LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ…მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი ოცნების ასრულებისთვის” – ირაკლი ღარიბაშვილი

136
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი ოცნების ასრულებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნამდვილად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ ისეთი ისტორიული მნიშვნელობის ამოცანების შესრულება, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოპოვება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და გავხდით ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრები.

ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ წლის ბოლოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სრულიად ახალი ეტაპის დაწყებისთვის.

სრული პასუხისმგებლობით მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ვალდებულება, განვახორციელოთ ევროკომისიის ყველა პრიორიტეტული რეკომენდაცია და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არასოდეს გადაგვიხვევია არჩეული გზიდან და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და აყვავებულ მომავალს წინ არაფერი დაუდგეს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენმა ისტორიამ, კულტურამ, ღირებულებებმა და ბოლო დროინდელმა მიღწევებმა, მოგვამზადეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გამოწვევების დასაძლევად.

საქართველოს გეოგრაფიამ ხელი შეუწყო ქართველების მდიდარი ისტორიის ჩამოყალიბებას, ევროპისა და აზიის, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გასაყარზე, დიდ იმპერიათა შორის ბრძოლების ეპიცენტრში ყოფნამ. როდესაც ხშირად თავად ვიყავით ამ დაპირისპირების სამიზნე. საუკუნეების განმავლობაში, ამან მხოლოდ გააძლიერა ჩვენი ერი, ჩამოუყალიბა ჩვენი იდენტობა და ღირებულებები, ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენი სურვილი ამ უნიკალურ ისტორიულ გამოცდილებაშია. ეს არის ის, რაც გვაძლევს თავდაჯერებულობას, გავაგრძელოთ ეს გზა, მაშინ, როდესაც ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g