LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MMMHandmade – სიყვარულით ნაქსოვი კალათები სოხუმელი გოგოსგან

590
დარო

ხშირად მიფიქრია, რა გრძნობა შეიძლება ეუფლებოდეს ადამიანს, საკუთარი სახლიდან უსამართლოდ როცა აძევებენ, იმ მიწა-წყალზე წლობით რომ აღარ ადგმევინებენ ფეხს, სადაც დაიბადა და გაიზარდა, სადაც სულ სხვანაირი მზეა, სულ სხვანაირი ზღვა, სულ სხვანაირად წვიმს… რამდენიც უნდა ვიფიქრო, სირთულის დაძლევის როგორი სამოტივაციო ფრაზებიც უნდა მოვიშველიო, სახელს მაინც ვერ ვარქმევ იმ შეგრძნებას, რომელიც საკუთარი სახლიდან უსამართლოდ გაძევებისას, იმ მიწა-წყალზე წლობით ფეხის დადგმის აკრძალვისას შეიძლება გეუფლებოდეს, სადაც დაიბადე და გაიზარდე, სადაც სულ სხვანაირი მზეა, სულ სხვანაირი ზღვა, სულ სხვანაირად წვიმს… ამიტომაცაა, რომ აფხაზეთის შესახებ წიგნების მხოლოდ წაკითხვა, აფხაზეთის შესახებ ფილმების მხოლოდ ყურება, აფხაზეთის შესახებ ამბების მხოლოდ მოსმენა შემიძლია, ცხადია, თანაგრძნობით…

გულისყურით ვუსმენდი დარო ჯანჯულიასაც, გოგოს, რომელსაც სოხუმში ბავშვობა დარჩა, რომელსაც უცხო ქალაქებთან შეგუება და გადარჩენისთვის ბრძოლა ადრეული ასაკიდან მოუწია. მართალია, ცხოვრებამ მარტივი გზებით არ ატარა, მაგრამ უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენამ ისეთი საქმე აპოვნინა, რომლითაც საკუთარი თავიც გაიხალისა და სიფერადე სხვების საცხოვრებელ, თუ სამუშაო სივრცესაც შემატა.

– მე და ჩემი ძმა სოხუმში დავიბადეთ (კიდევ ერთი ძმა და დაც მყავს, რომლებიც უკვე ომის შემდეგ ზუგდიდში გაჩნდნენ), უდარდელად ვცხოვრობდით… ომის დაწყებისას 7 წლის ვიყავი. მახსოვს დღე, როცა სახლი დავტოვეთ… პატარები გამთენიისას გამოგვაღვიძეს, სასწრაფოდ ჩაგვაცვეს და გარეთ გამოგვიყვანეს. ჭიშკართან ბავშვებითა და ქალებით სავსე დიდი მანქანა იდგა. მივხვდი, რომ მივდიოდით, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩვენს ეზოში ყოფნის ბოლო დღე იქნებოდა… ჩემი ძმა ჭიშკართან მდგარ ველოსიპედს გამოეტირა… ჩვენი ოჯახის წევრ მამაკაცებს მალე უკან დაბრუნების იმედით გამოვემშვიდობეთ და ხელს იქამდე ვუქნევდით, სანამ თვალს არ მივეფარეთ. დიდხანს ველოდით შინ დაბრუნების უფლებას, მაგრამ…

– როგორც ვიცი, პროფესიით ჟურნალისტი ხარ.

– როცა აბიტურიენტი ვიყავი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული იყო. იმის გათვალისწინებითაც, რომ სიახლეები, თავგადასავლები და ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარდა, აღმოვჩნდი კიდეც ამ ფაკულტეტზე. რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოში ვიმუშავე, მაგრამ ამჟამად საფინანსო სექტორში ვარ დასაქმებული.

– როდის და რატომ გაგიჩნდა ხელნაკეთი ნივთების დამზადების სურვილი?

– ზოგადად ბევრი ჰობი მაქვს – ვგიჟდები მიწასთან ურთიერთობაზე, ყვავილების მოვლა-პატრონობაზე, იყო პერიოდი წვეულებების ორგანიზებითაც ვიყავი დაკავებული, გავიარე ფლორისტიკის და დიზაინის კურსი, მაგრამ ჩემი სტარტაპი პანდემიის დროს გაჩნდა. როცა სახლში იძულებით ჩავიკეტეთ, მივხვდი, რაღაცას თუ არ გავაკეთებდი, ვერ გადავრჩებოდი. სწორედ მაშინ შევქმენი პირველი ხელნაკეთი კალათები, რომლებიც მეგობრებს ვუსახსოვრე. მადლიერების ნიშნად მათ ამ ნივთების ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსეს, რასაც უკვე უცხო ადამიანების გამოხმაურება და შეკვეთები მოჰყვა.

– ქსოვა როდის ისწავლე?

– ქსოვა დედამ ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მასწავლა, შემდეგ მას სიღრმისეულად დევნილი ბავშვებისთვის განკუთვნილ კურსზე დავეუფლე, მაგრამ იმას, რასაც ახლა ვქმნი, სოციალურ ქსელში ტრენდულია და მსგავსი ხელსაქმით დაკავებული, ჩემზე ბევრად გამოცდილი ადამიანების რჩევებსაც ვითვალისწინებ. ვცდილობ, თითოეულ ნივთს ახალი და ინდივიდუალური დეტალი შევმატო.

– რა სახის პროდუქციას ამზადებ?

– ძირითადად ხისძირიან ხელნაკეთ კალათებს, ჩანთებს და აქსესუარებს. კალათები განკუთვნილია პარფიუმერიისთვის, საბავშვო სივრცისთვის, ე.წ. მოსეს კალათებს წყვილები სამშობიაროდან ბავშვის გამოსაყვანად და შემდეგ გადასაადგილებლადაც იყენებენ.

– რა დროს ანდომებ ერთი ნივთის შექმნას და რა მასალას იყენებ?

– კალათებისთვის და ჩანთებისთვის ძირითადად ე.წ. ტრიკოტაჟის ძაფს ვიყენებ.  რაც შეეხება დროს, ზოგ ნივთს, ბრენდირებისა და შეფუთვის ჩათვლით, 3 საათში ვასრულებ, ზოგს კი შეიძლება რამდენიმე დღეც მოვანდომო.

– საკუთარ ბრენდს „მმმხელნაკეთი“ (MMMHandmade) დაარქვი…

– ეს ჩემი სიყვარულის ისტორიასთან დაკავშირებული აბრევიატურაა, რომელსაც საჯაროდ არ ვყვები, მხოლოდ გამოფენებზე, ძალიან დაინტერესებულ მყიდველებს ვუზიარებ ხოლმე.

– მომხმარებელთან ურთიერთობის ნიუანსებზე მომიყევი.

– ვცდილობ, მომხმარებელს უკვე მზა პროდუქტი შევთავაზო, რადგან მათთვის სასურველი ფერის და თანაც ხარისხიანი ძაფის მოძიება დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუ განსხვავებული შეკვეთა მაინც მაქვს და ვხვდები, რომ მასზე მუშაობა ჩვეულებრივზე მეტ დროს წაიღებს, ვიდრე მომხმარებელს ნივთს არ ჩავაბარებ, თანხას წინასწარ არ ვიღებ. ამიტომაცაა, ალბათ, რომ უარყოფითი გამოხმაურებები არ მაქვს.

–  შენი პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე სხვადასხვა გამოფენაზე. მომხმარებელთან ურთიერთობის რომელ ფორმას ამჯობინებ?

