მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. World Bank-ის პროგნოზით, 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.0%-ით გაიზრდება, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა პროგნოზზე და 1.5 პპ-ით ნაკლები წინა წლის ივნისში გავრცელებულ გლობალურ პროგნოზზე.
რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, მსოფლიო ბანკმა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მოლოდინი უცვლელად, 5.0%-იან ნიშნულზე დატოვა.
ეკონომიკის მკვეთრი და ხანგრძლივი ვარდნა განსაკუთრებით ძლიერ დარტყმას განვითარებად ქვეყნებს მიაყენებს - მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მკვეთრად შეამცირა
პროგნოზის მიხედვით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს – 1.7 პროცენტი, ხოლო 2024 წელს 2.7 პროცენტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ უახლეს ანგარიშში მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დრამატულად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. WB-ის შეფასებით, 2023 წელს გლობალური მშპ-ის 1.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ნაცვლად 3%-ისა.
World Bank-ის განმარტებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა გაზრდილი ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, შემცირებული ინვესტიციების და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული პრობლემების ფონზე.
„ეს გასული 30 წლის რიგით მესამე ყველაზე ცუდი ზრდის შედეგი იქნება, რა თქმა უნდა, გლობალური ფინანსური კრიზისისა და კოვიდპანდემიის შემდეგ. გლობალური ეკონომიკური ზრდა იმდენადაა შენელებული, რომ მსოფლიო ახლა უკვე საკმაოდ ახლოსაა რეცესიასთან“, – წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
