„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს. ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ ნებისმიერი სახალხო დამცველი ვერ იქნება „ქართული ოცნების“ დამცველი,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რა დროსაც სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ მათთვის სასურველ კანდიდატებს არ გააყვანინებს.
„სახალხო დამცველის ინსტიტუციური ბუნება არის, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდეს ხელისუფლების ქმედებებთან, კანონდარღვევის ქმედებებთან, აფასებდეს ობიექტურად, იცავდეს უმცირესობების უფლებებს…
„ქართული ოცნებამ“ თავიდანვე განაცხადა, რომ მათ არ ეყოლებოდათ შესაბამისი კანდიდატები წარდგენილი, ახლა გამოდის რომ მათ წარმოადგინეს კანდიდატები და ვიღაცა არ ეთანხმება.
პროცესი მარტივად არის დასანახი. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მხარს დაუჭერდნენ ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილ კანდიდატს, ახლა ჯერი მათზეა. სხვა შემთხვევაში, პროცესის ბუნებრივი გაჭიანურება და ჩაგდება ხდება.
ბუნებრივია, საპარლამენტო ოპოზიცია ვერ დაეთანხმება და არ გააყვანინებს „ქართულ ოცნებას“ მათთვის სასურველ კანდიდატებს,“ – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ჩავარდება.
„დღევანდელი დღის გათვალისწინებით, პრაქტიკულად, ახალი ამ თვალსაზრისით არაფერი არ თქმულა, მაღალი ალბათობით, პარლამენტი ვერ დაამტკიცეს სახალხო დამცველის კანდიდატურას.
საპარლამენტო ოპოზიცია არ გაატანინებს „ქართულ ოცნებას“ თავის კანდიდატურას.
ყველანი ერთიანი ვართ ამ პოზიციაზე, ოპოზიციიდან, რომელიმე პარლამენტის წევრის გადაბირება ვერ მოხდება და არ მოხდება, ამის წინაპირობები არ არსებობს,“ – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს მხარს არ უჭერს.
მმართველი გუნდის შეთავაზებაა პარლამენტმა გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: – ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას კანდიდატურებს შორის მიიღოს.