LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენახების გაშენების თანხმობის აღება მხოლოდ იმ პირებს მოუწევთ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას გეგმავენ

268
ზურაბ ვაჭარაძე

„ღვინის ხარისხის რეფორმა მიმართულია საქართველოს ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის კომპანიებისა და მცირე მარნების განვითარებას. რეფორმის მიზანია ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოება ხარისხიანი ყურძნიდან. ამის მისაღწევად კი, საქართველოს უნდა ჰქონდეს ხარისხიანი ვენახი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ვაჭარაძემ.

„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.

ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც კომერციულ/სამეწარმეო საქმიანობას გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. ვენახის გაშენებაზე თანხმობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ გაიცემა.

სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი განსაზღვრავს სამეწარმეო ვენახის გაშენებასა და აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და პირობებს.

სამეწარმეო ვენახის გაშენება მოიცავს დაგეგმვას, ჯიშებისა და საძირეების შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, ნერგების დარგვას და ვენახის მოვლისა და განვითარებისთვის საჭირო სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ვენახის შესაბამის პროდუქტიულობას.

„ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით, ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. აღნიშნული მძაფრი კონკურენციისა და ჭარბწარმოების ფონზე, აქცენტი უნდა გაკეთდეს ნედლეულისა და საბოლოო პროდუქტის ხარისხზე“, – აღნიშნა ზურაბ ვაჭარაძემ.

ბოლოს წლების სტატისტიკით, ყოველწლიურად, 500 ჰექტრამდე ფართობი ახალი ვენახი შენდება. ამ მონაცემზე დაყრდნობით, ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება შეეხება დაახლოებით 100-მდე პირს.

ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა.

magti 5g