LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

388
ომი

გასული წლის 24 თებერვლის დილამ, უახლეს ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა, მსოფლიომ შეცვალა დღის წესრიგი – 1 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყნის აგრესორმა ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა კი გამთენიის 4 საათზე ომი ოფიციალურად გამოაცხადა.

მთავარი მიზანი, რომელსაც მან „სპეციალური ოპერაცია“ უწოდა და რომლის ფარგლებშიც დედაქალი კიევი 3 დღეში უნდა აეღო, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლება ჩამოეშალა, კრახით დასრულდა.

ფაქტია, რომ 1 წლის თავზეც პუტინის „დენაციფიკაციისა“ და „დემილიტარიზაციის“ გეგმა სრულად ჩავარდნილია, თუმცა მიუხედავად ამისა, 21 თებერვალს, საკუთარ ბოლო გამოსვლაში, კრემლის ლიდერმა ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ „რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია და რომ ომი მან კი არ წამოიწყო, არამედ რუსეთი კონფლიქტში დასავლეთმა და შტატებმა ჩაითრია.“

პუტინმა „უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტებსა და კიევის ამჟამინდელ რეჟიმს“ დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის და მიმდინარე ომის შედეგად, დაიღუპა 8006 სამოქალაქო პირი და დაიჭრა 13,287 ადამიანი.

საგულისხმოა ისიც, რომ პუტინმა ბირთვული შანტაჟის გზას კიდევ ერთხელ მიმართა და ისიც თქვა, რომ რუსეთის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში [START] მონაწილეობა შეჩერდება. თავდაცვის სამინისტრომ კი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მზადყოფნა უნდა უზრუნველყოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რასაც მთელი მსოფლიო ერთხმად აღიარებს, ისაა, რომ 1 წლიანი სასტიკი ბრძოლების მიუხედავად, უკრაინელების საბრძოლო და სამოქალაქო სულისკვეთება არ გატყდა და როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკრაინა საკუთარ ტერიტორიებს არაფრის ფასად არ დათმობს, ხოლო რუსეთის მარცხი ამ ომში შეუქცევადია.

რაც შეეხება ფრონტი ხაზს, ამჟამინდელი მოცემულობით, რუსეთის არმია, შემორჩენილი რესურსებით, მთელი ძალით ცდილობს კონტროლის დამყარებას უკვე ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებზე – ძირითად იერიშებს კი ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებებით ახორციელებს.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, პუტინს ახალი შეტევებისთვის რესურსი და ძალა აღარ გააჩნია, ამიტომ რეჟიმის აგრესორი ლიდერი ცდილობს, კვლავ ხანგრძლივი ომისთვის მოემზადოს, პარალელურად კი, უკვე ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი [დონეცკი; ლუჰანსკი] შეინარჩუნოს და ამით საკუთარ მოსახლეობაში „გამარჯვებულის იმიჯი“ შეიქმნას.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასავლეთისა და შტატების ერთიანობით უკრაინა მილიარდობით დოლარის თავდაცვის იარაღსა და საბრძოლო მასალებს იღებს, წვრთნის მებრძოლებს დასავლური იარაღის შესასწავლად, რაც უკრაინის არმიას მნიშვნელოვან წინსვლაში ეხმარება.

  • რა აჩვენა რუსეთის 1-წლიანმა აგრესიამ უკრაინაში; საით მიდის ომი და რა როლი აქვს ამ ისტორიულ მოვლენაში საქართველოს – ამ შემაჯამებელ საკითხებზე „ფორტუნამ“ ანალიტიკოსებს მოუსმინა.

 

1 წელი რუსეთის სასტიკი აგრესიიდან და პუტინის ბოლო გზავნილები 

 

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, გარდა იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა განვლილ 1 წელზე პასუხისმგებლობა დასავლეთსა და კიევის რეჟიმს დააკისრა, პუტინმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად „ბირთვული ტრიადის“, ანუ ბირთვული იარაღით აღჭურვილი საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სტრატეგიული შეიარაღებული ძალების შემდგომი განმტკიცება დაასახელა.

აღმოსავლეთმცოდნე და რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ბოლო განცხადებებში განსხვავებული არაფერი უთქვამს და შესაბამისად, მისი გზავნილები კვლავაც იგივე რიტორიკის შემცველი იყო, რასაც ეს უკანასკნელი ბოლო 20 წლის განმავლობაში აჟღერებდა.

„კვლავ შანტაჟის ენით ისაუბრა, თუმცა არც ამაშია რაიმე ახალი. მისი განცხადება კი, თითქოს დასავლეთი რუსეთს უტევს, სრული სისულელეა. ისაუბრა თითქოსდა, რუსეთის საზოგადოებაში პროგრესზე, ოღონდ ვერავინ ხვდება, რა სფეროში აქვთ პროგრესი და სად არიან წარმატებულები.

საერთო ჯამში, ეს იყო „ლუზერის“ გამოსვლა, ვერაფერი ახალი ვერ შესთავაზა ვერც საზოგადოებას, ვერც მსოფლიოს და ვერც რუსეთს. ილაპარაკა იმაზე, რასაც ბოლო 20 წლის განმავლობაში საუბრობდა“, – განუცხადა „ფორტუნას“ ზურაბ ბატიაშვილმა.

ბირთვულ შანტაჟზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ კი, აღმოსავლეთმცოდნემ გვიპასუხა, რომ ამ განცხადების უკვე აღარავის ეშინია, თავად პუტინის რიტორიკა კი საკითხთან დაკავშირებით, შერბილებულია.

 

კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის ბოლო გამოჩენა ფედერალურ კრებაზე

 

ზურაბ ბატიაშვილის მოსაზრებით, დასავლეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამ შანტაჟს არ აჰყვება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

„მიიღებს ყველა იმ შეიარაღებას, რაც მას სჭირდება და ამას ადასტურებს იგივე ბაიდენის ვიზიტიც, რომელიც კიევში შედგა და, რა თქმა უნდა, ის უკრაინას ყველა იმ შეიარაღებას კვლავაც მიაწვდის, რაც მას გამარჯვებისთვის სჭირდება“, – აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა.

რაც შეეხება პუტინის სავარაუდო გეგმებსა და საბრძოლო მოქმედებებში სხვადასხვა რესურსების გამოყენების ალბათობას, რაშიც შესაძლოა, ბელარუსი და მისი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო მოიაზრებოდეს, აღმოსავლეთმცოდნე ამგვარად აფასებს:

„ლუკაშენკო მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა და ცდილობს, თავი აარიდოს ამ კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას. მეორე საკითხია ის, რომ ჩვენ არ ვიცით, კულისებს მიღმა რა ხდება და რით ემუქრებიან მას.

ვნახეთ, რომ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ძალიან საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და არის ეჭვი, რომ ეს პირდაპირი მინიშნება იყო ლუკაშენკოს მიმართ, რომ უკვე დროა, ის ომში ჩაერთოს.

ჩვენ არ ვიცით, წინასწარ ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ დასავლეთსაც აქვს კონკრეტული მითითებები და სიგნალები ბელარუსის მიმართ, რომ თუ ამ ომში ჩაერთვება, მაშინ უპასუხოდ არ დარჩება.

ვფიქრობ, ამას კარგად ხედავს ლუკაშენკოც, დანარჩენი ვნახოთ, მისი გადასაწყვეტია, რამდენად ენდომება ასეთ სიტუაციაში საომარ მოქმედებებში ჩართვა“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ზურაბ ბატიაშვილმა.

 

რა აჩვენა პუტინის 1-წლიანმა აგრესიამ მსოფლიოსთვის

 

რა აჩვენა მსოფლიოსთვის რუსეთის 1-წლიანმა აგრესიამ და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ერთიან მხარდაჭერას, მათ შორის საქართველოს მხრიდან, ამ კითხვაზე კი, ზურაბ ბატიაშვილს რამდენიმე საგულისხმო მოსაზრება აქვს:

„პირველ რიგში, ახლა იქმნება იმის შანსი, რომ იმპერია, სახელს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს – საბჭოთა იმპერია იქნება ეს თუ რუსეთის იმპერია და ა.შ, შეიძლება დაიშალოს, რადგან მარცხს განიცდის.

მან განიცადა მარცხი, როდესაც არასწორად გათვალა და 3 დღეში თითქოსდა კიევის აღებას გეგმავდა, მაგრამ უკვე 1 წელი გავიდა და რაც აღებული ჰქონდათ, იმის ნახევრის დათმობაც მოუწიათ, დანარჩენსაც დათმობენ.

