LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოსტალიონის იდეალური სასახლე: სიზმარში ნანახი და ერთი ქვით დაწყებული ჯადოსნური ისტორია

312
1200x680_panoramique_web-cjouhanin

ერთი შეხედვით ფრანგი ფოსტალიონის ფერდინანდ შევალის ცხოვრება ბიბლიური ნოეს ბედს ჰგავს. და მაინც შევალი ბედნიერი კაცი იყო: მან აისრულა თავისი მთავარი ოცნება, რომელიც არა მარტო დიადი იყო, არამედ ლამაზიც.

შევალი დაიბადა 1836 წელს სამხრეთ საფრანგეთში, შარმ-სიურ-ერბასში და ჩვეულებრივი სოფლის შრომით ცხოვრობდა – ცოტა გართობა და ნაკლები შესაძლებლობა განათლებისა და შემოქმედებისთვის. თავიდან მცხობელის თანაშემწე იყო, შემდეგ სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, ხოლო 30 წლისამ მშობლიურ მხარესთან ახლოს, პატარა ქალაქ ოტრივში ფოსტალიონის ადგილი მისცეს.

მალე პირველი დარტყმა მიიღო: გარდაიცვალა მისი მეუღლე როზალი, ხოლო ვაჟიშვილი სერილა ნათესავებმა წაიყვანეს. მათ მიიჩნიეს, რომ მთელი დღე შრომაში მყოფი მამა ბიჭს ნორმალურად ვერ გაზრდიდა და ბავშვი ლიონში გაგზავნეს დეიდასთან. შევალი მართლაც დღეში 10 საათი მუშაობდა და თან 25-30 კმ-ს გავლა უწევდა. შესაძლოა ეს უკეთესიც კი იყო: ფიზიკური დაღლა ძალას აღარ უტოვებდა სულიერი ტანჯვისთვის. სოფლის ფოსტალიონი ჩაკეტილი კაცი იყო, უთქმელი და არასდროს გამოხატავდა ემოციებს.

როზალი და სერილა

მას შემდეგ, რაც შევალი მარტო დარჩა, მას დამატებითი მონაკვეთი მისცეს. ასე შეხვდა თავის მუზას – ქვრივ ფილომენა რიშოს. მალე დაქორწინდნენ. ფილომენა უბრალო სოფლელი ქალი იყო და მთელ დღეებს შრომაში ატარებდა. მაგრამ მან მაინც შეამჩნია გაუღიმარ ქმარში ლამაზი სულის მქონე ადამიანი. ის პირველი მიხვდა, რომ შევალი მხატვარი იყო, ამიტომ პატიობდა უამრავ ახირებას და მისი ოცნების სჯეროდა.

შევალი ფილომენასთან და ელისთან ერთად

ოცნება კი ფერდინანდს 30 წლისას დაებადა, როდესაც სიზმარში უამრავი წვრილმანი დეტალებისგან აგებული უცნაური სასახლე ნახა. შესაძლოა ამ იერის წარმოსაქმნელად შორეული ქვეყნების ჟურნალებმა იმოქმედეს, რომელიც ადრესატებამდე დაჰქონდა. მათზე გამოსახული იყო პირამიდები, კამბოჯის ტაძარი ანგკორი, არაბული მინარეთები, ჩინური პაგოდები.

ერთხელ, ტრადიციული შემოვლისას, ფოსტალიონი ქვის წვერს წააწყდა. ამოთხარა და აღმოაჩინა უჩვეულო ფორმა: თითქოს ვიღაცამ რომელიღაც ცხოველის კარიკატურა გამოძერწა. ქვამ ფერდინანდს სიზმრის სასახლის დეტალი გაახსენა. ფოსტალიონმა ქვა ჩანთაში ჩაიდო და შინ წაიღო. მეორე დღეს ამავე ადგილზე რამდენიმე ასეთივე უცნაური ქვა იპოვა.

მას შემდეგ ყოველდღე მიჰქონდა სახლში მთებში, ტყეში, გზად შეგროვილი ქვები. როდესაც ეზოში ქვის გორაკი წარმოიშვა, ფერდინანდმა ნივნივი დადგა, ცემენტი დაასხა და რაღაც ნაგებობის აღმართვა დაიწყო.

რას აკეთებ? – ჰკითხა ფილომენამ, რომლის ბოსტანიც გაანადგურა ქმარმა.

შენთვის სასახლეს ვაშენებ – ლაკონურად მიუგო შევალმა.

როდესაც ოჯახში ნანატრი გოგონა ელისი დაიბადა, ბედნიერმა მამამ გადაიფიქრა და პირველ რიგში სასახლე შვილს მიუძღვნა. ელისი თავს პრინცესად გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები მამამისს გიჟს ეძახდნენ, მის წამოწყებას კი ბოდვას. მათ არ ესმოდათ რატომ აკეთებდა ამას დაღლილი კაცი ან რა სასახლე ეს იყო.
„მე ვაშენებ ისე როგორც ბუნება მკარნახობს. ხეები, ქარი და ფრინველები მასწავლიან აგებას“, – ცდილობდა ფერდინანდი ახსნას.

ოტრივის მაცხოვრებლები შევალს ახირებულს მაშინაც უწოდებდნენ, როდესაც მათი ქალაქისკენ ჟურნალისტებმა დაიწყეს ჩასვლა ფოსტალიონის საოცარ არქიტექტორულ პროექტზე დასაწერად. სტატიების გმირს მოსწონდა ბანალური ციტატები და რამდენიმე მათგანით ააჭრელა კიდეც სასახლის კედლები: „სურვილით მწველი გულისთვის შეუძლებელი არაფერი“, „კაცობრიობავ, გახსოვდეს, შენ მხოლოდ მტვერი ხარ, უკვდავი მხოლოდ სულია“ ან „არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხარ და რას მიაღწიე, თუ საკმაოდ მამაცი ხარ და მზად ხარ მძიმე შრომისთვის, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას“.

თავის ქმნილებას შევალმა უწოდა „იდეალური სასახლე“ (Palais idéal).

სასახლეს იდეალური კი შემთხვევით როდი უწოდეს. აქ არა მარტო არქიტექტურის, არამედ კულტურის განსხვავებული მიმართულება აისახა. აქ ნახავთ ახლოაღმოსავლურ მოტივებს, მორთულობის ალჟირულ და ჩინურ ელემენტებს. სასახლის სტილზე დიდი გავლენა მოახდინა ანტონიო გაუდიმ. სასახლის ზედაპირზე არ არის არცერთი თავისუფალი ადგილი, ყველაფერი შევსებულია ნაძერწით, გამოსახულებებით, ქანდაკებებით და დეკორის სხვა ელემენტებით.

კედლებზე შევალმა გააკეთა ციტატები ქრისტიანობიდან და ბუდიზმიდან. შესასვლელში მოახატა: Plus opiniâtre que moi se mettre à l’oeuvre (დაე ახლა საქმეს უფრო შეუპოვარმა მოჰკიდოს ხელი, ვიდრე მე ვარ).

როდესაც მშენებარე სასახლე ნამდვილ ღირსშესანიშნაობად იქცა, ელისი ავად გახდა და გარდაიცვალა. შევალი იმდენად დათრგუნული იყო, რომ მშენებლობა რამდენიმე დღით შეაჩერა კიდეც. მას სურდა ქალიშვილისთვის აკლდამის გაკეთება, მაგრამ ნება არ დართეს: მიცვალებულთა ადგილი სასაფლაოზეა. მაშინ ფერდინანდმა გადაწყვიტა საგვარეულო აკლდამა გაეკეთებინა სასახლის სტილში და რამდენიმე წელიწადში გააკეთა კიდეც. გენიალური თვითნასწავლი არქიტექტორიც სწორედ ამ აკლდამაში განისვენებს.

შევალი კიდევ უფრო მეტს მუშაობდა, მას სურდა, რაც შეიძლება მალე მომკვდარიყო, რათა შვილი ენახა. სიკვდილისგან ის ცოლმა იხსნა, თავისი მხარდაჭერითა და სიყვარულით. რამდენიმე წელიწადში ცოლიც გარდაიცვალა.

შევალმა 88 წლამდე იცოცხლა, აქედან 33 წელი აშენებდა იდეალურ სასახლეს. პაბლო პიკასო და ანდრე ბრეტონი მოითხოვდნენ, რომ ფოსტალიონის ქმნილება შედევრად ეღიარებინათ. ბევრს საუბრობდნენ, რომ Palais idéal ხელოვნების ახალი სახეობაა – არ ბრიუტი (უხეში ხელოვნება). მოგვიანებით მისმა სტილმა მიიღო სახელწოდება „მიამიტი არქიტექტურა“. ისტორიული ძეგლის სტატუსი სასახლემ მხოლოდ 1969 წელს დაიმკვიდრა, შევალის გარდაცვალებიდან 45 წელიწადში. 1975 წელს ძეგლი აღიარა და მფარველობის ქვეშ აიყვანა სახელმწიფომ.

 

ამჟამად ფერდინანდ შევალის იდეალური სასახლე ტურისტული მარგალიტია და მის სანახავად უამრავი ადამიანი მიემართება.

2018 წელს ფერდინანდ შევალის ცხოვრების შესახებ გადაიღეს ბიოგრაფიული ფილმი “ფერდინანდ შევალის იდეალური სასახლე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g