LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დამოკიდებულება აქვთ ქართულ ავტოკლუბებს ერთმანეთთან?

87

საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში, უამრავი ავტოკლუბი აღმოცენდა. ერთ-ერთი ყველაზე პირველი და პიონერი Volkswagen Club Georgia გახლდათ, რომელსაც მოყვა BMW Club Georgia  და სხვა. თუმცა, საქართველოში არსებულ ავტოკლუბებს შორის დამოკიდებულებები, უმეტეს შემთხვევაში ხისტი და აგრესიულია. რა არის ამის მიზეზი? დღევანდელ ავტობლოგში თქვენს ყურადღებას სწორედ ამ თემაზე გავამახვილებ:

 

დათა (Audi Club Georgia)

ჩვენი კლუბი დიდი ხანია რაც არსებობს, საკმაოდ მშვიდი და მეგობრული კლუბია. თუმცა, არასდროს დამავიწყდება ის, რაც BMW კლუბმა მოგვიწყო რამდენიმე ხნის წინ.  შეკრებაზე ვიყავით, როდესაც ისინი შეიარაღებულები დაგვესხნენ თავს და ჩვენი ავტომობილები საღებავში ამოსვარეს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დადგმულივით იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენი კლუბის სახელზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა. არ ვიცი რას დავაბრალო ის აგრესია, რაც ჩვენი კლუბის მიმართ აქვთ ზოგადად მაგრამ ფაქტია, რომ ერთმანეთთან ასეთი დამოკიდებულებით შორს ვერ წავალთ. იმის მაგივრად, რომ კლუბები საერთო პრობლემების წინაშე გაერთიანდნენ და იბრძოლონ, ერთმანეთის ლანძღვა გინებით არიან დაკავებულები. არ ვიცი ვინ რამდენად მიიღებს ჩემს რჩევას, მაგრამ ვთვლი, რომ თითოეულმა კლუბმა მჭიდრო კონტაქტი უნდა იქონიოს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ის საერთო პრობლემები, რისი ატანაც ყოველდღიურად გვიწევს.

 

მამუკა (Honda Club Georgia)

ჩვენს მიმართ საკმაოდ აგრესიულები არიან თითქმის ყველა საავტომობილო კლუბის წევრები. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს დაბალკუბატურიან ძრავებს, მათი მაღალკუბატურიანის დამარცხება შეუძლია (იცინის). თუმცა, რა თქმა უნდა ვმეგობრობთ კიდეც, დავდივართ შეკრებებზე, ვცვლით ინფორმაციებს, თუმცა, მათ უმეტესობას Honda და საერთოდ იაპონური ავტომობილები საკმაოდ დაბალ დონედ მიაჩნია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კარგია, რომ შენს ავტომობილს აფასებ, გიყვარს და მასზე ყველაფერი იცი, მაგრამ არ არის აუცილებელი სხვა ავტომობილების მფლობელს შეურაცხჰყოფა მიაყენო. დავაკვირდი,  რომ ყველაზე მეტად აგრესიულები BMW-სა და Mercedes-Benz-ის მძღოლები არიან, თან არა მარტო ჩვენ, არამედ ზოგადად, სხვა ავტოიმობილების მიმართაც, რაც მე არასწორად მიმაჩნია. მათ უმეტესობას ჰგონია, რომ თუ BMW-თი დადის ესეიგი ის ჩვენზე რამით მეტია, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. სინამდვილეში ეს უბრალო პაექრობაა და მეტი არაფერი.

 

ნოდარი (BMW Club Georgia)

ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ჩვენს კლუბს სახელი გაუფუჭოს და ამის გამო, ათას სისულელეს იგონებს. რა აგრესია, რის აგრესია, კარგით რა ხალხო, რომელი საუკუნეა? ჩვენს მიმართ უფრო დიდი აგრესიით არიან განწყობილები და იმიტომ, რომ ჩვენი კლუბი ძალიან მეგობრულია. სხვა კლუბის ფეისბუქ–გვერდებზე თუ შეიხედავთ, ჩვეულებრივი ბაზარი გეგონებათ, ყიდიან ნაწილებს, ერთმანეთს ფულს ართმევენ ისეთ დეტალებში, რასაც ელიავას ბაზრობაზეც კი გაჩუქებენ. ჩვენთან პირიქითაა, მაქსიმალურად ვცდილობთ ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ და დავეხმაროთ. ეს ძალიან ელემენტარულია. სწორედ აქედან გამომდინარე მოდის ის ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რომ ვითომ ჩვენ სხვების მიმართ ვართ აგრესიულები, „იაღოველებიც“ კი შეგვარქვეს, რაც ცოტა არ იყოს და ბევრისთვის შეურაცხმყოფელია. არიან ისეთებიც ვისთანაც ვმეგობრობთ სხვადასხვა კლუბებიდან, თუმცა საერთო სურათი ძალიან შემაშფოთებელი და არასასიამოვნოა. ბოლო ბოლო მთავარი ადამიანობაა, სხვა თუ არაფერი.

 

გუგა (JDM Club Georgia)

Mercedes-Benz-ის მძღოლებზე გავაკეთებდი აქცენტს ამ თემასთან დაკავშირებით და რატომ. მათ უმეტესობას გონია, რომ მსოფლიოს მბრძანებლები არიან, დასცინიან სხვა ავტომობილის მძღოლებს, მუდამ ცდილობენ თავი დაჩაგრულად აგრძნობინონ, მემგონი ეს ხასიათში აქვთ გადასული (იღიმის). დღესაც რაღაც პოსტი მომხვდა თვალში Mercedes-ზე, მათთვის არასასიამოვნო ინფორმაცია დაიდო და გადაირივნენ, სტატიის ავტორი იქ რომ ყოფილიყო, ალბათ შუაზე გაგლეჯდნენ. არ შეიძლება ასეთი რამ მეგობრებო. ყველას თავის აზრი და გემოვნება აქვს, ამის გამო ერთმანეთის დახოცვა ნამდვილად არ ღირს. ზოგს Mercedes მოსწონს, ზოგს BMW, ზოგს Datsun-ი და ა.შ. ყველას ისეთი ავტომობილი ურჩევნია, რომელიც მას მორგებული ყავს, ან რამდენის საშუალებაც აქვს. აქვე დავამატებდი იმას, რომ ჩვენთან არსებულ საავტომობილო კლუბებს, საშინელი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. ერთმანეთს ღონისძიებების თარიღებს უმთხვევენ, ვითომ კონკურენციის მიზნით, თუ რომელიმე მათგანის კლუბში არ ხარ გაწევრიანებული და დასათვალიერებლად მიხვედი, შეიძლება ცოცხალმა ვერც გამოაღწიო და ა.შ. ასეთი დამოკიდებულება თუ დიდხანს გაგრძელდება დამიჯერეთ ავტოსპორტს საკეთილდღეოდ ნამდვილად არ მოხმარდება. ყველაზე კარგად ერთმანეთში იაპონური და გერმანული კლუბების წევრები არიან, თუმცა პატარ-პატარა განხეთქილებები აქაც ხდება ხოლმე, რასაც საერთო ჯამში სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები