Ford-მა მოიფიქრა ფუნქცია, რომელიც მევალეებს ავტომობილს ავტომატურად ჩამოართმევს. ახალ ტექნოლოგიას, რომელსაც კომპანია ამ დროისთვის აპატენტებს, სახელად „სატრანსპორტო საშუალების ამოღების სისტემა და მეთოდები“ ეწოდება. იდეის ავტორთა ჩანაფიქრით, ტექნოლოგია მევალეთა ავტომობილებში ბევრ ფუნქციას დაბლოკავს. უფრო მეტიც, ის მოდელები რომლებიც ავტოპილოტითაა აღჭურვილი, მფლობელისგან ბანკში დამოუკიდებლად წავლენ.
თუკი ავტომფლობელი კრედიტის ფულს რამდენიმე თვე არ გადაიხდის, სისტემა ავტომატურად გამორთავს კრუიზ-კონტროლს, მულტიმედიას და ა.შ. შემდეგი ეტაპი გახდება კონდიციონერის და კარების დაბლოკვა, ასევე ხმოვანი შეტყობინების ჩართვა ყოველ ჯერზე, როცა მძღოლი საჭესთან იქნება.
ფინალურ სტადიაზე ტექნოლოგია სატრანსპორტო საშუალების ავტომატურ ამოღებას მოიაზრებს. ავტომობილები, რომლებსაც ავტონომიური მართვის სისტემები აქვთ, დისტანციური ბრძანებით, წინასწარ განსაზღვრულ ადგილთან მივლენ, იქიდან კი მათ ევაკუატორი გადაიყვანს.