ჟურნალისტი არჩილ გამზარდია წერს, რომ ჯერ მამამისის გარდაცვალებიდან ორმოცი არ იყო გასული, როდესაც ნაძვის ხე მორთო სახლში.
გამზარდიას თქმით, დარდსაც, ტკივილსაც, გლოვასაც თავის ადგილი და მნიშვნელობა აქვს.
„მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ახალ წელს, ორმოციც არ იყო გასული, ამის მიუხედავად, ნაძვის ხეც დავდგი და ოთახიც მოვკაზმე და არა იმიტომ, რომ მიხაროდა, რადგან მაგ დროს სიხარულის უნარი რა იყო, ისიც კი აღარ მახსოვდა, არამედ იმიტომ, რომ შვილები მყავს და არის დრო და არის დღეები, როდესაც მათ ტკივილი არ უნდა შეეხოთ, უნდა იზეიმონ და გლოვაზე მეტად, ტკბილი ემოციები მიიღონ.
ახლა რაც ხდება, რას ჰქვია, თბილისი საახალწლოდ მოირთოო, დავამძიმოთ ესთეტიკა და შავში შევმოსოთო, ჩემთვის მართლა გაუგებარია.
დარდსაც, ტკივილსაც, გლოვასაც თავის ადგილი და მნიშვნელობა აქვს, ან ერთმანეთში რატომ ვურევთ, ან ერთ სიბრტყეში რატომ ვაყენებთ. არ ვიცი, გაუგებარია.
ჩვენს გარდა ჩვენი შვილებიც არიან, რომლებსაც ისეც ამ ქვეყანაში იმაზე მეტი მძიმე ემოციებით უწევთ ცხოვრება, ვიდრე მათ ასაკს ვუსურვებდით, ჰოდა, ცოტა მათკენაც გავიხედოთ, ძალიან ბევრ მშობელს საახალწლო სპექტაკლებზე და ღონისძიებებზეც ვერ მიჰყავს შვილები, რადგან სასწაული ფასი აქვს ბილეთებს და ქუჩაში გავლის სიხარული მაინც დავუტოვოთ.
არაა მშვიდობა, არა, ჩვენს ქვეყანაში, მოძმე ქვეყნის ომის გარეშეც არ ყოფილა მშვიდობა ეს წლები, არც ახლაა, მაგრამ ჩვენი თავის იქითაც გავიხედოთ, ბავშვებს მეტი დადებითი განცდა მივანიჭოთ, რაღაც ელემენტარულ და უბრალო სიხარულს შავებით ნუ შევუმოსავთ, თუნდაც სახლში სიკვდილი ტრიალებდეს.“ – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს, 9 დეკემბერს 20:00 საათზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება.
„არსებობს გარკვეული თარიღები, რომელთაც გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდებათ, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა ადამიანების ცხოვრებაში აუცილებელია. სწორედ ასეთი თარიღია ახალი წელი“. – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ყველა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებაზე დაპატიჟა.
დღესვე, 20:00 საათზე სლოგანის „მშვიდობის ქალაქი“ შეცვლის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.
„ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს წინ, ერთად ვნახოთ,რას გვიპასუხებს მერია მოთხოვნაზე – შეცვალოს ან გააუქმოს წარწერა – „მშვიდობის ქალაქი“.
უნდა ვიყოთ ყველა, ვისაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება უნდა. ვისაც უნდა, სარგებლობდეს კანონით მონიჭებული აზრის გამოხატვის თავისუფლებით ყველა, ვისაც ევროპის ოჯახში უნდა ყველა, ვისაც არ უნდა მთავრობის უგუნურობის გამო სირცხვილისგან თავჩაქინდრული დადიოდეს ეს კი ცოტაოდენი თვითმმართველობის აღებულ ვალდებულებზე,“ – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.