BBC თურქეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის საქმეზე უკვე 184 ადამიანია დაკავებული, 600-ზე მეტი ადამიანის მიმართ კი გამოძიება მიმდინარეობს.
დაკავებულებს შორის არიან სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და უძრავი ქონების მესაკუთრეები. ექსპერტები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ კორუფციისა და სახელმწიფო პოლიტიკის გამო ბევრი ახალი შენობა უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით შენდება.
ცნობისათვის, 5 თებერვალს ღამით სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაზარალებულ ქალაქებში ათასობით მცხოვრები დარჩა უსახლკაროდ, დაინგრა ათასობით შენობა, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები და მრავალბინიანი სახლები.