LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყოველი მეოთხე ხანდაზმული, როგორც სოციალური, ასევე ემოციური მარტოობის განცდით იტანჯება – კვლევა

233
Untitled design (2)

საქართველოში თითქმის ყოველი მეოთხე ხანდაზმული შეწუხებულია მარტოობით და იტანჯება – ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში – „მარტოობა ხანდაზმულებში, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით ჩატარდა.

კვლევის ავტორების განცხადებით, მარტოობის პრობლემა მწვავდება ხანდაზმულებში (65 და მეტი წლის ადამიანებში) და კიდევ უფრო იკვეთება მსოფლიოში მოსახლეობის დაბერების ტენდენციის ფონზე.

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ხანდაზმულები ემოციურ მარტოობას უფრო განიცდიან, ვიდრე სოციალურს:

„მათი უმრავლესობა (52%) თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, ანუ უჩივის ისეთი პირების არარსებობას, რომლებთანაც ექნებოდა თანაზიარი და საერთო განცდები.

მეორე მხრივ, სოციალურად მეტ-ნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება. ანუ ეს ადამიანები უჩივიან ისეთი სოციალური კავშირების/ქსელის არარსებობას, რომელიც შედგება ახლობლებისა და ნაცნობების წრისგან. საინტერესოა, რომ თუკი ემოციურ მარტოობას უკიდურესად მძაფრად 28% გრძნობს, სოციალური მარტოობის შემთხვევაში მაჩვენებელი 16%-
მდეა შემცირებული.

როგორც ჩანს, ხანდაზმულებს საქართველოში არა იმდენად მათ გარშემო მყოფი ადამიანების დეფიციტი აწუხებთ, არამედ ამ ადამიანებთან ემოციების გაზიარების და თანაგანცდის დეფიციტი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, სოციალური მარტოობა საქართველოში ახასიათებთ პირებს:

  • რომლებიც იშვიათად გრძნობენ მათ გარშემო ისეთი ადამიანის არსებობას, ვინც, საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან წაიყვანს;
  • რომელთაც იშვიათად უჩნდებათ გრძნობა, რომ ჰყავთ ადამიანი, ვისთან ერთადაც რამე სასიამოვნო შეუძლიათ აკეთონ;
  •  რომელთაც უფრო იშვიათად უჩნდებათ გრძნობა, რომ ჰყავთ ადამიანი, ვინც უყვართ და თავს სასურველად აგრძნობინებს;
  •  რომლებიც თავს, ზოგადად, არაბედნიერებად (უბედურებად) მიიჩნევენ;
  • ვინც მცირერიცხოვან ოჯახში ცხოვრობს;
  • ვინც დედაქალაქში ცხოვრობს.

ემოციური მარტოობის განცდა კი იმ პირებს უჩნდებათ:

◾ რომლებიც უფრო იშვიათად გრძნობენ, რომ ჰყავთ ადამიანი, რომელიც დაეხმარებათ, თუ საწოლზე მიჯაჭვულია;

◾ რომლებიც იშვიათად გრძნობენ, რომ ჰყავთ ადამიანი, ვინც ავადმყოფობის შემთხვევაში ყოველდღიური საქმეების განხორციელებაში დაეხმარებათ;

◾ რომლებიც შედარებით ხშირად ნერვიულობენ, როდესაც პირისპირ საუბრისთვის ხვდებიან ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობენ;

◾ რომლებიც, ზოგადად, თავს ნაკლებად ბედნიერად მიიჩნევენ;

◾ რომლებიც დედაქალაქში ცხოვრობენ.

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე აღნიშნავს, აუცილებელია, ხანდაზმულებისთვის არსებობდეს სხვადასხვა სოციალური სივრცე, მათ შორის დღის ცენტრები და 60+ კლუბები, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დრო საინტერესოდ გაატარონ:

„კვლევამ გვიჩვენა, რომ მარტოობა უკვე გლობალური პრობლემაა, მარტოობის განცდა ხანდაზმულების ჯანმრთელობისათვის საკმაოდ მაღალ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. ის სიკვდილიანობის ისეთივე რისკს ქმნის, როგორც, მაგალითად, თამბაქოს რეგულარული მოხმარება ან ჭარბწონიანობა.

სამწუხაროდ, ეს რისკ-ფაქტორი კარგად გაცნობიერებული არ არის და ძალიან მცირეა ძალისხმევა იქით მიმართული, რომ ეს რისკ-ფაქტორი შემცირდეს. აღმოჩნდა, რომ ძალიან მაღალია ხანდაზმულებში ეს რისკ-ფაქტორები, ემოციური მარტოობის შეგრძნება 52%-ში აღინიშნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებს აკლიათ გვერდზე ისეთი სოციალური ქსელები და კავშირები, ვისთანაც ისინი ინტერესებს გაიზიარებენ. აუცილებელია ხანდაზმულებისთვის არსებობდეს ისეთი სოციალური სივრცეები, როგორიცაა დღის ცენტრები და 60+ კლუბები, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დრო საინტერესოდ გაატარონ.

მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი პოლიტიკა და სამოქმედო პროგრამა, რომელიც საზოგადოდ ხანდაზმულების უფლებებზე და კეთილდღეობაზე მიმართული იქნება“, – განაცხადა ლელა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g