– ბოლო დროს აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა დევნილ მეწარმეებს სხვადასხვა გამოფენაზე მონაწილეობის საშუალებას გვაძლევს, რაც დიდი ხელშეწყობა და სტიმულია დამწყები სტარტაპებისთვის. გამოფენებზე ჩემი პროდუქციის დახლის უკან ყოველთვის მე ვდგავარ, შესაბამისად, როცა მომხმარებელს უშუალოდ ესაუბრები, მის აზრს პირადად იგებ, საოცრად სასიამოვნოა. მახარებს ის ფაქტიც, რომ ჩემმა კალათებმა უკვე საზღვრებიც დატოვეს – ზაფხულში „სთოლის“ (STALL) გამოფენებზე კალათების უმრავლესობა უცხოელებმა შეიძინეს. მაგალითად, ერთმა ქალბატონმა, რომელიც ისრაელის მოქალაქე იყო, ჩემი 11 კალათა შეიძინა. მითხრა, ახლობლებისთვის საჩუქრად მინდა, მაგრამ ისეთი ფერადები და ლამაზებია, ვეჭვობ, ვერ შეველევი და ყველას ჩემს სახლში განვათავსებო.

– როგორ აპირებ შენი სტარტაპის განვითარებას?

– სამომავლოდ რამდენიმე საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას, გაფართოებასა და სხვა პროდუქტების დამატებასაც ვფიქრობ. ამ ეტაპზე მეგობრები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები მეხმარებიან. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელსაც ჩემი ბრენდის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს – ფოტოს გადაღება იქნება ეს, თუ ჩემ შესახებ ინფორმაციის გავრცელება. პირადად მე, როცა საჩუქარს ვარჩევ, ვცდილობ, უპირატესობა ქართულ ნაწარმს მივანიჭო. ჩვენს მოქალაქეებსაც ამას ვთხოვდი, კეთილგანწყობა განსაკუთრებით სტარტაპერებისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

– კონკურენციას როგორ უმკლავდები?

– კონკურენციის არ მეშინია. იმიტომ არა, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ვარ, უბრალოდ, არასდროს ვივიწყებ, რომ ჩემზე კრეატიულები ყოველთვის იქნებიან. მირჩევნია, ვისწავლო მათგან და მუდმივად სიახლე ვეძებო.  ამ დროისთვის 700-მდე კალათა მაქვს შექმნილი, ზოგი ერთი და იგივე მასალით და ფერითაც კი, მაგრამ ყველა მათგანი მაინც განსხვავებული და ინდივიდუალურია.

– როგორ განსაზღვრავ ფასს საკუთარ პროდუქციაზე?

– ეს მტკივნეული თემაა. იქიდან გამომდინარე, რომ ნივთი ხელნაკეთია და მისი შექმნის შემდეგ შეიძლება გტკიოდეს თვალები, ხელები და ხერხემალი, ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მაღალ ფასს ვერ ვადებ. მინდა, ბევრ ბავშვს ჰქონდეს გალამაზებული სამეცადინო კუთხე, ბევრ გოგოს ჰქონდეს ჩემს პროდუქტზე წვდომა კარგი განწყობის შესაქმნელად, რაც ასე მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

– რა გაძლევს საქმის კეთების სტიმულს?

– თავად საქმე. მთელი პროცესი მიყვარს – საჭირო მასალების მოძიებიდან დაწყებული, სასტამბო და ბრენდირების საკითხებით დამთავრებული. ძაფის გორგალის ხელში აღებიდან  პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემამდე, ბედნიერების განცდა არ მტოვებს.

– აფხაზეთით დავიწყეთ და აფხაზეთით დავამთავროთ. როგორ წარმოგიდგენია, როგორი დარო დაბრუნდება მშობლიურ მიწაზე?

– 30 წელზე მეტია, მზად ვარ ამ დღისთვის. ზუსტად ვხედავ კადრებს, როგორ ვალაგებთ ბარგს და მივდივართ… რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ასე მარტივი იქნება, მაგრამ ასე ნამდვილად რომ იქნება, ამაში ეჭვი წამითაც კი არ მეპარება… 7 წლის დარო სოხუმში ვეღარ დაბრუნდება, მაგრამ დაბრუნდება ბევრქარტეხილგამოვლილი, უფრო ძლიერი, შემდგარი დარო, რომელიც საყვარელ სანაპიროზე გასეირნებისას წარმოსახვაში თავის პატარა ორეულს ეტყვის, რომ… იმედი არასდროს დაუკარგავს…

ფოტოების ავტორი: მარეხ არაბიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g