 

მსოფლიოს მხარდაჭერა უკრაინის დროშის ჩრდილქვეშ

 

ამ ერთმა წელმა აჩვენა ის, რომ პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი დამოუკიდებლობის დაკარგვას არ შეეგუება და ბოლომდე იბრძოლებს. აჩვენა ის, რომ დასავლეთი, როგორც არასდროს გაერთიანდა და უკრაინის გვერდით დადგა, ეს თანადგომა იქნება მანამ, სანამ ქვეყანა არ გაიმარჯვებს. უკრაინა უკვე გახდა დასავლეთის დე ფაქტო წევრი, ომის დამთავრების შემდეგ კი, NATO-შიც გაწევრიანდება და ევროკავშირშიც.

აჩვენა ის, რომ შვედეთმა და ფინეთმა თავიანთი ნეიტრალიტეტი მიატოვეს და NATO-ში გაწევრიანებისთვის იღვწიან. აჩვენა ბევრი გამყოფი ხაზი, რომელმა ქვეყანამ რა პოზიცია დაიკავა და აჩვენა, ვინ საით მიდის, რა არის პრიორიტეტები“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ზურაბ ბატიაშვილმა.

 

საქართველოს როლი და ხელისუფლების რიტორიკა

 

ეს არ გაღიზიანების პოლიტიკა, რეალურად ამ ხელისუფლების სამარცხვინო ქმედებაა“, – თქვა ზურაბ ბატიაშვილმა და საქართველოს უკრაინისადმი ღია მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, ვცდილობთ, ეს სამარცხვინო ლაქა, რომელიც მათ [ხელისუფლება] ქვეყანას მოსცხეს, მოვიშოროთ. ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობით, უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული გზით თუ სხვა დახმარების აღმოჩენით.

ვცდილობთ, მეტ-ნაკლებად გავანეიტრალოთ ვითარება, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად გამოვა ეს ბოლომდე, რადგან რეალურად, ქვეყნის პოზიციას საერთაშორისო არენაზე ხელისუფლება გამოხატავს.

ასეთ არენაზეც კი, ხელისუფლების მხრიდან, ძალიან სამარცხვინო განცხადებები კეთდება, რომელიც არაფერში არ ჯდება. ეს პირდაპირ პუტინის ნარატივია და რუსეთის ინტერესებს ემსახურება.“ – გვითხრა ზურაბ ბატიაშვილმა.

 

რუსი დიქტატორის საპროგრამო გეგმა

 

რამდენად მნიშვნელოვანია პუტინის გზავნილების ყურადღება და ვისზეა გათვლილი აგრესორი პრეზიდენტის მიმართვები, ამ შეკითხვით, „ფორტუნამ“ ანალიტიკოსსა და უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს მიმართა.

მისი მოსაზრებით, საქართველოსთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც რუსი დიქტატორის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეულ საპროგრამო გეგმას შეიცავს, ამიტომ ყურადღებით უნდა გავეცნოთ.

„რა იყო მნიშვნელოვანი: ერთი შიდა აუდიტორიაზე გათვლილი გზავნილები – ისევ ის, რომ ომი დასავლეთმა გააჩაღა და იგი ცდილობს, რუსეთის დემონიზებას;

პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე

უკრაინაში ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს გარდა, კიდევ სამი ატომური ელექტროსადგურია - ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც საერთო ჯამში, 15 ატომური რეაქტორი მუშაობს.

რომ რუსეთი მხოლოდ თავს იცავს და იგი ომში ჩათრეული აღმოჩნდა. ეს იყო პუტინის გზავნილი, რაც პრინციპში ახალი არ არის, წლების მანძილზე, რუსული დაზვერვა სწორედ ამ პოსტულატს ავრცელებდა.

თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ პუტინის ამ განცხადებასა და რუსული დაზვერვის ნარატივს, სამწუხაროდ, საქართველოშიც ძალიან ბევრი გამმეორებელი გამოუჩნდა, ალბათ ყველა პოლიტიკოსის განცხადება ამ ფილტრში უნდა გავატაროთ, რამდენად თანხვედრაშია ისინი კრემლის თეზისებთან.

მეორე, მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბირთვულ მუქარაზე საუბარი, ამ თვალსაზრისით, ყურადსაღები უკან დახევა შეიძლება დავაფიქსიროთ. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ პირველად, ამ გზას არ აშშ მიმართავს“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ანდრო გოცირიძემ.

მისი მოსაზრებით, პუტინის რიტორიკა უცვლელი იყო, თუმცა, ბირთვულ შანტაჟთან დაკავშირებით მან ცალსახად განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ის შეაჩერებს წევრობას სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში.

ანდრო გოცირიძის თქმით, ეს ხელშეკრულება ერთადერთი მოქმედი დოკუმენტია, რომელიც ბარაკ ობამასა და დმიტრი მედვედევს შორის, განახლებული სახით შემორჩა და რომლის მონაწილეც დღესდღეობით რუსეთი იყო.

[ცნობისთვის, ახალი „სტარტის“ ხელშეკრულებას საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა. დოკუმენტს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა მოაწერეს.

ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ბირთვული იარაღის კონტროლს ითვალისწინებს და მასში განსაზღვრულია, რომ ბირთვული ქობინების რაოდენობა 2 200-იდან 1 550-მდე უნდა შემცირდეს.]

 

 ლუკაშენკო და ბელარუსის შესაძლო ჩართულობა ომში

 

ანდრო გოცირიძე ფიქრობს, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვება და  ბოლომდე შეეცდება ამას თავი აარიდოს.

ანალიტიკოსის დაკვირვებით, ლუკაშენკო ახლაც კრემლის მხარდამხარ იბრძვის, როცა რუსულ ჯარებს მანევრებისთვის თავის ტერიტორიას უთმობს.

 

ვლადიმირ პუტინი, ასლან ბჟანია და ალექსანდრ ლუკაშენკო 

 

როგორც უსაფრთხოების სპეციალისტმა გვითხრა, ბელარუსი მუდმივი მუქარით გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ახორციელებს, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინას მნიშვნელოვან ზარალს აყენებს, რადგან მოსალოდნელი თავდასხმის გასანეიტრალებლად მნიშვნელოვანი დანაყოფი, უკრაინას ბელარუსის საზღვართან მუდმივად ჰყავს მიბმული:

„ბუნებრივია, ეს რუსეთს უადვილებს უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე ბრძოლის წარმოებას, თუმცა, ვფიქრობ, ღია ომში ლუკაშენკოს რეჟიმი არ ჩაერევა, რადგან ზუსტად იცის, რომ ამ შემთხვევაში NATO-ს ხელ-ფეხი ექნება გახსნილი, რაც ფაქტობრივად, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისს ნიშნავდეს.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი და ლუკაშენკო პროგრესულობისგან ძალიან შორს არიან, გიჟები ნამდვილად არ არიან.

ეს განცხადებებიც, გნებავთ იგივე პუტინის, არის ზუსტად ის, რაზედაც ახლა იგი ვაჭრობს – ზავი, საომარი მოქმედებების შეჩერება და რამენაირად რუსეთისთვის იმ ტერიტორიების დაკანონება, სადაც ის ახლა გამაგრებულია“, – უთხრა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

 

 საით მიდის ომი

 

„თუ მოლაპარაკებები დაიწყება, რუსეთი ნაცადი ტაქტიკით ეცდება კიდევ უფრო წინ წაიწიოს, რომ დაზავების მომენტისთვის, მაქსიმალური ტერიტორიები ჰქონდეს მითვისებული“, – ამბობს ანალიტიკოსი და იქვე მიუთითებს, რომ საქართველომ ეს აფხაზეთის ომისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს გამოცადა, როცა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში, პუტინი სოფლების მიტაცებას კვლავ ცდილობდა, რათა იქ გაევლო ზღვარი, სადაც ხელმოწერა მის ჯარებს შეაჩერებდა.

ანდრო გოცირიძემ მიიჩნევს, რომ სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთს ახლა არ შესწევს ძალა სხვა ქვეყანაზე აგრესია წამოიწყოს. მისი მოსაზრებით, გარდა საბრძოლო რესურსის არქონისა, მას არც ელემენტარული პოლიტიკური ძალა აღარა აქვს და ეს ცალსახაა.

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა უახლოეს ხანში მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის წინააღმდეგ „შეიარაღებულ პროვოკაციას“ გეგმავს – მოლდოვა უარყოფს

მოლდოვის სამთავრობო „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სახელმწიფო უწყებები უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობენ და საფრთხის შემთხვევაში, საზოგადოება დაუყოვნებლივ ინფორმირებული იქნება.

„რაც შეეხება, მოლდოვას, გნებავთ საქართველოს, შესაძლოა ეს ქვეყნები სამიზნე გახდეს, მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში რაიმე ფორმით დამარცხდება და კრემლის რეჟიმს საკუთარი მოსახლეობისა და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინაშე, რეაბილიტაცია დასჭირდება.

მართალია, პოლიტიკური ველი რუსეთში მოსუფთავებულია, თუმცა, პუტინის ეპოქის დასასრულს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა გრძნობს და გადალაგებაზე საუბარი უკვე შიგნით მიმდინარეობს“, – თქვა „ფორტუნასთან“ საუბრისას გოცირიძემ.

 

საქართველო და მოლდოვა 

 

რუსეთის მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრისას, მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, ვახსენოთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ „ევროპას ახლა მიზანში მოლდოვა ჰყავს ამოღებული და რომ შემდეგი სამიზნე შესაძლოა სწორედ ეს ქვეყანა აღმოჩნდეს.“

ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება ომის დასასრულირუსეთის კაპიტულაციით თუ იმით, რომ ის უბრალოდ ეცდება, სახის შესანარჩუნებლად გამოვიდეს უკრაინის ტერიტორიიდან და საქართველოში ან მოლდოვაში წარმატებით ამ ყველაფრის გადაფარვა მოახდინოს,“ – უთხრა „ფორტუნას“ ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ეს იქნება არა სამხედრო აქცია, არამედ შეიძლება იყოს მოლდოვასთვის გადატრიალება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აღკვეთეს.

რაც შეეხება საქართველოს, ანდრო გოცირიძის აზრით, ჩვენი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ეს იყო რაიმე ერთი შეხედვით „ჩვეულებრივი“ ხელშეკრულების ხელის მოწერა ან ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის „მშვიდობიანი დარეგულირება“ რუსეთის ორბიტაზე, ხოლო ნებისმიერი „მშვიდობიანი დარეგულირება“ რუსეთის ეგიდით, როგორც ეს უსაფრთხოების სპეციალისტმა გვითხრა, საქართველოს კაპიტულაციას ნიშნავს.

„ახლა რუსეთთან დაახლოების დრო არ არის, რადგან რუსეთთან დაახლოება ნიშნავს მისი პოლიტიკურ და სოციალურ სივრცეში ინტეგრაციას, რაც საქართველოსთვისაც დამღუპველი იქნება და მოლდოვასთვისაც“, – აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, პირველი, რაც ამ ომმა გვიჩვენა არის ის, რომ პოლიტიზებული და კორუფციით განეიტრალებული სახელმწიფო აპარატი, საკუთარი სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ანდრო გოცირიძის თქმით, ამის ნათელი მაგალითია, კორუფციით განეიტრალებული რუსეთის სპეცსამსახურები, რომელთა სინდისზეა „რუსული სპეცოპერაციის“ ჩავარდნა.

მისი ანალიზით, სწორედ სასურველ, მაგრამ მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირწმუნა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომ უკრაინის ოკუპაციას შეზღუდული მასშტაბის სპეცოპერაციით მოახერხებდა.

 

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და „ეფესბეს“ ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბორტნიკოვი

 

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ შეჭრამდე, უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი კონტინგენტი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის ოკუპაციისთვის საკმარისი არ იყო.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ გეგმის ჩავარდნამ უკრაინას  მნიშვნელოვანი უპირატესობა მისცა, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე სიტუაციურ ჭრილში.

როგორც უსაფრთხოების სპეციალისტი ამბობს, სწორედ მათ მიერ არასწორად დაგეგმილმა, განხორციელებულმა ოპერაციამ, პოლიტიკური ხელმძღვანელობის არასწორმა ინფორმირებულობამ, რუსეთი ამ გაუგონარ აგრესიამდე და შემდეგ წარუმატებელ ოპერაციამდე მიიყვანა.

