„ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ რუსეთმა მისი დაუნდობელი ომისგან დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გადაიხადოს. ომის დანაშაულები და სხვა სისასტიკე დაუსჯელი ვერ დარჩება. ჩვენ პრეზიდენტ პუტინსა და სხვა პასუხისმგებელ პირებს პასუხისგებაში მივცემთ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაში, რომლებიც უკრაინის მიმართ მხარდაჭერას კვლავ ადასტურებენ.
ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ G7 უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, რამდენი ხანიც რუსეთის ომი გაგრძელდება. G7-ის ლიდერები რუსეთის „უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას“ მიუღებელს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება.
„დიდი შვიდეული“ გამოხატავს მზადყოფნას, უკრაინას რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმაროს.
„ვგმობთ რუსეთის მუდმივ არაჰუმანურ და სასტიკ თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებზე, ასევე უკრაინის ქალაქებზე და ვაცხადებთ, რომ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე, წარმოადგენს ომის დანაშაულს.
ჩვენ ასევე ვგმობთ მათ, ვინც ხელს უწყობს პუტინის უკანონო ომს. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას მისი კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შეკეთებაში, აღდგენასა და დაცვაში.
ზელენსკი: ვთავაზობ რუსეთს, სცადოს მაინც იმის დამტკიცება, რომ შეუძლია, უარი თქვას აგრესიაზე, სწორი იქნებოდა, ამ შობას დაიწყოს ჯარების გაყვანა უკრაინიდან
"წინ დღესასწაულებია, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს..."
რუსეთმა უნდა გადაიხადოს მისი სასტიკი ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ის არ შეიძლება იყოს დაუსჯელი ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკისთვის. პრეზიდენტ პუტინს და სხვა პასუხისმგებელ პირებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პასუხს ვაგებინებთ. ვიმეორებთ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებაs მძიმე შედეგები მოჰყვება.
რუსეთის აგრესიული ომი უნდა დასრულდეს. დღემდე, ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მდგრადი სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია. რუსეთს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტით და უკრაინის ტერიტორიიდან თავისი ძალების სრულად და უპირობოდ გაყვანით. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივას სამართლიანი მშვიდობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეული“ პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს და გააძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე:
„ვრჩებით უპრეცედენტოდ კოორდინირებული სანქციების ერთგული. შევინარჩუნებთ და გავაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე და მათზე, ვინც თავს არიდებს და ძირს უთხრის ჩვენს შემზღუდველ ზომებს. გავაგრძელებთ დაუცველი ქვეყნების დაცვას, რომლებზეც მძიმე გავლენას ახდენს რუსეთის აგრესიული ომის შედეგები და მის მიერ ენერგორესურსებისა და საკვების ომის იარაღად გამოყენება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და იაპონია, ასევე წევრია ევროკავშირიც. შეგახსენებთ, რომ G7-ის ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა 12 დეკემბერს, დისტანციურად გაიმართა.
ჯო ბაიდენი: ვაგზავნით თუ არა ჯარისკაცებს უკრაინაში? არა, ჩვენ ვაგზავნით მასალებს