ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და ავტორიტეტული ამერიკული ღვინის ჟურნალის „Wine Spectator“ მარტის ბეჭდურ ნომერში ქართულ ღვინოზე სამი სტატია გამოქვეყნდება.
საქართველო ჟურნალის ყდაზეა წარმოდგენილი და ეთმობა ერთი სრული სარეკლამო გვერდი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდისთვის. ჟურნალის ონლაინ ვერსია უკვე ხელმისაწვდომია.
პირველი სტატია სათაურით „საქართველო ყურადღების ცენტრში“ ქართული ღვინის მიმოხილვას ეძღვნება.
„ქართული ღვინოები ახალ ეტაპს გადიან. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, ღვინის სამშობლო 8000 წლიანი ღვინის კულტურით, ტურიზმის მნიშვნელოვანი ზრდით სარგებლობს, ხოლო მისი ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ფართო ასორტიმენტი, გამორჩეული მეღვინეობის სტილი და გულიანი სამზარეულო ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის თავგადასავლების მოყვარულთათვის“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი, ჟურნალის უფროსი რედაქტორი ჯეიმს მოლსვორთი ასევე საუბარობს Apple TV-ზე, EMMY-ის მფლობელი მრავალენოვანი სერიალის „DROPS OF GOD“ მეორე სეზონზე, სადაც ქართული ღვინო ყურადღების ცენტრშია.
მეორე სტატია სათაურით „სუფრა“ ქართულ გასტრონომიას ეძღვნება. სტატიის ავტორია ჯულია ლარსონი და მასში ყურადღება გამახვილებულია ქართულ სამზარეულოსა და კერძებზე, ასევე, სუფრის კულტურის მნიშვნელობაზე.
მესამე სტატიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოების მიერ მიღებული ქულები. ჯეიმს მოლსვორთმა დეგუსტაციისთვის 56 ქართული ღვინო შეარჩია, საიდანაც უმაღლესი შეფასება – 93 ქულა „ანდრის ღვინოს“ ღვინომ „ხიხვი კახეთი 2023“ მიიღო. 23 მწარმოებლის 56 ღვინიდან 18-მა „Wine Spectator“-ის 100 ქულიანი შეფასების სისტემიდან 90 ან 90-ზე მეტი ქულა მიიღო, რაც შესანიშნავი შედეგია.
„Wine Spectator“ 1976 წლიდან გამოდის და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პოპულარულ გამოცემად მიიჩნევა ღვინის ენთუზიასტებსა და პროფესიონალებს შორის. მისი ბეჭდური ტირაჟი 400 ათასს აღწევს, ხოლო ონლაინ გამოცემებისა და სხვადასხვა პლატფორმის ჩათვლით, მკითხველთა რაოდენობა 3 მილიონამდეა. აღნიშნულ ჟურნალში ქართული ღვინის შესახებ სტატია, ბოლო 14 წლის განმავლობაში, პირველად დაიბეჭდა.
