LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელი: ბადრი ესებუამ დაკავების შემდეგ გასაუბრებისას თქვა, რომ ბანკი მან დააყაჩაღა – ვკითხეთ, სად არის თანხა, გაიცინა, თქვა, ნახევარი დავხარჯეო

188
ბადრი ესებუა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 10 მარტს გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში დაზარალებულები ჰყავდა წარმოდგენილი, რომლებიც სხდომაზე დაიკითხნენ. ყოფილმა მძევლებმა ბანკზე თავდასხმის დღე გაიხსენეს.

დღეს, სხვა მოწმეებთან ერთად, ის პოლიციელიც დაიკითხა, რომელიც ბადრი ესებუას დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

ალიკა კვარაცხელიას განცხადებით, სოფელ ჯიხაშკარში, ჯიქიების საცხოვრებელ სახლში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ.

როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესებუა შეიარაღებული იყო.

„სახლის კარი რომ შევაღეთ, ვნახე, რომ სახლის ფანჯარასთან იდგა ესებუა და ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა. ვუთხარით, დაეგდო იარაღი. მან იარაღი დააგდო და გაქცევა სცადა. პოლიციური ძალა გამოვიყენეთ და დავაკავეთ.

დაკავების შემდეგ გასაუბრებისას თქვა, რომ მან დააყაჩაღა ბანკი. რომ ვკითხეთ, სად არის თანხა, გაიცინა, თქვა, ნახევარი დავხარჯეო. თქვა, რომ აპირებდა სასამართლოში ეღიარებინა ყველაფერი.

მე გასაუბრებისას ვიცანი ხმის ტემბრით. მანამდე მოსმენილი მქონდა თავდამსხმელის ხმის ჩანაწერები“, – განაცხადა სასამართლოზე ალიკა კვარაცხელიამ.

კვარაცხელიას ჩვენებას არ დაეთანხმა ბადრი ესებუა და მან სიტყვა ითხოვა. „ლოგინში ვიწექი. მართალი ამ პიროვნებას ჩემთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. იარაღი ხელში ეჭირაო, ჯერ ერთი, იარაღი იყო ბალიშის ქვეშ“, – აღნიშნა ესებუამ.

ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, პოლიციელი ალიკა კვარაცხელია სასამართლოს დღეს ექსპერტად მოევლინა.

„პოლიციელი, რომელიც ბადრი ესებუას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, დღეს ექსპერტად მოგვევლინა, რადგან თქვა, რომ ხმითაც ამოიცნო, ენთუზიაზმით იყო დღეს მოსული, ძალიან მოწადინებული იყო, ღიმილითაც ამოვიცანიო. ნიღბიანი ადამიანი მოწმეებმა და მძევლებმა ვერ ამოიცნეს და პოლიციამ ამოიცნო.

ეს ის პოლიციელია, რომელიც მისი ძმის დაკავებაში მონაწილეობდა. ჩვენ მის ამ განცხადებას კატეგორიულად არ ვეთანხმებით და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პასუხიც გასცა“, – განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ზუგდიდის სასამართლომ დღეს ბრალდების მხარის 8 მოწმე გამოჰკითხა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა.

მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შემდეგ, თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

 

 

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“
mazda magti 5g