LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარემოს დაცვაში შეგვიძლია ყველამ შევიტანოთ წვლილი, არაა აუცილებელი ვინმეს დაველოდოთ“ – როგორ დაიწყო „მზიურმა“ ახალი სიცოცხლე/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

19
ახალი მზიური

2006 წლიდან, ბევრი სირთულის მიუხედავად, მზიურმა ახალი ცხოვრება დაიწყო. ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ნოდარ დუმბაძის ოცნების განხორციელებას თავიდან შეუდგა. ასე გაჩნდა – ჯერ, ყოველწლიური საბავშვო „მზის ფესტივალი“, მოგვიანებით კი, პროექტი „ახალი მზიური“, რომლის გარშემოც არაერთი ადამიანი გაერთიანდა.

გაიხსნა სოციალური კაფე, განახლდა სათამაშო მოედნები და გარე ამფითეატრი.

„ახალმა მზიურმა“ ნელ-ნელა მოიპოვა განსაკუთრებული ადგილის სტატუსი, რომელსაც აქ მომუშავე ადამიანები, ერთგული სტუმრები და განსხვავებული, მზიურისთვის დამახასიათებელ გარემო ქმნის.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ანა გოგუაძე – კაფე „მზიურის“ დამფუძნებელი საუბრობს.

– ანა, კაფეს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მისია. გარდა იმისა, რომ თვითონაც სოციალური საწარმოა, სხვა სოციალურ საწარმოებთანაც აქტიურად თანამშრომლობს. გვიამბეთ თქვენი სოციალური მისიის შესახებ. 

– ჩვენ მხოლოდ კაფე არ ვართ. სხვა სოციალურ საწარმოებთანაც გვიწევს თანამშრომლობა.  ჩვენს სივრცეში ხშირად იმართება ხოლმე სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი თუ გასართობი ღონისძიებები.  ვცდილობთ, რომ სოციალურ საწარმოების მხარდამჭერები ვიყოთ.

ვმეგობრობთ ისეთ საწარმოებთან როგორიცაა „მწვანე საჩუქარი“.

მათთვის ვაგროვებთ მაკულატურას, ასევე ვთანამშრომლობთ „ტენესთან“, მათთვის ვაგროვებთ ხოლმე პლასტმასებს, ვცდილობთ, ჩვენს სივრცეში მათ შესახებ ბევრმა გაიგოს.

– მახსოვს, დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც თქვენ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით, მაშინ ჯერ კიდევ კოვიდის პანდემია მძვინვარებდა და შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი პრობლემა იყო მომსახურების სფეროში.  როგორ გაიარეთ პანდემიის პერიოდი, პრობლემები დარჩა? 

– პანდემიის დროს კვების ობიექტებისთვის რთული პერიოდი იყო. გაგიკვირდებათ და ჩვენ შემთხვევაში პირიქით მოხდა, რაც ძალიან უცნაურია.

ეს განაპირობა იმან, რომ სხვა ობიექტები დაკეტილი იყო, ჩვენ ვიყავით პარკში და იმ პერიოდში უფრო მეტმა ადამიანმა გაგვიცნო.

თბილისში ფეხით სიარული დიდად არ უყვარს ხალხს.

ჩვენთვის პანდემია დადებითი იყო იმ კუთხით, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო ჩვენს შესახებ, ამასთან ჩვენს ქვეყანაში პარკის კულტურა გაიზარდა.

თავიდან, რა თქმა უნდა, ჩვენც დავიბენით, არ ვიცოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით.

მაგრამ მერე ეს პერიოდი უმტკივნეულოდ გადავიტანეთ.

– რადგან  წარმატებით დაძლიეთ რთული პერიოდი, გარკვეული სიახლეები და გეგმები გექნება და მათ შესახებაც გვიამბეთ. 

– ძალიან აქტიური წელი გვქონდა. განახლდა რამდენიმე პროექტი, როგორიცაა, „კინო მზიურში“, საბავშვო პროექტები და მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო ყოფილიყო „მზიურში“ სტუმრობა.

მხიარულობისა და გართობის გარდა, ამავდროულად გვინდა ვიყოთ საინტერესოები. ვცდილობთ, საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ჩვენი საქმიანობა ძირითადად ასეთი ტიპის არის ხოლმე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენს სტუმრებს ძალიან უყვართ, ყველაფერი გაგრძელდება და ყოველ წელს გვემატებიან ახალი ადამიანები.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველასთვის ღია.

დარწმუნებული ვარ, მომავალი წლის გაზაფხულიდან ახალი მეგობრები შემოგვიერთდებიან, რომლებიც ჩვენს სივრცეებს გამოიყენებენ.

– ანა, დიდი ხანია, ამ სფეროში ხართ, სოციალურ საწარმოში ძალიან აქტიურობთ, შეიძლება ითქვას, სამოქალაქო აქტივისტიც ხართ, როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდს? 

ადამიანებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება შეიცვალა? 

– მიდგომები უკეთესობისკენ შეიცვალა. ჩვენი ერთ ერთი მიზანიც  ისაა, რომ საზოგადოება დაგვაკვირდეს და მიხვდეს, რომ მაგალითად პლასტმასი არ უნდა გადავაგდოთ.

გარემოს დაცვითი ღონისძიებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით ვცდილობთ, საზოგადოებას ინფორმაცია  მივაწოდოთ.

ერთ მაგალითს გიამბობთ. რამდენიმე დღის წინ კაფე გვიან  დაიკეტა, ციოდა. პარკში ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა, გოგონა მოვიდა, რომელსაც პლასტმასებით სავსე ძალიან დიდი ჩანთა ჰქონდა და ჩვენს ყუთში მოათავსა. ასეთი ამბები გულს გვიჩუყებს და მოტივაციაც იზრდება.

ჩვენი სტუმრები ხვდებიან, რომ გარემოს დაცვაში შეგვიძლია ყველამ შევიტანოთ წვლილი და არაა აუცილებელი ვინმეს დაველოდოთ.

– ჩემი 11 წლის ქალიშვილისთვისაც „მზიური“ საყვარელი კაფეა, ძალიან უყვარს თქვენთან სტუმრობა, რომელიც სამაგალითოა სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების კუთხით. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g