სამეგრელოში მევენახეობას უხსოვარი დროიდან საპატიო ადგილი ჰქონდა მინიჭებული. ადგილობრივი მეღვინეობის ფაქტები არაერთ მკვლევარს და მოგზაურს აქვს აღწერილი. შარდენის, ლამბერტის, კონტარინის და სხვათა ჩანაწერებში, სადაც სამეგრელოა ნახსნეები, იქ თავს მეგრული ღვინოც იჩენს. რაც შეეხება უფრო ძველ არტეფაქტებს, სამეგრელოს სხვადასხვა სოფელში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი მასალები პირდაპირ უკავშირდება ღვინის წარმოებას, იქნება ეს ყურძნის საქაჩი, თუ ქვის სხვა ნაწილები, რომელთა სახელები დღეს აღარ არის შემორჩენილი და რომელთა ისტორიულ მნიშვნელობაზე აგრონომი ერმილე ნაკაშიძე თავის ნამუშევრებში წერს.
რაც შეეხება უშუალოდ მევენახეობის კულტურის განვითარებას, ვაზის ჯიშების გამოყვანას და სხვადასხვა სახეობის ღვინის ჩამოსხმას, ამ საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ნეაპოლის მეფის შთამომავალს, პრინც მიურატს, რომელმაც XIX საუკუნეში სოფელ ჭკადუაშსა და სალხინოში ვენახები გააშენა. მან ძირითადად ოჯალეშის ჯიშის ვაზი მოაშენა, აშილ მიურატის მიერ ჩამოსხმულ ღვინოს „ოჯალეშს“ კი იმ პერიოდშივე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე არაერთი მედალი და სიგელი მოუპოვებია.
სალხინოს ოჯალეში წითელი მშრალი ღვინოა, მუქი ბროწეულისფერი შეფერილობით. მისი არომატი და გემო სავსე, დახვეწილი, ხალისიანი, ექსტრაქტული და ჰარმონიულია. დავარგების შემდეგ მკვეთრად გამოხატული ხილის ტონებიც უვითარდება.
სალხინოს ოჯალეშის შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს, ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა კი არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები. ეს ღვინო მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან. მოსავალი 1 ჰექტარ ვენახზე 8 ტონას არ უნდა აღემატებოდეს.
სალხინოს ოჯალეშის განსაკუთრებულობას კლიმატი განაპირობებს. მიკროზონა პირდაპირ კავშირშია ამ ღვინის უნიკალურობასთან. ეს მიკროზონა მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს სოფლებს: ბალდა, გაჭედილი, ნობულევი, დიდი ჭყონი და ტალერი.
ამ ტერიტორიაზე ორი ზონა იკვეთება – ერთი მხრივ, ესაა დასავლეთიდან მომდინარე შავი ზღვის სიახლოვე და ჩრდილოეთის მხრიდან შემხვედრი სამეგრელოს და კოდორის ქედების მდებარეობა, ამას ემატება კოლხეთის დაბლობის სიმაღლე (ზღვის დონიდან 200-250 მეტრი) და ზღვის ნოტიო სუბტროპიკული თბილი კლიმატი, რომელიც რბილ ზამთარს და ცხელ ზაფხულს განაპირობებს. სწორედ ეს რბილად გარდამავალი სეზონი და ნალექების ზომიერი რაოდენობა განსაზღვრავს მიკროზონის უნიკალურობას, რომელიც სალხინოს ოჯალეშის განუმეორებელ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს განსაზღვრავს.
მნიშვნელოვანია, რომ ღვინო „სალხინოს ოჯალეი“ მხოლოდ ამ მიკროზონაში მოწეული ოჯალეშის ჯიშის ყურძნიდან შეიძლება დამზადდეს და მასში დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. გარდა ამისა, ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ სალხინოს მიკროზონის ფარგლებში.
ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „სალხინოს ოჯალეში“ საქპატენტში 2020 წლის 30 მარტს დარეგისტრირდა.