„რუსეთმა თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია, რაც უკრაინაში „რეჟიმის“, მმართველობის შეცვლას გულისხმობდა და ის იძულებული გახდა, სხვა მიზანზე გადართულიყო.

ეს მიზანი კი აღმოსავლეთ უკრაინაში მაქსიმალურად მეტი ტერიტორიის ოკუპირება და მათი ანექსიის დაკანონებაა – დასავლეთზე ბირთვული შანტაჟის, ეკონომიკური ზეწოლის, ენერგოკრიზისის შექმნითა და სხვა ამგვარი ბერკეტების გამოყენებით.

 

უკრაინის პრეზიდენტის – ვოლოდიმირ ზელენსკის 1 წლიანი გარდასახვა

 

მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი: გამოჩნდა, რომ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთიანობა უკრაინასთან მიმართებით არ გაიბზარა, მსოფლიო განწყობილია, ჩამოყალიბებულია და შეთანხმებულია იმ პრინციპზე, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უნდა დამარცხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართოს მოლაპარაკებები  დარეგულირებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და რეალური თვითმმართველობები ამ დაპირისპირებისას, სერიოზული ძალაა. უკიდურესად მნიშვნელოვანია ასევე ტერიტორიული დაცვისა თუ სამოქალაქო თავდაცვის სწორად ორგანიზება.

უკრაინის საბრძოლო სულისკვეთება არ გატყდა, პირიქით ზაფხულის მიწურულს უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა, რასაც ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილების უკან დაბრუნება მოჰყვა“, – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

მისი თქმით, დასავლეთის დახმარებით უკრაინა ახლაც ემზადება, უკვე დეკლარირებულად, გაზაფხულისთვის მნიშვნელოვანი კონტრშეტევისთვის. ანდრო გოცირიძე იმედოვნებს, რომ ეს კონტრშეტევა ომში რეალური გარდატეხის შემტანი იქნება.

 

მნიშვნელოვანი გაკვეთილები

 

უსაფრთხოების სპეციალისტი ფიქრობს, რომ ეს არის ის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რაც ამ ომიდან უნდა გამოვიტანოთ.

როგორც ანდრო გოცირიძემ აღნიშნა, კრემლი ახლა ისევ ხანგრძლივი ომისთვის ემზადება. გერმანული დაზვერვის ცნობით კი, კრემლმა 2022 წლის შემოდგომაზე დაახლოებით 300 000 ადამიანის მობილიზება მოახდინა და ამ პოტენციალის გაზრდა მილიონამდე შეუძლია.

ანალიტიკოსის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიამ თავისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება დიდი დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო, მას აღარ შესწევს ძალა უკრაინის მიმართულებით მნიშვნელოვანი შეტევა განახორციელოს:

„ამიტომ ის ემზადება იმისთვის, რომ ისევ უკრაინელი ხალხის მოთმინება გატეხოს ან დასავლეთის ერთიანობა. გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინული მხარის წარმატება დამოკიდებულია დასავლეთის  სამხედრო თუ პოლიტიკური მხარდაჭერის ხარისხზე.

საკმარისი და აუცილებელი შეიარაღების მიწოდების შემთხვევაში, უკრაინას აქვს შანსი, უკვე წელს საკუთარი ტერიტორიების დიდი ნაწილი გაათავისუფლოს.

აღნიშნულმა შესაძლოა რუსული ფრონტის ერთიანად ჩამოშლაც კი გამოიწვიოს, აქედან გამომდინარე, უმართავი პროცესებით რუსეთის ტერიტორიაზე.

 

უკრაინელი მებრძოლი – „ჩვენ უკრაინაში ვიცავთ არა მხოლოდ დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო წესრიგს, არამედ თავისუფლებას“

 

ბაიდენის ვიზიტი, ევროპელი ლიდერების გამოსვლები და „რამშტაინის“ ფორმატი ცალსახად გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ზოგიერთი სკეპტიკოსის განწყობისა, უკრაინა შეიარაღებას იღებს იმ დროს, რომელიც ომის მოცემული მომენტისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

უკრაინის ომი არის გარდამტეხი მომენტი და მისი დასრულების შემდეგაც ახალი მსოფლიო წესრიგი შეიქმნება. ამ ახალი წესრიგის შექმნისას კი ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ადგილი და როლი უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაში. რუსეთის დამარცხება ცალსახად არ ნიშნავს, რომ იგი განადგურდება და საქართველოს საფრთხეები გაქრება.

მნიშვნელოვანია, რუსეთის დამარცხების შემდგომ, რაც გარდაუვალი პროცესი მგონია, რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები და რა გაკვეთილები გამოიტანა საქართველომ ამ ომიდან, რადგან მეჩვენება, რომ ჩვენი სახელმწიფო ეს 1 წელია უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, უბრალო კომენტატორის როლშია.

ჩვენ შევისწავლეთ უკრაინის რუკა, თვალს ვადევნებთ, რომელი სოფელი დაიკარგა, რომელი დაბრუნდა, მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოზე აგრესიის განხორციელების პირობებში, ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს, ამაზე ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს.

მაგალითად, საინტერესოა რამდენი თავშესაფარი განახლდა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო; არის თუ არა საქართველოს რეზერვის სისტემა მომზადებული იმისთვის, რომ საკმარისი რაოდენობის მოხალისეების ან რეზერვისტების მობილიზაცია მოახდინოს.

 

2008 წლის 7 აგვისტოს რუსული კოლონა საქართველოში შემოიჭრა

 

აღარ ვსაუბრობ იმ შეიარაღების შესყიდვის მიმართულებებზე, რომელიც ბუნებრივია, საიდუმლოა და შესაძლოა ღია ეთერში ამაზე განცხადებები არც იყოს, მაგრამ სამოქალაქო თავდაცვისა და პოლიტიკური მზადყოფნის საკითხებზე მუშაობა აუცილებელია და მოსახლეობის ინფორმირება უნდა მიმდინარეობდეს.

ასევე, მნიშვნელოვანია თანამედროვე დღის წესრიგში საქართველო რა ადგილს დაიჭერს, რადგან ქვეყნისთვის, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა NATO-სა და სხვა შესაძლო ახლად შექმნილი ალიანსების უსაფრთხოების ქოლგა“– აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას ანდრო გოცირიძემ.

მისი თქმით, განსხვავებით უკრაინისგან საქართველოს არ აქვს ოპერატიული სიღრმე და არც ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ ხანგრძლივ პერიოდში, რუსულ აგრესიას წინ აღუდგეს.

არადა, რუსეთში ჯერ არ შეინიშნება დემოკრატიზაციის ნიშნები, რეჟიმის ცვლა მართლაც რომ მოხდეს, ეს უკეთესობას არ მოიტანსპუტინს იმის გამო კი არ შეცვლიან, რომ მან ომი წამოიწყო, არამედ იმის გამო, რომ მან ომში ვერ გაიმარჯვა“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა და დაამატა, რომ რუსეთში ყველა დამარცხებული ომის შემდგომ, ხელისუფლებაში უფრო რეაქციული ძალები მოდიოდნენ და არა დემოკრატიული.

 

უკრაინა და საქართველოს როლი ევროპული სვლის გზაზე

 

ანალიტიკოს ფიქრობს, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი ევროატლანტიკური სწრაფვისთვის მისადაგებული საერთოდ არ არის, პირიქით, უფრო მეტად საპირისპირო მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ.

„ახლაც, მაგალითად, როცა ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, პარლამენტმა ინიცირება გაუკეთა კანონპროექტს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლის გაცხადებული მიზანი აბსურდულია: დასავლური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა, დასავლური გრანტების გამჭვირვალობის გზით.

ასეთ დროს კი, პირველ რიგში, გვახსენდება, რომ დასავლური გრანტების ძირითადი მომხმარებელი საქართველოს მთავრობაა, რომ არაფერი ვთქვათ, საოკუპაციო ხაზთან დაფინანსებულ პროექტებზე.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, საქართველოს ეკონომიკა მთლიანად დასავლურ გრანტებსა თუ დახმარებებზეა დამოკიდებული.

კანონის მიღება კი არა, პარლამენტში მისი სერიოზული განხილვაც კი, პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველო დეკლარირებულად აღიარებს, რომ ის დასავლეთიდან საფრთხეს მოელის. რა თქმა უნდა, პირობებში, ევროატლანტიკურ სწრაფვაზე, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საუბარი ნონსენსია.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

magti 5g