LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

5265
fortuna_photo

2025 წლის 1-ელი იანვრიდან თავდაცვის ახალი კოდექსი ამოქმედდება, რაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირებას გულისხმობს და როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააზუსტა, მოქალაქეები შესაბამის სწავლებას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლიან. პრემიერმა ისიც თქვა, რომ დღეს მოქმედი წვევამდელთა სამსახური ეფექტური არ იყო და შესაბამისად, იმ შედეგს ვერ იძლეოდა, რაც ქვეყნის თავდაცვიუნარიანობის გასაზრდელადაა საჭირო.

პროგრამა 6, 8 და 11 თვიანი იქნება – იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას აირჩევს შემდეგში. თეორიის გარდა, მოქალაქეები ინტენსიურ საბრძოლო სამხედრო მომზადებას გაივლიან, პროგრამის დამთავრების შემდეგ კი, პირს რიგითის წოდება მიენიჭება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის კოდექსზე დამატებითი განმარტება გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თავდაცვის ძალების ყოფილმა პირველმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თქვა, რომ მთლიანობაში, ახალი კოდექსი თავდაცვის მიმართულებით ბევრ საკითხს აწესრიგებს.

მანვე აღნიშნა, რომ პროექტი საერთო ჯამში, ცხრა კანონს მოიცავს და მუშაობის შედეგად, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გასწია,  NATO-სა და ამერიკის სტანდარტს უფრო დაუახლოვდა. ჩაჩიბაიას განცხადებით, შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ ევროპის სარდლობის იურისტი სპეციალისტები, რის შედეგადაც დოკუმენტი თანამედროვე საკითხებს უპასუხებს.

ჩაჩიბაიას ინფორმაციით, ასევე სიახლეა ის, რომ სტუდენტებისთვის ჩნდება შესაძლებლობა, ამორჩევით გაიარონ ახალწვეულების სამსახური ქვედანაყოფებში და მათი მსახურების პერიოდი თვეების მიხედვით გადანაწილდება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს თავდაცვის სამინისტროს გეგმის ნაწილი იქნება.

„სიახლეა, რომ ნებისმიერ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ბაკალავრიატის ხარისხის მიღებასთან ერთად, მიიღოს ლეიტენანტის ან სერჟანტის წოდება, რაც თავდაცვის ძალების სარეზერვო კომპონენტს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ასევე სიახლეა ის, რომ კანონში გაიწერება მოხალისეების შესახებ საკითხი და მოხალისეებს შესაბამისი სტატუსი მიენიჭებათ, რაც ასევე ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტოტალური თავდაცვის პრინციპზე წინააღმდეგობის გაწევის გაძლიერებას.“– განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

რას გულისხმობს სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირება; რამდენად შეუწყობს ხელს აღნიშნული ცვლილებები თავდაცვიუნარიანობის გაზრდას და როგორია წვევამდელების პრაქტიკა სხვა ქვეყნებში – ამ საკითხებზე „ფორტუნა“ უსაფრთხოების ექსპერტსა და ანალიტიკოსს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

 

სავალდებულო სამხედრო სამსახური – არსებული პრაქტიკა და გამოწვევები

 

ანდრო გოცირიძის თქმით, მსოფლიოში სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით რამდენიმე მიდგომა არსებობს. მისი ინფორმაციით, 10-15 წლის წინ, სავალდებულო სამსახური ბევრმა სახელმწიფომ დათმო, რადგან მიიჩნევდნენ, რომ თავდაცვისუნარიანობისთვის საკონტრაქტო სამსახური საკმარისი იყო, თუმცა როგორც ანალიტიკოსმა გვითხრა, რაც უფრო მატულობდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ძლიერდებოდა პუტინის რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის და მათ შორის, ზოგიერთი სკანდინავიის ქვეყანა, გაწვევის სავალდებულო სამსახურის ფორმას ისევ დაუბრუნდა.

„აქვე რომ განვმარტოთ: საუბარია საკონტრაქტო ჯარზე, სახელმწიფოები პრეფერენციას მას ანიჭებდნენ და სავალდებულო კომპონენტის გაუქმებაზე საქართველოშიც იყო საუბარი, თუმცა, ბოლო 5 წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც რუსეთის პოლიტიკა უფრო აგრესიული გახდა, ბევრი სახელმწიფო მიხვდა, რომ მხოლოდ საკონტრაქტო ჯარით კრემლს წინ ვერ აღუდგებოდნენ, ამიტომ ეს ორი კომპონენტი – სავალდებულო გაწვევა და ძლიერი რეზერვი, დღის წესრიგში დაბრუნდა.

