LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი საკანში როდის შემომივარდებიან, მიმახრჩობენ და ჩამომკიდებენ – თავი მოიკლაო. ვინ რას დაუმტკიცებს მერე ამ მჩაგვრელ, მწამებელ სისტემას“ – ადვოკატი ბადრი ესებუას წერილს ასაჯაროებს

208
ბადრი ესებუა

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმასა და ტერორისტული აქტისთვის გასამართლებული ბადრი ესებუა ბათუმის პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს აგზავნის და ამბობს, რომ ციხეში მასზე ფიზიკურად ძალადობენ. 

როგორც იგი ადვოკატ, ალექსანდრე კობაიძისთვის მიწოდებულ წერილში წერს, მას არაადამიანურად ეპყრობიან და 13 წლიანი პატიმრობის გატარება ფსიქოლოგიურ ტერორში უწევს.

ამავე წერილში ესებუა წერს, რომ ერთ-ერთი ბოლო ინციდენტის დროს, მის საკანში ათამდე  მსჯავრდებული შეიჭრა, ძირს დააგდეს და ხელბორკილდადებულს გამეტებით ურტყამდნენ. 

ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე, რომელიც ესებუას ინტერესებს იცავდა, მსჯავრდადებულმა საკუთარი საქმიდან სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას თავად ჩახსნა, თუმცა ამავე წერილში ახლა ის ამბობს, რომ მას ეს აიძულეს.

თავად ალექსანდრე კობაიძემ კი „ფორტუნას“ განუცხადა, რომ საქმის წარმოებას უკვე დაუბრუნდა. რაც შეეხება, უშუალოდ ბადრი ესებუას წერილს, იგი ამ წერილში წერს:

„14 მარტს პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები. მიზეზი ყოფილა ის, რომ სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა, უარი უთხრეს და პროტესტის ნიშნად ყელი გამოიჭრა. რამდენიმე პატიმარმა სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დავიწყეთ.

ადმინისტრაციამ დაიწყო რეპრესიები და მუქარით გვთხოვდნენ შიმშილობის შეწყვეტას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მე პირადად მითხრეს, რომ სარდაფში ობიან და ტარაკნებით სავსე კამერაში ან კარცერში გადამიყვანდნენ. მაინც რომ არ დავემორჩილე, 10 კაცამდე შემომივარდა კამერაში, ვიწექი ამ დროს ლოგინზე, მეცნენ გადმომაგდეს გინებით.

ძირს დამაგდეს და შემდგნენ ფეხებით. დამადეს ხელბორკილები და არაადამიანური არაპროპორციული ძალის გამოყენებით წამათრიეს დეესკალაციის კამერაში. ამის შემდეგ ყველა ვინც კი შიმშილობდა ზოგი კარცერში გაგზავნეს, ზოგი დეესკალაციის კამერაში ზოგი სხვა ციხეში გადაიყვანეს.

ამ ამბის მერე მოსვენება დავკარგე, იცი როგორ მებრძვის სისტემა. არ ვიცი საკანში როდის შემომივარდებიან მიმახრჩობენ და ჩამომკიდებენ- თავი მოიკლაო. ვინ რას დაუმტკიცებს მერე ამ მჩაგვრელ მწამებელ სისტემას. კამერაშიც მარტო ვარ 1 წელზე მეტია, მოწმეც არ იარსებებს.

ახლაც ვერ ვხვდები რას გვერჩოდნენ, რატომ მოგვიწყვეს პროვოკაცია და რატომ შეგვყარეს ასე ტყუილად კარცერში. ჩემს გვერდით კამერაში მყოფი მეგობარი ამბობს – აკრძალულ ნივთს ჩაგიდებთ თუ არ გაჩერდები და სასჯელს გაგიხანგრძლივებთ, ასე დამემუქრნენო.

ეს ინფორმაცია მივაწოდე სახალხო დამცველს და მოვთხოვე კამერების ჩანაწერების დაარქივება თუმცა სამეთვალყურეო სამსახურისგან, სახალხო დამცველს უპასუხეს რომ 14 მარტის 23:00 დან 00:00 საათამდე  ტექნიკური ხარვეზის გამო ეს შეუძლებელი იყო.“ – წერს ბადრი ესებუა ადვოკატისთვის მიწოდებულ წერილში.

ბადრი ესებუას 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები