ბაქო-თბილისი-ანკარას მარშრუტზე, შესაძლოა, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ამოქმედდეს. ინფორმაცია აზერბაიჯანის რკინიგზის ტრანსპორტირების დეპარტამენტიდან გახდა ცნობილი.
უწყების თანახმად, მატარებელი, შესაძლოა, საძილე ტიპის სამგზავრო ვაგონებით იყოს აღჭურვილი, რომელსაც Stadler Rail Group დაამზადებს.
დეპარტამენტის ცნობით, იდეის განხორციელება სახელმწიფოთაშორისი სახმელეთო საზღვრების გახსნის შემთხვევაში იგეგმება.
ცნობისთვის, საქართველოდან თურქეთში სარკინიგზო მიმოსვლა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით ხორციელდება.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და ის 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა.
