თბილისი-ტრაპიზონი და თბილისი-სამსუნის მიმართულებით, შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაიწყოს. ფრენების დაწყებას ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings განიხილავს.
როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, თბილისი-ტრაპიზონი და თბილისი-სამსუნის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნისა და განხორციელების თხოვნით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა Geosky-ს უკვე მიმართეს.
ტრაპიზონისა და სამსუნის მიმართულებით რეისების განხორციელების საკითხზე, ავიაკომპანია Geosky-ს მენეჯმენტსა და DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე TÜRSAB-ის შავიზღვისპირეთის ოფისის თავმჯდომარესთან ვოლქან ქანთარჯის შორის საქმიანი შეხვედრა უკვე შედგა, სადაც განხილული იყო სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა.
ავიაკომპანიის ცნობთ, თბილისი-ტრაპიზონი-თბილისის და თბილისი-სამსუნი-თბილისის საჰაერო ხაზებზე ავიარეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.