საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 20 000მ2 მეტრზე ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ჯიარჯისთან“ ხელშეკრულება გააფორმა.
არსებული კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე დაპროექტდება და მოეწყობა ახალი პარკინგი, რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება-მოწყობას, სანიაღვრე კანალიზაციის დაპროექტება-მშენებლობას, ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟს, საჭირო ელექტრო ქსელის დაპროექტება-მშენებლობას და დეკორატიული ღობის (არსებულის ანალოგიური) მოწყობას.
“ავტოსადგომის გაფართოების მიზნით, რითაც გაგრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლანდშაფტის მოწყობა, არსებული, 140 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 600-მდე გაიზრდება. გვსურს, მგზავრებს რეაბილიტაციის პერიოდში შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ ბოდიში მოვუხადოთ. გაფართოების დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თანამედროვე, ავტოსადგომი ექნება, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი 600-მდე ავტომობილზეა გათვლილი და ინვესტიცია 3.5 მლნ ლარს გულისხმობს, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულად თავისი შემოსავლებიდან ფარავს.
ავტოსადგომის მოწყობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება.