კანდიდატები დამატებით პროცესებში ამ მიმართულებით არ ვართ ჩართული.

ბუნებრივია, მაქვს სურვილი, რომ მოახერხებენ შეთანხმებას პოლიტიკური პარტიები და ჩემი სურვილი იქნება, რომ ჩემი კანდიდატურა იყოს არჩეული. რაც შეეხება პროცესის შეფასებას, ყველაზე კარგი ინდიკატორი იქნება შედეგი და ალბათ შედეგიდან გამომდინარე იქნება მსჯელობა ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენი კანონმდებლობით, ახალი სახალხო დამცველი ძველის უფლებამოსილების ვადამდე უნდა იქნეს შერჩეული. ეს არის წესი, თუმცა გამონაკლისსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, როცა მოქმედი სახალხო დამცველის მოქმედი პირველი მოადგილე აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას.

მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტს ლეგიტიმური მმართველი ჰყავდეს. აპარატი მზად არის გააგრძელოს ამ მიმართულებით საქმიანობა, აპარატის ეფექტურობისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს შერჩევა.

გიორგი ბურჯანაძემ “დღის თემის” ეთერში ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მიმართულება იქნება პრიორიტეტი, მისი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში.

ალბათ ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება, რომ ყველა უფლება, ყველა საკითხი იყოს თანაბრად და მნიშვნელოვნად გაჟღერებული. ჩვენ ბოლო 5 წელია ამას ვახორციელებთ მოქმედ სახალხო დამცველთან ერთად და ჩემი მიმართულება იქნება, რომ ამ კუთხით გავაგრძელო საქმიანობა.

ერთადერთი, რაც პრიორიტეტი იქნება ის პროცესია, რაც წელს დაიწყო და გულისხმობს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და ბუნებრივია, ამ პროცესში ყველა ის ადამიანის უფლება, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გზაზე იქნება მნიშვნელოვანი, სახალხო დამცველის აპარატისთვისაც პრიორიტეტულად გადმოიწევს წინ.

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი და მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე “ფორტუნას” ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხსაც შეეხო.

როგორც გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნა, აპარატი ყურადღებით აკვირდება ექსპრეზიდენტის მდგომარეობას.

“ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. სახალხო დამცველმა მოინახულა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში. ვიზუალურად ის საკმაოდ დასუსტებულია. ჩვენ ის არაერთხელ გვყავს ნანახი, რაც ის დააკავეს. ვიზუალურად მისი მდგომარეობის გაუარესება, ერთი შეხედვით, არა იურისტის, არა სამედიცინო პერსონალის თვალით, ეს ცალსახა და მკაფიოა.

ასევე მისი მკურნალი ექიმებიც საუბრობდნენ მისი ჯანმრთელობის სხვადასხვა პარამეტრის გაუარესების შესახებ.

ცენტრ „ემპათიას“ მიერ მომზადდა დასკვნა, როგორც საჯაროდ ითქვა, ადვოკატები აპირებენ სასჯელის გადავადების მიმართულებით სასამართლოსთვის მიმართვას.

ჩვენ ვნახავთ ამ პროცესებს, რომელიც წარიმართება და ამის მიხედვით დავგეგმავთ საქმიანობას ამ მიმართულებით.

ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ წლების განმავლობაში ცალკე ექიმის შტატიც შევქმენით აპარატში, რომელიც პატიმრის ჯანმრთელობის მიმართულებით გვეხმარება.

მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ჩვენ ექიმთა სამედიცინო ექიმთა ჯგუფიც გვყავს შექმნილი.

ბუნებრივია, ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთოთ, იმისთვის, რათა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი პენიტენციურ დაწესებულებაში და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება იყოს მიღებული,” – აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები