23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე „შაბათის ფორმულასთან” აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.
მისი თქმით, საქმის დღემდე უცნობი ეპიზოდი, ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს უკავშირდება.
ყოფილი გამომძიებელი ასახელებს მომენტს, როცა მასთან თანამშრომელი, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, ბაჩალიაშვილის გახსნილი ტელეფონი მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა.
„ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას. ის გვამი…მისი სახე. მინდა რომ თუნდაც ამ საქმეზე სამართალი დადგეს. დამტკიცდეს თუნდაც, რომ თავი მოიკლა, მე ამის არ მჯერა და სხვა რა გითხრათ არ ვიცი. არ მინდა რომ ეს ტვირთი მარტო მე ვატარო, სხვებმაც ატარონ, ვისაც ეკუთვნით.
გვამი იყო გასივებული და სხეულის არც ერთი ნაწილი არ იყო ცარიელი. თვალებიდანაც მატლები ამოდიოდნენ. ფაქტობრივად ვერ მოხდა დათვალიერება, როგორიც უნდა მომხდარიყო, რადგან გვამი ლპობაში იყო წასული. იყო საუბრები და ვერსიები თითქოს მანქანაში ბუზი შეფრინდა, მაგრამ მანქანის საქარე მინები ყველა აწეული იყო, განა რამდენი ბუზი უნდა შეფრენილიყო. მე უფრო იმ ვერსიას ვუშვებ, რომ მანამდე მიწაზე იყო და მერე… თუ მიწაზე იქნებოდა, უფრო მეტი მატლი გაუჩნდებოდა და შესაძლოა რომ ასეთი ყოფილიყო, მაგრამ განა რამდენი ბუზი შეიძლება ყოფილიყო მანქანაში?…შესაძლებელიაო.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მე დავიწყე. ასევე მე დამევალა, რომ დადგენილება გამეკეთებინა გვამის ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პერიოდში ჩემთან მოვიდა თანამშრომელი, ეს პირი ახლა მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, საგამოძიებო ხაზით – ეს არის ელგუჯა აპუაშვილი, რომელმაც მოიტანა ტელეფონი და ლუქი. მან მთხოვა რომ ტელეფონი დამელუქა – საუბარია ბაჩალიაშვილის ტელეფონზე, რომელიც მანქანიდან ამოიღეს.
ელგუჯას ვკითხე, რომ ეს ტელეფონი რა იყო და გამიკვირდა. აპუაშვილმა მთხოვა რომ დამელუქა. ამაზე ვუთხარი, რომ ეს სწორი არ იყო, თუ ტელეფონი იყო ამოღებული შემთხვევის ადგილზე, იქვე უნდა დალუქულიყო. მობილური იყო დაულუქავ მდგომარეობაში. როცა პრეტენზია გამოვთქვი, მითხრა, რომ შემეძლო ხელმძღვანელობისთვის დამერეკა. დავლუქე და გავატანე უკან.
ტელეფონს სანამ დავლუქავდი, იმ მომენტისთვის ის გამორთული იყო. სანამ მომიტანდა ამ ტელეფონს, სავარაუდოდ მოხდებოდა მოწყობილობის ან გახსნა ან დათვალიერება.
მეორე თუ მესამე დღეს, ოქმის საფუძველზე ტელეფონი გავხსენი და დავიწყე დათვალიერება. ვათვალიერებდი ყველა შეტყობინებას, შემავალ და გამავალ ზარებს, ვოცაფს და ვაიბერს. რომ ვათვალიერებდი, გამიჩნდა ერთადერთი კითხვა – 18 ივლისის ზევით (ანუ დავუშვათ 17, 16, 15 რიცხვის) არანაირი ნომრები და მესიჯები არ იყო შემოსული, იყო მხოლოდ სარეკლამო ტიპის შეტყობინებები. ეს ძალიან გამიკვირდა, რადგან ასეთი გაქანების გოგოს, მით უმეტეს ასეთ ადგილას მუშაობდა, წესით უნდა ყოფილიყო რამე ზარები.
ელგუჯა აპუაშვილს ეს ტელეფონი არ უნდა ჰქონოდა. კითხვებია – ვინ მისცა ეს ტელეფონი, ვინ გამოატანა? ტელეფონს არ ჰქონდა არანაირი ლაქა. თუ იქნებოდა, ჩვენ ოქმში მივუთითებდით – რადგან როცა რამე დაზიანებაა ნივთზე ან ლაქა, ამას ვუთითებთ, რომ შემდგომ, თუნდაც მფლობელს პრეტენზია არ გაუჩნდეს”, – აცხადებს გამომძიებელი „ფორმულასთან”.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
თავდაპირველად საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა. მოგვიანებით, 2020 წლის დეკემბერში, პროკურატურამ განაცხადა, რომ აღსანიშნავია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა. როგორ უწყებაში განაცხადეს, მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას დღემდე არ იზიარებს.