№8 პენიტენციურ დაწესებულებაში პურის საცხობი ამოქმედდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, საცხობი პურით თბილისის ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებს მოამარაგებს.
„საცხობში პატიმრები დასაქმდნენ, რაც მათთვის რეაბილიტაციის საშუალება და დამატებითი შემოსავლის წყაროა. პენიტენციურ სისტემაში საცხობები უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქსნისა და №14 (გეგუთის) დაწესებულებებში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობასა და საზოგადოებაში მათ ეფექტიან ინტეგრაციაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.