LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოინახულეთ ვანის ქვაბები სამცხე-ჯავახეთში

301
van1COV

სამცხე ჯავახეთი საქართველოს ისტორიული ძეგლების დიდ ნაწილს მოიცავს,მათ შორის უამრავი ციხე სიმაგრე, მონასტერი და კლდეში ნაკვეთი ღირსშესანიშნაობაა. საქართველოს ამ კუთხის დასათვალიერებლად რამდენიმე დღე ნამდვილად არ გეყოფათ,თუმცა გირჩევთ მას არაერთხელ ეწვიოთ და ეტაპობრივად მოინახულოთ მისი დიდი ისტორიის მატარებელი ადგილები,დააგემოვნოთ ადგილობრივი საუცხოო კერძები და აღბეჭდოთ დაუვიწყარი გარემო ფოტოებზე. რუბრიკა „ბონ ვოიაჟის“ ფარგლებში ამ კუთხის მრავალი ადგილი მოვიარეთ და ამჯერად კიდევ ერთი სანახაობისა და ისტორიული ლოკაციის შესახებ გიამბობთ. კერძოდ ასპინძის მუნიციპალიტეტს ვეწვევით და მისგან 27 კილომეტრით დაშორებულ კლდეში ნაკვეთ კომპლექსს გაგაცნობთ.

ეს ვანის იგივე ვაჰანის ქვაბებია. კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, რომელიც 16 იარუსადაა განლაგებული და 200-მდე ქვაბს მოიცავს. უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეებით თარიღდება. მის კედლებზე დატოვებულმა მე-12 საუკუნის წარწერამ მასზე ცნობები შემოგვინახა,საიდანაც ირკვევა რომ მე-12 საუკუნეში კომპლექსი გურგენისძეთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. თამარ მეფის დროს დაწყებულა მისი რეკონსტრუქცია. სამწუხაროდ მოგვიანებით მიწისძვრამ ის საგრძნობლად დააზიანა, ხოლო უფრო მოგვიანებით ჯერ სპარსელებმა,შემდეგ კი ოსმალებმა აიღეს. დღეს ეს კომპლექსი დიდი ისტორიის ნაწილია და მისი მონახულება ნებისმიერს შეუძლია. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები. მის ზედა ნაწილში ქვითკირის მცირე გუმბათოვანი ტაძარია. კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილია წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი და კარიბჭე. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვე აღმოჩნდა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. კარიბჭესთან ჩრდილოეთით, იმავე ტერასაზე, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა.

კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია მრავალი ნივთი,რომელიც ამ ადგილისა და იმ პერიოდის კულტურის შესახებ საინტერესო ფაქტებს უსვამს ხაზს.

გარდა ისტორიული მნიშვნელობისა ამ ადგილის ნახვა ესთეტიკურადაც სასწაულად მიმზიდველია. კომპლექსიდან კლდოვანი გარემო და ბუნების ლამაზი ხედები იშლება. მათთვის ვისაც ლაშქრობა იზიდავს ვანის ქვაბები და მისი მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო ხელსაყრელი და საინტერესოა.

magti 5g