გაწვევის სისტემას ისევ დაუბრუნდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და განსაკუთრებით ისინი, სადაც რუსული აგრესია უფრო მეტად მოსალოდნელია“, – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილებებს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქართველოში ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა, როგორც გოცირიძემ გვითხრა, სიზუსტისთვის უნდა ითქვას, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური ქვეყანაში არასდროს გაუქმებულა.

„სავალდებულო სამხედრო სამსახური ყოველთვის იყო, მაგრამ გაწვეულები სამსახურს ძირითადად იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს [მაგალითად, დაცვის პოლიციის] რიგებში გადიოდნენ და სამსახურს ისე ასრულებდნენ, რომ ფაქტობრივად, სამხედრო უნარ-ჩვევები, რაც ომის პირობებში ან შემდგომში, მათი რეზერვის სახით ჯარში გაწვევისას არის საჭირო, არ ჰქონდათ.

ამდენად, ის, რომ სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, ცალსახად პოზიტიური გადაწყვეტილებაა – ე.ი. გაივლიან საბრძოლო მომზადებას, შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს და სხვადასხვა სამხედრო სპეციალობით მომზადებული კადრი გვეყოლება“, – აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებების არსს, ანალიტიკოსის თქმით, სავალდებულო ჯარი თავდაცვის ღონისძიებებში გამოიყენება, ხოლო სამსახურის გავლის შემდგომ, რეზერვში თუკი მოქალაქე ამ სამხედრო სავალდებულო სამსახურს რომელიმე პენიტენციური დაწესებულების დაცვაში გადის, ბუნებრივია, მას საბრძოლო მომზადება არ გაუვლია და სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ქვეყნის თავდაცვისათვის ვერ გამოდგება.

 

სავალდებულო სამსახურის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

ანდრო გოცირიძის მოსაზრებით, საქართველოსთვის სავალდებულო ჯარი მნიშვნელოვანი, საჭირო კომპონენტია და მეტიც – მისი აზრით, სამსახური სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რათა გადალახოს ის ბარიერები და სპეციფიკური წვრთნები, რასაც ახალგაზრდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გადის.

რაც შეეხება მიდგომებს და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ანალიტიკოსის მოსაზრებით, ეს სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს:

„მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეიარაღებული ძალები სრულიად საკონტრაქტო საფუძველზეა დაკომპლექტებული. როგორც ჩანს, იქ საკონტრაქტო სამსახურისთვის მოსაძიებლად საკმარისი ბაზაა, პატარა ქვეყანას კი ამდენი რესურსი არ აქვს.

მით უმეტეს, ჩვენ რუსეთის უშუალო აგრესიის ქვეშ ვიმყოფებით და წვევამდელთა ჯარი, ოღონდ თუ ისინი შესაბამის წვრთნასა და სწავლებას გაივლიან, თავდაცვის ორგანიზებაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – უთხრა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

ბურჭულაძე: კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ მოქალაქეებმა ჯარს თავი მექანიკურად აარიდონ - წელს მხოლოდ 1 ორგანიზაციიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი 12 000-მა ადამიანმა აარიდა 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უწყებამ შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და შესაბამისად, გაწვევის სისტემის რეფორმირება ამის საფუძველზე მოხდება - შეიცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებიც.

კითხვაზე, რამდენად სამართლიან პირობებში ხდება დღეს არსებული პრაქტიკით მოქალაქეების გაწვევა და შექმნის თუ არა ახალი ცვლილებები გაწვევის თავიდან აცილების შესაძლებლობას, ანალიტიკოსმა ასე გვიპასუხა:

„სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა კორუფციის რისკების შემცველი ერთ-ერთი სფეროა და დიახ, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ის გამონაკლისები, რომელიც „იცავს“ და „იხსნის“ ახალგაზრდას გაწვევისაგან, რადგან ეს საქართველოში ყოველთვის ვაჭრობის საგანი იყო, ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან.

გარდა კომისარიატებსა და გამწვევ კომისიებში არსებული კორუფციისა, არსებობდა ისეთი უკუღმართი პრაქტიკა, როგორიც არის უმაღლესი სასწავლებლის სამხედრო კათედრები. უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე არ მოქმედებს.

ჯარი სოციალური მოვლენაა და ამან შემდგომ ერთ-ერთ ფაქტორად, განათლების სისტემის დეგრადაციაზეც იმოქმედა, რადგან სოკოებივით მომრავლდა ისეთი უნივერსიტეტები, რომლებიც მხოლოდ მხოლოდ იმისთვის არსებობდნენ, რომ ახალგაზრდებს ჯარიდან თავის არიდებაში დახმარებოდნენ.“– გვითხრა ანდრო გოცირიძემ.

 

სტუდენტები წვევამდელთა რიგებში

 

ანალიტიკოსმა წვევამდელთა რიგებში სტუდენტთა გაწვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გვითხრა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არ არის მხოლოდ თავდაცვის სფეროს მოვლენა და მის სიჯანსაღეს გავლენა აქვს განათლების მიმართულებასა თუ პატრიოტულ განწყობებზეც.

შესაბამისად, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, თავისთავად, თუ წვევამდელთა ჯარი არ იქნება პრესტიჟული, შესაბამის პირობებში, შესაბამისი წვრთნებით უზრუნველყოფილი, „გაწვევისგან თავდახსნა ყოველთვის იქნება აღებმიცემობის, კორუფციის საფუძველი და ეს სახელმწიფოს დამატებით რისკებს გაუჩენს.“

„რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას სტუდენტებზე, ტექნიკურ დეტალებში შეგნებულად არ შევალ, რადგან საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სავალდებულო სამსახურში გაწვევა ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო: ე.ი მიწვევთ, ვწყვეტ სწავლას, ვწყვეტ სამსახურს და ა.შ, რადგან ეს თანამედროვე საბაზრო ურთიერთობებს არ შეესაბამება და ახალგაზრდების დემოტივაციას გამოიწვევს.

ბუნებრივია, გასაწვევთა მოტივირებისათვის უფრო ჭკვიანური, მოქნილი მოდელები უნდა იქნეს შეთავაზებული, რომ სტუდენტებმაც იმსახურონ, ქალებმაც [რასაკვირველია, მათ თანაბარი შესაძლებლობები უნდა მიეცეთ] და ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელმაც.

მათ შორის, ისეთმა სპეციალისტებმაც, რომლებმაც შესაძლოა კომპიუტერულ სივრცეში ბრძოლით უფრო მეტი სარგებელი მოუტანონ ქვეყანას, ვიდრე იარაღითა და სანგრების ბრძოლით.“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ანდრო გოცირიძემ.

 

ქალები ჯარში

 

გარდა ზემოთ აღნიშნული მოსალოდნელი ცვლილებებისა, გუშინ, 12 დეკემბერს, რამდენიმე დეპუტატის მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური ქალებმაც უნდა გაიარონ და რომ ქალების შემთხვევაში შესაბამისი უნარ-ჩვევების ცოდნა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად წაადგება.

„თანდათან ქალებმაც უნდა გაიარონ საბრძოლო მომზადება – ამ ქვეყანაში იარაღის ხმარება ყველამ უნდა იცოდეს“: ალეკო ელისაშვილი

ანდრო გოცირიძეს აღნიშნული ინიციატივის შეფასებაც ვთხოვეთ. როგორც მან გვითხრა, მეცნიერულად დადგენილია და ცივილიზებულ მსოფლიოს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისა, რომ თანაბარი შესაძლებლობების პირობებში, ქალს აბსოლუტურად იმავე წარმატებით შეუძლია სამსახურის გავლა, როგორც კაცს.

მისი მოსაზრებით, ბუნებრივია, რომ ქალს აქვს შესაძლებლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ყველა ის უნარ-ჩვევა შეიძინოს, რაც მამაკაცმა.

„მეორე საკითხია წვევამდელთა რიგებში ქალების მასობრივი გაწვევა, რაც უკვე დასამუშავებელი საკითხია, რადგან ამას სათანადო პირობები სჭირდება. თუმცა, ჩვენ გვაქვს წარმატებული მაგალითები ქალი მფრინავებისა, სხვადასხვა სპეციალობის ქალი სამხედროებისა.

მით უმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი საშუალებას იძლევა, ქვეყნის თავდაცვის სფეროში ქალები სრულად იყვნენ ინტეგრირებულნი.

ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტროს, ძალიან ბევრი წარმატებული პროექტიც აქვს. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა არ იქნება. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები ამაზე მუშაობენ.“– განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძე: „2023 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიონი ლარით იზრდება“

 

 

 

 

 

 

 

magti 5g