LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვიში – ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ღვინო

156
ტვიშიი

სოფელ ტვიშის მოსახლეობა ასე ამბობს: ჩვენ ორი დილა და ორი საღამო გვაქვსო… ეს მხატვრული აღწერა ამ სოფლის მართლაც გამორჩეულ ადგილმდებარეობას უკავშირდება.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ტვიში მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში, ხვამლის მთითა და კლდეებით გარშემორტყმულ ადგილასაა გაშლილი, ამიტომ მას ტვიშის ქვაბულსაც ეძახიან. ამ ქვაბულის კლდის ზედაპირი კი მართლაც სარკის ეფექტს ქმნის, მზის სხივებს ირეკლავს და ხანგრძლივობითაც ისე გამოდის, რომ სოფელში მზის ამოსვლისა და ჩასვლის პროცესი ორმაგად უფრო დიდ ხანს გრძელდება.

ტვიშის მიკროზონა მდებარეობს ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, რაჭის ქედის უკიდურესი დასავლეთ დაბოლოებასა და ხვამლის მასივის აღმოსავლეთ დაქანებებზე და მოიცავს სოფელ ტვიშსა და ალპანას. მიკროზონისთვის დამახასიათებელი ნოტიო კლიმატი, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით, ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები და მცხუნვარე მზე განაპირობებს ზღვის დონიდან 400-600 მეტრის სიმაღლეზე გაშენებული ცოლიკოურის ჯიშის ვაზის უნიკალურ ნიშან-თვისებებს.

ღვინო „ტვიში“ იწარმოება მხოლოდ ამ მიკროზონაში მოწეული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან, თუმცა ყურძნის გადამუშავება, ღვინის დამზადება და ბოთლებში ჩამოსხმა დასაშვებია ტვიშის მიკროზონის ფარგლებს გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ყურძნის და ღვინის გატანა ტვიშის მიკროზონიდან დასაშვებია მხოლოდ მკაცრი აღრიცხვისა და კონტროლის პირობებში.

ტვიში მზადდება თვითნადენი ტკბილის არასრული ალკოჰოლური დუღილის გზით, მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან, რომლის შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 22%, მისი ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 10.5%-ზე ნაკლები. შაქრიანობა კი უნდა იყოს 18-დან 45 /-მდე.

მაღალხარისხოვანი მეღვინეობისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე შექმნილი მიკროკლიმატი, ნიადაგების სიჭრელე, ცოლიკოურის აქ გამოვლენილი ჯიშური არომატი და დამზადების წესი განსაზღვრავს ტვიშის განსაკუთრებულ თვისებებს.

ტვიშის ღვინის ქარხანა 1952 წელს აშენდა და მას შემდეგ ამ მხარეში უწყვეტად იწარმოება „ტვიში“ – კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო ღია ჩალისფრიდან ჩალისფრამდე შეფერილობის, უზადო, ნაზი, ჰარმონიული, ხილის ტონებით გაჯერებული, სასიამოვნო სიტკბოთი, ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშის არომატითა და გამორჩეული გემოთი. „ტვიში“ შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ხარისხის ღვინოდ. სწორედ ამ სტატუსით არის ცნობილი  ის საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.  

ადგილწარმოშობის დასახელება „ტვიში“ საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები